თუ საქართველოში ახალი კორონავირუსისგან სუფთა ზონები გამოცხადდა, მათ შორის ბათუმიც იქნება
ნინო ცხვარაძე: 591 98 24 30 –
– ვაპირებთ, ცალკეული ტურისტული ზონები კორონავირუსისგან სუფთა ზონებად გამოვაცხადოთ. ეს შეიძლება იყოს საირმე, წყალტუბო, გუდაური. აჭარა ამისთვის ძალიან დიდია, მაგრამ შეიძლება ვიფიქროთ ცალკე აღებულ ბათუმზე და აქ დავაწესოთ გარკვეული წესები, რათა ცალკეული ლოკაციები კორონავირუსისგან სუფთა ზონებად გამოვაცხადოთ, – თქვა სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.
–ქვეყანაში ეკონომიკის გახსნის პროცესი დაიწყება ტურიზმიდან. შემდეგი იქნება სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ინდუსტრია, განათლება და მედიცინა. ეს თანმიმდევრობა არ ნიშნავს, რომ პირველი დარგი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მეორე. ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ პირველი დარგი უფრო მეტად დაზარალდა, თორემ ზოგიერთს ეწყინა. მაგალითად, რატომ იწყებთ ტურიზმით, და არა სოფლის მეურნეობით ან ინდუსტრიითო. ეკონომიკაში ტურიზმის წვლილი და კრიზისისგან მიყენებული ზიანი ყველაზე დიდია. ესაა რანჟირების ძირითადი მიზეზი, – განაცხადა გახარიამ. მან ისიც დაუმატა, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც უსაფრთხო ტურიზმს მისცემს გზას..
პრემიერმა დღეს, ასევე, განმარტა, რომ საკარანტინო ზონებად გადაკეთებამ სასტუმროებს კონკურენტული უპირატესობა მიანიჭა. მისი თქმით, ბევრმა სასტუმრომ ისწავლა, როგორ უნდა მართოს ვირუსის გავრცელების რისკი, რაც უსაფრთხო ტურიზმის გახსნის შესაძლებლობას იძლევა.
პრემიერმა აჭარაში ტურინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ კორონავირუსმა საქართველოს მისცა შანსი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. მან ისიც დააზუსტა, რომ ამიერიდან აუცილებელია დისტანციურ შრომას მივეჩვიოთ, რათა ეკონომიკა კიდევ უფრო არ დაზარალდეს, რაც ჩვენს ცხოვრებაზე , რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება.

