„შექმნილი რეალობა კაცობრიობას ღირებულებათა გადაფასებისკენ უბიძგებს და შეგვახსენებს, რომ ყველა თანაბარია“
ნაირა ფუტკარაძე: 27 48 93 –
„ახლა, როცა სამყაროს სრული ტრანსფორმაციის მომსწრენი გავხდით, ჩვენც უნდა შევიცვალოთ. უნდა მოვიკრიბოთ ძალა, უფრო მამაცებმა, უფრო მზრუნველებმა გავაგრძელოთ ცხოვრება“
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოში რადიკალურად შეცვალა ადამიანების ცხოვრება და განსაკუთრებით აქტუალური გახადა სლოგანი: ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის. ჩვენი რესპონდენტიც – გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ,,ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის” ერთ-ერთი მონაწილე ქეთი თომეიშვილი ამ სლოგანის მიმდევარია. პროექტს გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით, ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს.
ქალბატონი ქეთი ახლა 49 წლისაა. 29 წლის გახლდათ, როცა ემიგრაციაში რთული ეკონომიური პირობების გამო წავიდა. სამი წელი ბულგარეთში, ოჯახში იმუშავა, შემდეგ ერთი წელი – აზერბაიჯანში, ბოლო 10 წელი თურქეთში მოხუცს უვლიდა. როგორც ამბობს, საუკეთესო წლები მძიმე შრომაში გაატარა. 2016 წელს საქართველოში დაბრუნდა. ამჟამად ვანის მუნიციპალიტეტში, მშობლიურ სოფელ მთისძირში ცხოვრობს. კიტრის სასათბურე მეურნეობას მიჰყო ხელი. მიღწეულმა წარმატებებმა უბიძგა, სხვებსაც დახმარებოდა. დღეს ბედნიერია, რომ ეს შეძლო. თავის მეურნეობაში დასაქმებულ 7 მანდილოსანს ხუთი სათბურიდან ერთ-ერთი აჩუქა.
– რა გზა გაიარეთ, რომ აქამდე მოსულიყავით?
– რთული გზა გავიარე, მაგრამ ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ რასაც ახლა მივაღწიე, გადაფარა ის ტანჯვით შრომა. საქართველოში დაბრუნებულს ცოტა დანაზოგი მქონდა და დავიწყე ფიქრი, რა გამეკეთებინა. დავინტერესდი სასათბურე საქმიანობით, მაგრამ მომზადების, შესაბამისი ცოდნის გარეშე არ მინდოდა გამერისკა. ხან საკონსულტაციო ცენტრებში მივდიოდი, ხან კაცების ბირჟაზე დავდგებოდი და ვუსმენდი, რას ლაპარაკობდნენ მეურნეობაზე, ბაზარში პროდუქტების ფასებსაც ვიგებდი. ასე ავკრიფე ინფორმაცია და გადავწყვიტე კიტრის სათბურების გაკეთება. პირველი, რაც გავიგე – წარმატებული მოსავალისთვის აუცილებელი იყო სადრენაჟე სისტემის გაკეთება. მოვიყვანე ერთ დღეს ექსკავატორები, გამოვთხარე მიწა, ჩავყარე ქვები და 2 სათბური გავაშენე. თავიდან ჩემს ამ წამოწყებას ეჭვის თვალით უყურებდნენ, გიჟი ვეგონე ყველას. მირჩევდნენ, მაგ დანაზოგით წადი, თბილისში ბინა იყიდე და ქირით ირჩენ თავსო. მადლობა ღმერთს, აზრი ვერ შემაცვლევინეს და დღეს ვაკეთებ იმას, რაც მსიამოვნებს და ის, ასევე, ჩემი შემოსავლის წყაროცაა. სხვა, ამაზე მეტი, რაღა უნდა ისურვო ადამიანმა. შემდეგ იყო სახელმწიფო გრანტი – 60%-იანი თანადაფინანსება. ბანკები უარს მეუბნებოდნენ დაფინანსებაზე, მაგრამ ერთი ბანკი წამომყვა. დავწერე ბიზნესგეგმა და დამიფინანსეს. რამდენიმე თვეში უკვე 5 სათბური მქონდა. თანდათან დონორების ნდობაც მოვიპოვე და ფერმერთა ასოციაციამ 9,000-ლარიანი ღუმელიც დამიფინანსა სათბურების გასათბობად.
– თანამშრომელ ქალებს კიტრის სათბური აჩუქეთ, ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?
– არ მინდა, რომ ჩემს გოგოებს (დასაქმებულებს) რამე გაუჭირდეთ. მახსოვს, ჩემი თანამშრომლები თანხის გარეშე რამდენჯერ დამხმარებიან და სულ ვცდილობდი, მათთვის სამაგიერო მეც სიკეთით გადამეხადა. ჰოდა, დღეს ისე, როგორც არასდროს, ყოველდღიური გვერდით დგომის დროა! ადამიანების, სამყაროს გადარჩენის დრო. ამ პერიოდში რომ გავჩერებულიყავი, ფაქტობრივად, უმუშევრები რჩებოდნენ და გადავწყვიტე, ყველა სიკეთე ერთად დამებრუნებინა მათთვის – 5 სათბურიდან 1 დავუთმე, შევუძინე სათესლე მასალა და რეალიზაციამდე მე უზრუნველვყოფ მის მოვლა-პატრონობას, რეალიზაციით შემოსული თანხა კი მათზე გადანაწილდება.
– კორონავირუსმა რა სირთულეების წინაშე დაგაყენათ?
– კორონავირუსმა მეც, როგორც ყველა, სირთულეების წინაშე დამაყენა. მართლაც, თანაბრად შეეხო ყველას, ერთნაირად უძლურნი აღმოვჩნდით მის წინაშე. ჩემი ბიზნესის მეორე მიმართულება შეაფერხა, სადაც იგივე ქალბატონები მყავს დასაქმებული.
– გეგმებზე რას გვეტყვით?
– ახლა, როცა სამყაროს სრული ტრანსფორმაციის მომსწრენი გავხდით, ჩვენც უნდა შევიცვალოთ. უნდა მოვიკრიბოთ ძალა, უფრო მამაცებმა, უფრო მზრუნველებმა გავაგრძელოთ ცხოვრება. შექმნილი რეალობა კაცობრიობას ღირებულებათა გადაფასებისკენ უბიძგებს და შეგვახსენებს, რომ ყველა თანაბარია. სამომავლოდ, შევუდგები ბიზნესის გაძლიერებას ჩემს გოგონებთან ერთად. მინდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს დასაქმებული და ღირსეულად დაფასებული, რაც მთავარია – თავის სამშობლოში.