შინმოუსვლელი ძმები – ხალილ და ალი ლომაძეები
მანანა ძიძიშვილი: 598 24 94 97 –
მეორე მსოფლიო ომმა მილიონობით ადამიანი შეიწირა, უამრავი დასახიჩრდა, ბევრი დაბრუნდა, მაგრამ ათასობით ადამიანს შინმოუსვლელი ეწოდა.
მარადიდელი ძმები – ხალილ და ალი ლომაძეები შინმოუსვლელთა სიაში ჩაეწერნენ. ვაჟკაცი მებრძოლებისთვის ათეული წლის წინ დრო-ჟამის დინება შეწყდა. ხალილისა და ალის სახელები სამუდამოდ შემორჩა სოფელს.
ხალილი სრულიად ახალგაზრდა წავიდა ფრონტზე, მანამდე სამხედრო ხელოვნებას ეუფლებოდა. 1944 წელს ფრუნზეს სამხედრო აკადემია წარჩინებით დაასრულა (ეს მაშინ საკმაოდ ცნობილი აკადემია იყო ). საქმეშიც ძალიან გამოჩინა თავი. 1945 წლის თებერვალში, ბრძოლაში კაპიტნის წოდებით ჩაერთო. მერე მაიორი გახდა, პოდპოლკოვნიკის წოდებაც მალევე მიანიჭეს. ერთ-ერთ პოლკს უნდა ჩასდგომოდა სათავეში, მაგრამ არ დასცალდა – საბრძოლო დავალების შესრულების დროს დაიღუპა. ვენაში განისვენებს.
ალი ძმაზე ოთხი წლით უმცროსი იყო, მან ბათუმის პედაგოგიური სასწავლებელი დაამთავრა. როგორც კი ომი დაიწყო, სამხედრო კომისარიატში საკუთარი ნებით გამოცხადდა, მოხალისედ ომში წასვლა ითხოვა. ექვსთვიანი კურსების გავლის შემდეგ, ფრონტზე წავიდა. ხელმძღვანელობდა ასეულს, წინა ხაზზეც იბრძოდა. ერთ-ერთი ბრძოლის დროს, სწორედ წინა ხაზზე, მტრის ტყვიამ იმსხვერპლა. მისი საფლავი დღესაც უცნობია.
მარტო ამ სოფლიდან 33 ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა ომმა. მათ გულისტკივილით იგონებს თითოეული მარადიდელი, სოფელი ამაყობს გმირებით, რომლებმაც თავი მათი უკეთესი მომავლისთვის გასწირეს.