„სიცოცხლეში იმედი გავუმართლე, წუთისოფლიდან წასულს მუდამდღე ვეფერები“
ოთარ ცინარიძე: 599 85 21 14 –
ქედლები ხულოს მუნიციპალიტეტის მრავალკომლიანი სოფელია. იგი ფაფახივით ადგას თავს ხულოს რაიონულ ცენტრს. აქ, ვაკის უბანში 80 წელზე მეტია ცხოვრობს და საქმიანობს ენერგიული, ქვეყანაზე, ოჯახზე, მოკეთესა და მეგობარზე შეყვარებული რევაზ ალის ძე ბოლქვაძე. მისი შრომითი გზა, დაუოკებელი ენერგია მჭიდროდაა დაკავშირებული წინა საუკუნის 50-იანი წლებიდან ხულოში, ქედლებში განვითარებულ მოვლენებთან. ვფიქრობთ, მასთან საუბარი გაზეთის მკითხველისთვის ინტერესმოკლებული არ იქნება.
– ბოლქვაძეების გვარის ადგილის დედად ხულოში განახლებას მიიჩნევენ. რა ცნობები გაქვთ ამ სოფელთან თქვენს კავშირზე ?
– ორი ქალიშვილისა და ორი ვაჟის მამა ვარ. ქალიშვილები მარიამი და ნინო მათემატიკოსები არიან, თეიმურაზი ინჟინერ-ელექტრიკოსია, ნადიმი – ინჟინერ-მშენებელი და ეკონომიკა-სამართალმცოდნეობის სპეციალისტი. ეს წიგნი ( „ჩემი გვარის ისტორია – ბოლქვაძეები“) ჩემი მეხუთე შვილია. ოთხივე შვილს შესანიშნავი ოჯახი აქვს. ცხრა შვილიშვილის და თერთმეტი შვილთაშვილის მომსწრე ვარ. ისინი ცხოვრებას მილამაზებენ, სიცოცხლეს მიხანგრძლივებენ. შთამომავლებს წიგნი დავუტოვე, მაგრამ მასში ყველაფერს ვერ დავატევდი. ბოლქვაძეების გვარის შთამომავლები რიცხობრივად ქვეყანაში მეთორმეტე ადგილზეა, აჭარაში – მეორეზე, ხულოში – პირველზე. ბოლქვაძეები ერთი საერთო ადგილიდან ვართ წამოსულნი. 1872 წელს ჩემი წინაპარი ჯეშხუნ ბოლქვაძე განახლებაში ოჯახს გამოეყო და აქ ვაკედ წოდებულ უბანში საცხოვრისი მოიწყო. კარგად მახსოვს მისი ქალიშვილის რუხსეთის ნაამბობი, რომ ჯეშხუნ ბაბუა მშრომელი კაცი ყოფილა. ფართობები ეკალ-ბარდისა და ბუჩქებისგან გაუწმენდია, საყანედ და ხეხილის ბაღებად უქცევია. ამ გონიერმა კაცმა კუთვნილი მიწიდან 3000 კვადრატული მეტრი სასაფლაოებს დაუთმო. ახლა მისი შთამომავლები ვაკეში 14 ოჯახად ვართ, 10 ოჯახი სხვაგანაა გადასული. ჩემი ღირსეული წინაპრები ფიზიკურ მუშაობასთან ერთად ქვეყნის, რაიონის, სოფლის საქმეებშიც აქტიურნი იყვნენ. სოფლის უხუცესების მეხდიალ, ჯეფერ დეკანაძეების, დევრიშ, მურად, ქაზიმ ბოლქვაძეების, შაისმაილ აბულაძის, რიზა ჯორბენაძის ნაამბობიდან ვიცი, რომ აჭარის მთიანეთში ქართული სკოლების აღდგენის დროს ალი ბოლქვაძემ საკუთარი სახლი სკოლას დაუთმო, შემდეგ სკოლა მემედ ბოლქვაძის სახლში გადაიტანეს, მასწავლებლები კი 10 წლის განმავლობაში ყოველგვარი ხარჯებისა და საფასურის გარეშე ჩვენს ოჯახში ცხოვრობდნენ. მაშინდელი მასწავლებლების ნესტორ ბესელიას, ნინო გაჩეჩილაძის პირველი შვილი ჩვენს ოჯახში გაჩნდა. მომდევნო წლებში მოვიდნენ ნესტორის ძმა შალვა და ლანჩხუთელი გოგონა თინა კეკულაძე. მათ შთამომავლებთან ურთიერთობას ჩემი ოჯახი დღესაც აგრძელებს.
