ლადო მგალობლიშვილი: სიმბოლურია, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილი აღმასკომის თავმჯდომარეა
ნინო ცხვარაძე: 591 98 24 30 –
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ 7 მაისს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშნა.
-გულითადად ვულოცავ მიხეილ სააკაშვილს ახალ საპასუხისმგებლო გამოწვევას, მჯერა, ის შეძლებს იმპულსის მიცემას რეფორმების ეროვნული საბჭოსთვის და დაეხმარება ქვეყნის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაში, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვლადიმერ ზელენსკის გადაწყვეტილებას საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინიდან ელჩის კონსულტაციებისთვის გამოხმობით უპასუხა.
-ელჩის გამოხმობის გადაწყვეტილება მხოლოდ იმისთვის მივიღეთ, რომ გავიაროთ კონსულტაციები, როგორ დავიცვათ ურთიერთობები ავანტიურისტებისგან, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
რატომ დანიშნა ვლადიმერ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილი თანამდებობაზე მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ძებნილია? უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის დეპუტატს ლადო მგალობლიშვილს ერთი ცნობილი გამონათქვამი ახსენდება – „მდინარის ერთსა და იმავე წყალში ორჯერ ვერ შეხვალ“.
– უკრაინის პრეზიდენტმა შეცდომა დაუშვა და ერთ მდინარეში მეორედ შეიყვანა მიხეილ სააკაშვილი. ვლადიმერ ზელენსკი ფიქრობს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი რეფორმატორია და გამოადგება ქვეყანას. გულწრფელად გეტყვით, არ მჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი რამე სასიკეთოს გააკეთებს უკრაინისთვის. მას მხოლოდ ძალაუფლება უყვარს, თუმცა, ორგანო, სადაც ის დანიშნეს – სათათბიროა და რეალურად არანაირი ძალაუფლება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს არ ექნება. რამდენიმე თვეში დებოშით დატოვებს ამ ორგანოს.
– ბატონო ლადო, რა იყო მიხეილ სააკაშვილის თუნდაც სათათბირო ორგანოს ხელმძღვანელად დანიშვნის მთავარი მოტივი?
– ერთ-ერთი მოტივი იყოს ის, რომ მან დაარწმუნა უკრაინის ხელისუფლება, თითქოს წარმატებული რეფორმატორია, აქვს განსაკუთრებული უნარ-ჩვევები და ქვეყანას დაეხმარება. ეს იყო მისი დანიშვნის ძირითადი მიზეზიც. ლობისტები იყვნენ თუ არა ჩართულები მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნაში, ინფორმაცია არ მაქვს და ვერაფერს ვიტყვი.
– იქნებ ოლიგარქებს ვერ უმკლავდება ვლადიმერ ზელენსკი და ამ კუთხით მიხეილ სააკაშვილი საუკეთესო კანდიდატურა იყო?
– რაც სააკაშვილმა თავის დროზე საქართველოში გააკეთა და რასაც რეფორმებს უწოდებდა, ეს იყო სატელევიზიო დაჭერები, რეკეტული, უკანონო, უსამართლო გზით ფულის ამოღება. მსგავსის გაკეთება უკრაინაში შეუძლებელია. ჯერ ერთი, საქართველოში მიხეილ სააკაშვილს მაშინ ძალაუფლება ჰქონდა და ყველაფრის უფლებას აძლევდა საკუთარ თავს, უკრაინაში კი სამართლებრივად რომ შევხედოთ, პრეზიდენტთან არსებულ მრჩეველთა საბჭოს, რეალურად, – არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი უფლება აქვს. ვფიქრობ, მისი მუშაობა წარუმატებელი იქნება და ჩვენს უკრაინელ მოძმე ხალხს დიდი იმედგაცრუება ელის.
– საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინიდან ელჩი გამოიხმო კონსულტაციებისთვის, რაც უარყოფითად შეაფასა ზელენსკიმ.
– უკრაინის პრეზიდენტის გადასაწყვეტია, რას როგორ შეაფასებს, მაგრამ რომელი ქვეყანაც უნდა იყოს, სასამართლოს მიერ საქართველოს სახელით მიღებულ გადაწყვეტილებას როცა არ სცემს პატივს, არ გაუწევს ანგარიშს, ჩვენი ქვეყნის უპატივცემულობაა. ელჩის გამოხმობა კონსულტაციებისთვის არის ერთ-ერთი მიღებული ფორმა, პროტოკოლური ღონისძიება და ამაში რაიმე პრობლემას ვერ ვხედავ. თავმოყვარე სახელმწიფოს, ბუნებრივია, რეაქცია უნდა ჰქონოდა.
