ასმათ დიასამიძე: მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკოსია და აზრის გამოთქმას ვერავინ დაუშლის
ნინო ცხვარაძე: 591 98 24 30 –
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე დანიშვნა, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტ ასმათ დიასამიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია არა მარტო უკრაინისთვის, არამედ საქართველოსთვისაც.
– უკრაინა ჩვენი პარტნიორი, მეგობარი ქვეყანაა და სასიხარულოა, როცა შენი ქვეყნის წარმომადგენელს, ქართველს წარმატებები აქვს სხვა ქვეყანაში, – აცხადებს ასმათ დიასამიძე. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს აქვს მნიშვნელოვანი რესურსი, რაც წაადგება უკრაინას.
– ბოლოსდაბოლოს, მიხეილ სააკაშვილი ქართველია, ჩემი ქვეყნის შვილია. როგორ არ უნდა მეიმედებოდეს და მეამაყებოდეს! უკრაინას წაადგება მისი გამოცდილება. მიხეილ სააკაშვილს კარგი ბეგრაუნდი და გამოცდილება აქვს რეფორმების კუთხით, – გვითხრა ასმათ დიასამიძემ. „აჭარამ” დეპუტატს რამდენიმე კითხვით მიმართა.
– ქალბატონო ასმათ, ყოფილი პრეზიდენტი საქართველოს მართლმსაჯულებამ სისხლის სამართლის დამნაშავედ ცნო და ძებნილია. როგორ განვითარდება მეგობარი ქვეყნების ურთიერთობა ამ ფონზე?
– გვახსოვს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მაღალჩინოსნების განცხადებები, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩავლილი პოლიტიკოსია, რომ არაფრად თვლიან, მისი დრო დამთავრდა, მაგრამ რეალობა სულ სხვაა. რაც შეეხება ძებნილობას, წითელი ცირკულარით ძებნილი არ ყოფილა. არაერთ ქვეყანას მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, მაგრამ არცერთი ქვეყანა არ ენდობა ქართულ მართლსაჯულებას და ეჭვქვეშ აყენებენ წარდგენილ ბრალს. რომელი ძებნილი მიხეილ სააკაშვილია, როცა მსოფლიომ იცის მისი ადგილსამყოფელი. ამ ქვეყნის შვილი ვარ და ჩემთვის მნიშვნელოვანია საქართველოს რეპუტაცია, მაგრამ ჩვენი პარტნიორები და მეგობრები არ თვლიან, რომ ყოფილი პრეზიდენტი დამნაშავეა, ამისი ნაკლები მტკიცებულებები აქვთ. მას ბევრი რამე აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის და ორ პალტოზე ან სტუმრის მომსახურების ხარჯებზე გამოდავება უხერხულია. უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა უხეშადაც კი მიმართა საქართველოს ხელისუფლებას თავის დროზე და უთხრა – მიხეილ სააკაშვილის სტუმრების გამასპინძლების ხარჯს თავად გავისტუმრებო.
– იმ ყოფილ პრეზიდენტზე საუბრობთ, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა?
– სამართალმა პური ჭამა და მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა აღიდგინა. მსოფლიო აღიარებს მის რეპუტაციას, თვლიან, რომ გავლენიანი პოლიტიკოსია. მოქალაქეობაჩამორთმეული, უპასპორტო მიხეილ სააკაშვილისთვის ყველა ქვეყნის კარი ღია იყო. ესეც იმის დასტურია, რომ ვერაფერი დააკლეს. ისე კი, ქვეყანაში იმდენი რამ ხდება, არ უნდა ეცალოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დანიშვნის განხილვისთვის. უკრაინიდან გამოითხოვეს ელჩი, მაშინ როცა რუსეთმა საზღვარი გადმოსწია და ამაზე არ ჰქონიათ ამხელა პროტესტი. აზერბაიჯანში ჩვენი ქვეყნის მიწებზე რა ხდება ყველამ იცის და ამ ფონზე დღეები და კვირები მიუძღვნეს ყოფილი პრეზიდენტის უკრაინაში დანიშვნას. ვინ აპროტესტებდა სააკაშვილის დანიშვნას? საქართველოს მთავრობა და რუსეთის ხელისუფლება. კითხვის ნიშნები იბადება, ხომ არ არის ეს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ერთობლივი, შეთანხმებული ბრძოლა?
– ქალბატონო ასმათ, ელჩი კონსულტაციისთვის გამოიხმეს, არ გამოუწვევიათ.
– ასეთი შემთხვევები პოლიტიკაში მაშინ ხდება, როცა საგანგებო მდგომარეობაა. საკონსულტაციოდ გამოიწვიეს ელჩი და რა საკითხზე უნდა გამართონ კონსულტაცია, საინტერესოა. სხვა ქვეყნის ცხოვრებაში ჩარევა მართებულად არ მიმაჩნია.
– მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პოლიტიკაში არ ჩაერევა?