– ღირსეული წინაპრების შემდეგ მშობლებსა და საკუთარ საქმეებზეც გვითხარით რამე.
– ხე ნაყოფით შეიცნობა, ადამიანი – საქმით. გვარში, სოფელში ალალმართალი შრომით გამორჩეული ყოფილა მამაჩემი. მისი სახე ლანდივით მახსოვს. 6 წლის ვიყავი, როცა გარდაიცვალა. მეორე მსოფლიო ომის მრისხანე წლები, საკოლმეურნეო შრომა ყველასთვის ძალიან მძიმე იყო. ცხოვრების გზა, რომელიც მე გამოვიარე, ადამიანებთან ურთიერთობის დიდი ისტორიაა. ის სხვა მიმართულებისა იქნებოდა, რომ არა, პირველ რიგში, დედაჩემის, შემდეგ ბებიისა და ბოლოს მეუღლის თამარ ქამადაძის თანადგომა, დიდი ამტანობა და ოჯახისადმი ერთგულება. ბებიაჩემი აიშე აბულაძე ზემო ვაშლოვანელი იყო. მან მევლუდ ბოლქვაძესთან ერთად ოჯახი ადრეულ ასაკში შექმნა. სამი ქალიშვილი 6 წლის ასაკამდე გარდაეცვალათ. მამა 1946 წელს, 37 წლის ასაკში, მიაბარეს მიწას, ბაბუა უკვე გარდაცვლილი იყო. ოთხ ობოლს დედა და ბებია გვზრდიდნენ. 1954 წელს ისე ავად გავხდი, რომ საავადმყოფოში წამიყვანეს და ბებია უფალს ევედრებოდა, ღმერთო, ჩემი სული მიიბარე და შვილიშვილი გადამირჩინეო. მართლაც – მე საავადმყოფოდან დავბრუნდი, ბებია უკვე მიწას იყო მიბარებული. დედა – ეს სიტყვა ყველასთვის ძვირფასია, მაგრამ მე მას მოსიარულე ღმერთს ვუწოდებდი. ემინე კოჩალიძე-ბოლქვაძე, დედაჩემი, ახალგაზრდა დაქვრივდა, მაგრამ შვილები არ მიგვატოვა და სიცოცხლის ბოლომდე ჩვენი ერთგული იყო. სხვებსაც მაგალითს აძლევდა. მასავით ადრეულ ასაკში დაქვრივებულ მეზობლის ქალს ოჯახი შეანარჩუნებინა და მადლი მოიმკა. წარსულის გახსენებისას მეამაყება, რომ დედას სიცოცხლეში იმედი გავუმართლე, წუთისოფლიდან წასულს კი მუდამდღე ვეფერები.
– იმედის გამართლებაში რას გულისხმობთ?
– ბაბუა ოცნებობდა თურმე, რომ მის შთამომავლობაში ერთი მასწავლებელი მაინც ყოფილიყო. ამიტომ დედამ რვაკლასდამთავრებული, წარჩინებული მოსწავლე ხულოს პედაგოგიურ სასწავლებელში შემიყვანა. სასწავლებელიც წარჩინებით დავამთავრე და იმთავითვე ქედლების სკოლაში მასწავლებლობა დავიწყე. შემდეგ საქმე ისე აეწყო, რომ კოლმეურნეობაში მოლარე-მოანგარიშედ დავიწყე მუშაობა. ამ სამსახურში პროფესიული განათლება იყო საჭირო. 1962 წელს ბათუმის საბუღალტრო სკოლა, ხოლო 1970 წელს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკა-ორგანიზაციის ფაკულტეტი სწავლული აგრონომის სპეციალობით დავამთავრე. თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ათამდე საპასუხისმგებლო სამსახური შევიცვალე. ცხოვრებამ ბეწვის ხიდზეც მატარა და დალხინებაც არ მომაკლო. ჩემი საქმისთვის და პატიოსნებისთვის არ მიღალატია. უდიდესი გამოცდა იყო, 25 წლის ყმაწვილს ქედლების კოლმეურნეობის ხელმძღვანელობა რომ მანდეს. თანამდებობა რომ ჩავიბარე, იმ წლის ზამთარში მეცხოველეობის ფერმის პირუტყვის გამოსაზამთრებლად 20 ტონა უხეში საკვები შევიძინეთ, როცა დამაწინაურეს, უკვე პირიქით – 30 ტონა უხეში საკვები გავყიდეთ. პირად ინტერესებს საზოგადოებრივზე მაღლა არ ვაყენებდი. ბაბუა ერთ მასწავლებელზე ოცნებობდა. ჩემს შვილებს, შვილიშვილებს, რძლებს, სიძეებს ყველას უმაღლესი განათლება აქვს მიღებული და საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობას თავს ართმევენ.
