დღეს ბათუმის აგრარული ბაზრის შიდა, დახურული სივრცე გაიხსნა
ხატია იაშვილი 591 98 24 26 –
დღეს ბათუმის აგრარულ ბაზარში ბოსტნეულის და ფრინველის ხორცის სექციები გაიხსნა, მაღაზიების ნაწილი კი ისევ დაკეტილია. ობიექტზე არსებულ მდგომარეობას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე ადგილზე გაეცნო.
ბაზარში შესვლამდე მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ. ადმინისტრაციის წარმომადგენლების განმარტებით, აუცილებელია შენობაში შესულ პირებს ეკეთოთ პირბადე და ხელთათმანი. ამასთან, ვაჭრობა დაავადებათა კორტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად უნდა წარიმართოს. „აგრარული ბაზრის შიდა, დახურული სივრცე გაიხსნა. მნიშვნელოვანია, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია არის დაცული, რაც უნდა გაგრძელდეს. თუკი იქნება დარღვევა და რეკომენდაციები არ იქნება გათვალისწინებული, რა თქმა უნდა, დაიხურება. ბაზარი მუდმივი ზედამხედველობის და მონიტორინგის რეჟიმში იმუშავებს, – განაცხადა ტიტე აროშიძემ და დასძინა, – ახლა გახსნილია მხოლოდ სასურსათო ობიექტები, ის ნაწილი, რომელიც არ არის ტანსაცმლის. მომდევნო ეტაპზე გაიხსნება ყველა ის მაღაზია, რომლის ფუნქციონირებაც მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის და აქამდე იყო დაკეტილი.“
მინისტრის თქმით, ბათუმის აგრარულ ბაზარში ობიექტის დახურვიდან დღემდე სხვადასხვა ღონისძიება განხორციელდა, ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, დახლები განთავსდა შესაბამისი დისტანციის დაცვით, მოწესრიგდა ეზო და ავტომანქანების სადგომი.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოში არსებული 90-მდე აგრარული ბაზრიდან ექსპლუატაციაში მხოლოდ 47 შედის. დანარჩენები ფუნქციონირებას შესაბამისი სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში გააგრძელებენ. თუ არ იქნება დაცული ყველა რეკომენდაცია, შესაძლებელია ბაზრები ისევ დაიხუროს.
ბაზრის ტერიტორიაზე შესულ მანქანებს დეზინფექცია ჩაუტარდება. რეკომენდაციების შესრულებას ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია და სურსათის ეროვნული სააგენტოს ადგილობრივი სამმართველო გააკონტროლებენ.
ბათუმის აგრარული ბაზარი 4 აპრილს დაიხურა.