გიორგი გახარია: არსებული კრიზისიდან ქვეყნის ეკონომიკა უფრო გაძლიერებული უნდა გამოვიდეს
ნანა აბულაძე: 577 20 35 90 –
– ეკონომიკისთვის კრიზისი უნდა გახდეს შესაძლებლობა, ტურიზმის გახსნის ეფექტურმა სტრატეგიამ კი საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირებას უნდა დაუმატოს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანი – უსაფრთხო ქვეყანა, – აღნიშნული განცხადება ბათუმში მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა, სადაც ის აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ტურისტული კომპანიებისა და სასასტუმროების წარმომადგენლებს შეხვდა. გიორგი გახარიას ინფორმაციით, ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად უახლოეს მომავალში შეიმუშავებს წესებს, თუ როგორ შეიძლება ტურიზმის უსაფრთხოდ გახსნა. პრემიერის თქმით, ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ ქვეყანაში არ გაჩერდეს ყოველდღიური ეკონომიკური ცხოვრება:
– სამწუხაროდ, დღეს ყველა მიმართულებით პრობლემები გვაქვს, ამიტომ ტურიზმი არის ის მიმართულება, რომელიც ნელ-ნელა უნდა ავამუშაოთ და აქ უნდა ვიყოთ ერთ-ერთი პირველები. ჩვენ ზემოთ აღნიშნულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად სულ მალე შევიმუშავებთ კონკრეტულ წესებს, როგორ შეიძლება გაიხსნას ტურიზმი. რამდენიმე კრიტიკული წერტილია – საზღვარი და კონტროლი საზღვარზე, ტრანსპორტი და შემდეგ სასტუმრო. ეს ყველა მინიმალურად აუცილებელი ეტაპია, სადაც „კოვიდის“ საწინააღმდეგო ზომები და წესები, უსაფრთხოებისთვის, უნდა იყოს დაცული, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა
მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია, ადამიანებმა ისწავლონ ვირუსთან ადაპტაცია, რადგან არ უნდა გაჩერდეს ეკონომიკა, რაც ქვეყანას განვითარების საშუალებას მისცემს:
– ყველამ უნდა ვისწავლოთ უსაფრთხოების ელემენტარული წესების დაცვა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ქვეყანა ვითარდებოდეს, პირველ რიგში, ეკონომიკურად, შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, მივიღოთ სტუმრები, განვავითაროთ ტურიზმი ახალ პირობებში, მაგრამ, ეს არის ის, რისი ვალდებულებიც ვართ, გავაკეთოთ ქვეყნის და მოქალაქეებისთვის. რა თქმა უნდა, არ იქნება მარტივი, შევეგუოთ სოციალურ დისტანცირებას, პირბადეს, შევეგუოთ დისტანციურ შრომას, მაგრამ მოგვიწევს. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რა პირობებშიც შეგვიძლია, საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც დაიწყებს ტურიზმის ეტაპობრივ და ძალიან ფრთხილ გახსნას. ამისთვის ჩვენ უკვე ვსაუბრობთ როგორც ჩვენს მეზობლებთან, ასევე, ორმხრივ ფორმატში, ევროპელ და არა მხოლოდ ევროპელ პარტნიორებთან, რომ შევქმნათ უსაფრთხო კორიდორები. ჩვენ ასე თუ ისე, შედარებით, ვირუსს ნორმალურად ვუმკლავდებით, მაგრამ ეს პროცესია, ვერავინ იტყვის, რომ გავუმკლავდით ან გავიმარჯვეთ, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, დღეს საქართველოს აქვს ყველა მოცემულობა იმისათვის, რომ აღნიშნული კრიზისი გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა, პირველ რიგში, ეკონომიკაში. პრემიერმა ასევე გაუსვა ხაზი საქართველოს, როგორც უსაფრთხო ტურისტული ლოკაციის, პოზიციონირების გაძლიერების აუცილებლობას:
– ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც დღეს უნდა შევთანხმდეთ, არის ის, რომ ამ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ეკონომიკის დარგების – სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის, მშენებლობის, მაგრამ პირველ რიგში, ტურიზმის ეფექტური გახსნა უნდა გახდეს წინაპირობა, რომ საქართველო, როგორც ტურისტული ბრენდი მსოფლიო ბაზარზე პოზიციონირებდეს არა მხოლოდ როგორც ზღვის, მთის, ღვინის, მდიდარი ისტორიის, კულტურის, სამზარეულოს მქონე სახელმწიფო, არამედ – უსაფრთხო ქვეყანა ვირუსის თვალსაზრისით. ეს კრიზისი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის უნდა იყოს შესაძლებლობა, ამ კრიზისიდან ქართული ეკონომიკა უნდა გამოვიდეს კიდევ უფრო გაძლიერებული, ხოლო საერთაშორისო ბაზარზე, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყანა, – განაცხადა გიორგი გახარიამ.