– ქვეყნისთვის ძნელბედობის წლებში და მანამდეც ფრიად საპასუხისმგებლო თანამდებობა გეჭირათ, იყავით ხულოს საფინანსო სამსახურის უფროსი. რას მოიგონებდით იმ წლებიდან?
– მოსაგონარს და გასახსენებელს რა გამოლევს. ერთგული ვიყავი იმ შეგონებისა, რითაც ხულოს რაიონის ხელმძღვანელები გიორგი დავითაძე, მიხეილ ბერიძე, შოთა დავითაძე, თამაზ ტუნაძე მმოძღვრავდნენ. ყოველ სამსახურს მათი რეკომენდაციით ვიწყებდი. საოჯახო არქივში არაერთ სიგელს, ჯილდოს მივუჩინე საპატიო ადგილი, რომლებიც დავიმსახურე. სიფრთხილეს, წინდახედულობას არ ვღალატობდი. მახსოვს, დღის წესრიგში დადგა ღორჯომში კულტურის სახლისა და კანტორის მშენებლობა. საამისოდ ნახევარი მილიონი მანეთი იყო გამოყოფილი. სამშენებლო სამუშაოები „კოლმშენის“ მაშინდელ უფროს ლევან აბაშიძეს ანდეს. ეს სამშენებლო ორგანიზაცია დიდად არ ბრწყინავდა. რაისაბჭოს აღმასკომის სხდომაზე ეს საკითხი რომ გადიოდა, თანხის გამოყოფაზე თავი შევიკავე. ერთმა პასუხისმგებელმა პირმა მწარედ შემომიტია, მაგრამ უკან არ დავიხიე, ბოლოს შევუკურთხე მას, ვინც ეკონომისტის დიპლომი მისცა და სხდომა დავტოვე. რამდენიმე დღეში 9 აპრილის მოვლენები განვითარდა, მას 19 აპრილი მოჰყვა. ღორჯომის კულტურის სახლი და კანტორა აღარავის გახსენებია. საზოგადოებაში ვრცელდებოდა აზრი, რომ მშენებლობისთვის გამოყოფილი ნახევარი მილიონი ვიღაც-ვიღაცების ჯიბეებში დაილექა. გავიდა რამდენიმე წელი და აჭარის მაშინდელმა მეთაურმა ასლან აბაშიძემ პროკურატურას ამ საკითხის გამოძიება დაავალა. იმხანად ქალაქ ბათუმის მაშინდელ მერთან ასლან სმირბასთან ვმუშაობდი. მან დამიბარა და საკითხში გარკვევას შეეცადა. როცა გაიგო, თანხის გაცემაზე ხელი მოწერილი არ მქონდა, მხარზე ხელი დამკრა და გამომისტუმრა.
– 90-იან წლებში საფინანსო სამსახური საკუთარი განცხადებით რატომ დატოვეთ?
