ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი მე-11 პაციენტი ქობულეთის კლასტერიდანაა
მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93 –
საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებული პირი ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობდა. იგი 81 წლის მამაკაცია, რომელიც ქობულეთის კლასტერს მიეკუთვნება. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დამძიმდა და რამდენიმე დღე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. იგი საქართველოში ახალი კორონავირუსით მე- 11 გრდაცვლილია.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აჭარაში ათ დღეზე მეტია კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ასევე, დღეს კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაეწერა. „მედალფაში“ ამჟამად 13 პაციენტი მკურნალობს. აჭარაში 24 საათში, სამასამდე ტესტი ჩატარდა და ყველას პასუხი კოვიდ-19-ზე უარყოფითი იყო.
– კლინიკა „მედალფაში“ ახალი კორონავირუსით 81 წლის კაცი გარდაიცვალა. ის რამდენიმე დღე მართვით სუნქთავაზე იმყოფებოდა. გარდაცვლილ პაციენტს გულ-სისხლძარღვთა თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა. მამაკაცს ინფიცირებამდე ინსულტი ჰქონდა გადატანილი. 81 წლის კაცის მეუღლეც kovid-19-ით იყო დაავადებული და 18 აპრილს ისიც კლინიკა „მედალფაში“ გარდაიცვალა. 73 წლის ქალი კლინიკაში 10 აპრილს მოათავსეს, 13 აპრილს კი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს. ქალს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა, მათ შორის: შაქრიანი დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა დაავადება. ცოლ-ქმარი ქობულეთის კლასტერს მიეკუთვნებოდნენ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დაგვემატა ერთი გამოჯანმრთელებული, რომელიც კლინიკიდან უკვე გაეწერა. სულ აჭარაში ახალი კორონავირუსი 43-მა პირმა დაამარცხა. ისინი რეაბილიტაციის პერიოდს კარანტინში გადიან. ახლო მომავალში კიდევ ხუთი ადამიანის გამოჯანმრთელებას ველოდებით, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ.
მისივე ინფორმაციით, იმის გამო, რომ დღეიდან გარკვეული ტიპის შეზღუდვები იხსნება, ყველაზე რთული პერიოდი იწყება. აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა, ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირება.
– ამ ეტაპზე კარგი მდგომარეობა გვაქვს, კონტროლს დაქვემდებარებული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა სირთულე გადავლახეთ. ჩვენი პროგნოზით, ყველაზე რთული და საპასუხიმგებლო პერიოდი იწყება ახლა, რადგან მკაცრი შეზღუდვების ფონზე მივიღეთ კარგი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. ეს რომ შენარჩუნდეს, აუცილებელია დავიცვათ რეკომენდაციები. შემზღუდავი მექანიზმის მოხსნის პერიოდში აუცილებელია ნიღბების ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა. მასობრივ თავშეყრას უნდა მოვერიდოთ. სამი და მეტი პირი არ უნდა ვიყოთ ახლო კონტაქტში. მოქალაქეებმა რესპირაციული ჩვენებების დროს უნდა მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას. პირები, რომლებსაც აქვთ ცხელება, პნევმონია ან სხვა რესპირაციული ჩივილები, სავალდებულო ტესტირებას ექვემდებარებიან და ეს არეალი კიდევ გაფართოვდება, გაიტესტებიან ფარმაცევტები, სტომატოლოგები და მაღაზიების წარმომადგენლები, –განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
აჭარის რეგიონში სულ 7 200 მეტი ტესტირება ჩატარდა. ასევე, ბათუმში მიზნობრივი კვლევების ფარგლებში მოხუცებულთა თავშესაფრის 100-მდე ბინადარს და პერსონალს ჩაუტარდა ტესტი, არც ერთ მათგანს ახალი კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, გამოკვლეული იქნება ფსიქიკური პრობლემების მქონე მოხუცთა თავშესაფარიც.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 638 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 317 პაციენტი. გარდაცვლილია 11 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმში 4769 მოქალაქე იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 414.