– საქართველო და უკრაინა პარტნიორები, მეგობარი ქვეყნები არიან. როგორ აისახება მიღებული გადაწყვეტილება ორი ქვეყნის ურთიერთობაზე?
– ჩვენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების რუკაზე ერთდროულად მივდივართ. ამ ნაბიჯით, ვგულისხმობ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას და საქართველოს მიმართ არამეგობრულ ნაბიჯს, ვფიქრობ, ამ პროცესზე დადებითად არ იმოქმედეს. საქართველოს ფაქტზე შესაბამისი რეაქცია უნდა ჰქონოდა. ოპოზიციას მოსწონს თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს ჩვენი ქვეყნის სახელით გამოტანილი გადაწყვეტილებაა და, შესაბამისად, ყველა უნდა დაემორჩილოს.
– გამუდმებით გვესმის, რომ მიხეილ სააკაშვილი ძებნილი დამნაშავეა, თუმცა ის მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში უპრობლემოდ გადაადგილდება და არცერთმა ქვეყანამ ყოფილი პრეზიდენტი საქართველოს არ გადმოსცა.
– უკრაინის კონსტიტუცია თავისი ქვეყნის მოქალაქეს იცავს და სხვა ქვეყანას არ გადასცემს, მაგრამ მისი თანამდებობაზე დანიშვნა აშკარად საქართველოს შეურაცხყოფაა. მიხეილ სააკაშვილს მსოფლიოში უზარმაზარი ლობისტური კომპანიები ჰყავს დაქირავებული. ხელისუფლებაში ყოფნის დროს დიდი ფინანსური რესურსი ჩადო ამაში როგორც ოფიციალურად, ისე არაოფიციალურად. ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რატომაც მას იცავენ.
– თუკი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს დააკავებდნენ, ეს ჩვენი ქვეყნის იმიჯზე როგორ აისახებოდა?
– მაღალი თანამდებობის პირების დაკავების პრეცედენტები არსებობს მსოფლიოში, რაც სულაც არ არის ქვეყნის იმიჯის შემლახავი.
– უცხოური მედია როგორ გამოეხმაურა ვლადიმერ ზელენსკის გადაწყვეტილებას?
– საერთაშორისო პრესაში ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია. უკრაინულ პრესაში, რასაც გავეცანი, ძალიან ბევრი სტატია დაიწერა და უარყოფითად შეფასდა მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა, მმართველ გუნდშიც კი არ მიესალმნენ ფაქტს. ცნობილია, რომ რადაში არ ეყოთ ხმები მიხეილ სააკაშვილის ვიცეპრემიერად გასაყვანად და ამიტომ სათათბირო ორგანოში დანიშნეს. სიმბოლურია, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილი აღმასკომის თავმჯდომარეა. ერთსაც გეტყვით, მსოფლიოში ვერ ვიხსენებ პრეცედენტს, ყოფილი პრეზიდენტი სხვა ქვეყანაში წასულიყოს და ემუშაოს. პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ სამუდამოდ მიდიან პოლიტიკიდან. მიხეილ სააკაშვილი, როგორც ყოველთვის, უპრეცედენტოდ იქცევა.
– თქვენი აზრით, რატომ აქვს მას მუდმივად თანამდებობაზე ყოფნის სურვილი?
– ის არის ძალაუფლებისა და განდიდების მანიით შეპყრობილი ადამიანი და არანაირ დემოკრატიულ სტანდარტს არ ემორჩილება. დარწმუნებული ვარ, სხვა ქვეყანაშიც რომ დაუძახონ, სიამოვნებით წავა და იმუშავებს. საკუთარი ეგოისტური მიზნების გარდა, არაფერი ამოძრავებს.
– პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა მათი შიდა საქმეა და საქართველო არ უნდა ჩაერიოს.
– ვიმედოვნებ, პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი იქნება გარანტი, რომ უკრაინელი მაღალჩინოსანი მიხეილ სააკაშვილი არ ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში (ვიცით, რომ ყოფილ პრეზიდენტს აქ ჰყავს თავისი მხარდამჭერი პარტია), წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება უკრაინის ღია და პირდაპირი ჩარევა ქართული სახელმწიფოს საქმიანობაში.