– უფროსი ქალიშვილი, მარიამი, ღურტელი იასონ გელაძის რძალია. იასონსა და მე იდეალური მოყვრობა გვაქვს. წიგნებიც ერთდროულად გამოვეცით. მარიამის მეუღლე ასლან გელაძე ხულოს რაიონის გამგებლად დაინიშნა. უხერხულად ჩავთვალე საზოგადოების წინაშე, რომ სიძე-სიმამრს ფინანსებთან საქმე გვქონოდა. თანამდებობა ჩემივე აღზრდილს გადავულოცე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატაში განყოფილების გამგედ მუშაობა დავიწყე. მაშინ ამ სამსახურში მოეწყო ჩემი შვილი ნადიმი, რომელიც ახლაც მთავარი აუდიტორის თანამდებობაზე მუშაობს. უფროსი ვაჟი თემური „ენერგო პრო-ჯორჯიას“ ხულოს სერვისცენტრის მენეჯერია.
– კონტროლის პალატა, საფინანსო სამსახური, დამზადებისა და დაზღვევის სისტემები, მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურება ისეთი ორგანიზაცია-დაწესებულებებია, სადაც ადამიანებს თანხებთან აქვთ საქმე, გამორიცხული არაა გადაცდომებიც, ბევრგან ადამიანებიც გაწირეს, თქვენ როგორ იცავდით წონასწორობას?
– ხულოს რაიონის საფინანსო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე რომ მამტკიცებდნენ, აჭარის პირველ პირებთან გასაუბრება გავიარე, მწვანე შუქი ამინთეს. გასაუბრება მქონდა საქართველოს მაშინდელ ფინანსთა მინისტრ ფარნაოზ ანანიაშვილთანაც. სამუშაო ოთახში რომ შევედი, რაღაცას გაფაციცებით კითხულობდა. ბოლოს თავი აიღო და იკითხა: ხულო მოვიდა? მოახსენეს რომ მე ვიყავი. ეს კაცი ოთხი შვილის მამაა, საკუთარი თავის ფასიც ეცოდინება და სხვისიცო. ვისაც სამსახურებრივი ან პირადი ურთიერთობები ჰქონდა აჭარის მაშინდელ ფინანსთა მინისტრ სარდიონ ჯიჯეიშვილთან, გადაცდომასა და ადამიანის გაწირვას გულში არ გაივლებს. ღორჯომის სასოფლო საბჭოში ჩატარებული რევიზიის შემდეგ ერთობ არასახარბიელო მასალები მოიტანეს. მეორე დღესვე ღორჯომში ავედი. ადგილზე რისი გამოსწორებაც შეიძლებოდა, გავაკეთეთ. თემის მაშინდელი ხელმძღვანელი ისე წავიდა წუთისოფლიდან, რომ მადლობებს მიხდიდა.
– შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები მეტწილად, ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისკენ იჩენენ ინტერესს. ესეც გენის გამოძახილია ალბათ. . .
– გმადლობთ, ეს რომ შეამჩნიეთ. ალბათ ყველაფერი გენის დამსახურებაა. მეცნიერებასთან ერთად შვილიშვილებს, შვილთაშვილებს სოფელში მუშობას, მიწასთან ურთიერთობას ვაჩვევ. ცას არავინ გამოკერებია. უფალი ზეცაში რომ მიხმობს, ვალმოხდილად მივიჩნევ.
– თქვენი გვარის ღირსეული წინაპარი თურქებმა ვერ გაამუსლიმანეს. შემდეგ დრომ თავისი ქნა. . . ოთახში მართლმადიდებლური კუთხეც შევნიშნე.
– ღმერთი ერთია, მხოლოდ მასთან მისასვლელი გზებია სხვადასხვა. ოჯახში ისლამის მიმდევრებიც არიან და მართლმადიდებელი ქრისტიანებიც. ჩემი ასაკის მოხუცები მოსალოცად ჯამეებსა და მეჩეთებში მიდიან. ახლა ჩემგან ასეთი ნაბიჯი გამორიცხულია. ადამიანმა ბოლომდე უნდა უერთგულო ეროვნულ ადათ-წესებს. რამაზანის დღეებია. ეზოში რომ შემოხვედით, არყის გამოხდის პროცესს შენიშნავდით. ჯეშხუნ ბოლქვაძის შთამომავლებში ეროვნული გმირი არ გვყავდა, მაგრამ ეროვნული საქმეებისთვის არ გვიღალატია. 24 ოჯახში ნასამართლევი, ნარკომანი, ცხოვრებით გაუბედურებული წევრიც არ გვყავს.

