ემიგრანტები ფრენების აღდგენას ელოდებიან
ხატია იაშვილი: 591 98 24 26 –
კარანტინის დროს იზოლაციის პირობები მთელ მსოფლიოში თითქმის ერთნაირია, თუმცა სულ სხვაგვარი განცდაა, როცა ამ პერიოდში უცხო მიწაზე, ოჯახისგან, ახლობლებისგან შორს იმყოფები. ჩვენ იტალიასა და დიდ ბრიტანეთში ვესაუბრეთ ქართველ ემიგრანტებს. მზია ხალვაში და გიორგი ტალახაძე თვეებია სახლებიდან ვერ გამოდიან და გარე სამყაროს სოციალური ქსელის მეშვეობით ეკონტაქტებიან.
– იტალიის ქალაქ ლეჩესში, სოფელ ველიესში ვარ. ერთ-ერთ ოჯახში მომვლელად ვმუშაობ. სოციალური ქსელით ვეკონტაქტები ქართველებს, ჩემს სამეგობროს, რაც აქ ყოფნის სიმძიმეს ცოტათი მიადვილებს. თვეებია, გარეთ არ გავსულვარ. ვისაც ვიცნობ აქ, ჩვენს თანამემამულეებს, ყველა კარგადაა. ძალიან მინდა ჩამოსვლა, ველოდები სპეცრეისს, მაგრამ ჯერ პასუხს არ მაძლევენ, როდის იქნება ფრენა. საელჩოში თითქმის ყოველდღე ვრეკავ. როგორც იცით, ორი დღეა, მსოფლიოში კორონავირუსით ერთ-ერთ ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყანაში, იტალიაში რვაკვირიანი მკაცრი კარანტინის შემდეგ, დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო. ამ ეტაპზე დაშვებულია პარკებსა და სკვერებში სეირნობა. ნებადართულია ახლო ნათესავების და ახლობლების მონახულება. ქალაქებში გაიხსნა სასაფლაოები, ეკლესიები, თუმცა შენობაში კვლავ ნებადართულია მხოლოდ 15 ადამიანის ყოფნა, რომლებმაც უნდა დაიცვან დისტანცია და ნიღბები გამოიყენონ. ჯგუფური ვარჯიშები ისევ აკრძალულია. მაღაზიები დახურული რჩება, როგორც რესტორნები, ბარები, სავაჭრო ცენტრები, სპორტული დარბაზები, საცურაო აუზები და სილამაზის სალონები. იმედს ვიტოვებ, ფრენები მალე აღდგება, – გვიყვება მზია ხალვაში.
საქართველოში, დიდი ბრიტანეთიდან ჩამოსვლას ვერ ახერხებს გიორგი ტალახაძე. მისი თქმით, სპეცავიარეისები კი ინიშნება, მაგრამ ბილეთი ძვირი ღირს და წამოსვლას ვერ ახერხებს.
– ლონდონში ვარ, აქ სიტუაცია ძალიან რთულია. ვერ ვმუშაობთ, კარანტინია, ყველაფერი ჩაკეტილია. ძალიან დიდი გაჭირვებაა. საკონსულო ერთჯერადად 30 ფუნტით დაგვეხმარა. სულ ეს იყო, რაც გააკეთეს. ინფიცირებული ძალიან ბევრია და ხალხიც პანიკაშია. ბევრია დაღუპულიც, ზუსტ ინფორმაციას არ ასაჯაროებენ. დიდი ბრიტანეთი ძალიან ცუდ სიტუაციაშია. ბორის ჯონსონმა განაცხადა: „შეეგუეთ იმას, რომ დაგეღუპებათ ახლობლები“. აქ გვიან დაკეტეს საზღვრები და შესაბამისად, კოვიდ – 19-ით ბევრი დაავადდა. 13 მაისს მოიხსნება სხვადასხვა შეზღუდვა. პრემიერ-მინისტრმა სპეციალური მიმართვისას აღნიშნა, რომ ეს არ ნიშნავს კარანტინის დასრულებას. ზუსტად არ ვიცით, როდის შეგვეძლება ნორმალური ცხოვრების რიტმში დაბრუნება. ბორის ჯონსონის განცხადებით, 13 მაისიდან მოქალაქეები გარეთ სავარჯიშოდ შეუზღუდავი დროით შეძლებენ გასვლას, თუმცა აუცილებელი იქნება სოციალური დისტანციის დაცვა. ის ასევე იმედოვნებს, რომ პირველი ივნისიდან აღდგება სასწავლო პროცესი სკოლებში. თავდაპირველად სწავლას განაახლებენ დაწყებითი კლასების მოსწავლეები. ეს განცხადება ცოტა იმედს გვაძლევს. ალბათ მალე შევძლებ ოჯახში შვილებთან დაბრუნებას, – გვითხრა გიორგი ტალახაძემ.