– მიხეილ სააკაშვილი ამ რვა წლის განმავლობაში არასოდეს ტოვებს ქვეყანას და გულშემატკივრობს. რატომ უკვირთ, რომ ჰყავს მომხრეები, ან იმ ადამიანების სიმრავლე, რომლებსაც მისი სჯერათ? ვისაც ახსოვს, რა გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოსთვის – ემადლიერება. ყველა მადლიერი რომ არ გეყოლება, ესეც გასაგებია. რაც შეეხება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას, ის ყოველთვის აფიქსირებდა თავის პოზიციას.
– თქვით, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს უფლება ჩაერიოს სხვა ქვეყნის ცხოვრებაშიო. . .
– მე ხომ არ მითქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში? ის იყო და დარჩება საქართველოს გულშემატკივრად, პოლიტიკოსია და აზრის გამოთქმას ვერავინ დაუშლის.
– მიხეილ სააკაშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რომ იყოს ხელისუფლებაში, მისაღები იქნებოდა უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება?
– გულწრფელად ვამბობ, ჩემი ქვეყნის რომელი წარმომადგენელიც უნდა იყოს, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ვინც წარმატებული იქნება, ვიამაყებ მისით. ჩვენს ქვეყანას გაცილებით მეტი საქმე აქვს, ვიდრე უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებებია და ქვეყნას რომ მიხედონ – არა?
– უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის გარდა, სხვა, შიდა რესურსი ვერ გამონახა?
– იცით, იქ როგორი კორუფციაა, ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო ისეთი ადამიანი, რომელიც იქნებოდა გამოცდილი რეფორმების კუთხით და ამავდროულად უცხო, შეუვალი და პრინციპული.
– სახელისუფლებო წრეებში ამბობენ, რომ თავის დროზე, ოფიციალურად თუ არაოფიციალურად, დიდი თანხები ჩადო ლობისტებში სააკაშვილმა
– ლობისტები არც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აკლია. თუ მიხეილ სააკაშვილმა მოახერხა ყოლოდა ლობისტები, ვსვამ კითხვას, რატომ ვერ მოახერხა „ქართულმა ოცნებამ“, რომ წარმოაჩინონ გაკეთებული საქმეები? ამის შნოც არ აქვთ. მიხეილ სააკაშვილის მთავარი ლობი მისივე გაკეთებული საქმეები, გატარებული რეფორმები, ჭაობიდან ამოყვანილი ქვეყანაა. ბევრი ადამიანი ხედავს ამას, ხელისუფლების გარდა. „ქართული ოცნება“ მიხეილ სააკაშვილის ბეგრაუნდზე მოვიდა და ერთი რამ უნდა გაეკეთებინა – ქვეყანა სწორი კურსით წაეყვანა, ზედნაშენის გაკეთება საკმარისი იყო. ესეც ვერ მოახერხეს!
– ყოფილი პრეზიდენტები პოლიტიკაში არ რჩებიან, მიხეილ სააკაშვილი კი მუდმივად იბრძვის ხელისუფლებაში მოსასვლელად.
– ის არ არის ჩვეულებრივი პოლიტიკოსი. დიდ იმედებს ამყარებს უკრაინა რეფორმების გატარების კუთხით მიხეილ სააკაშვილზე. შესაბამისად, როგორ შეიძლება ჩვენმა ქვეყანამ არ გამოიყენოს მისი საერთაშორისო ურთიერთობების ჩამოყალიბების უნარი?! ამ ქვეყანას ახსოვს ამერიკის ყველაზე გავლენიანი პრეზიდენტის სტუმრობა. რომელი მნიშვნელოვანი სტუმარი გვესტუმრა ჩვენ „ქართული ოცნების“ 8-წლიანი მმართველობის დროს? ნურავის დაავიწყდება ის წლები, წარმატებული ქვეყნების ლიდერები რომ გვსტუმრობდნენ, რაც მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის. დიახ, გვენდობოდნენ და მიხეილ სააკაშვილი იყო სწორედ ის, ვინც მსოფლიოს კიდევ ერთხელ განუახლა შეხედულებები საქართველოზე, გააცნო სხვა კუთხით ჩვენი ქვეყანა. იმ ბევრ პატარა ქვეყანას შორის, საქართველოსაც რომ იცნობს მსოფლიო, მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა და ამას ნუ დაუკარგავენ.
– ქალბატონო ასმათ, თქვენ არაერთხელ თქვით, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვენი ქვეყნის შვილია, თუმცა, ისიც ვიცით, ყოფილმა პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა.
– ბევრი ქართველია სხვა ქვეყნის მოქალაქე, რომლებიც წარმატებულები არიან. უკრაინამ დააფასა მიხეილ სააკაშვილი, რაც სასიხარულოა.
– როგორი ურთიერთობა ექნება სამომავლოდ საქართველო–უკრაინას მიხეილ სააკაშვილის ფაქტორის გათვალისწინებით?
– იმედი მინდა ვიქონიო, საქართველოს ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც სწორად გაიგებენ ამ ვითარებას. თუ ეს ხელისუფლება აღიარებს, რომ საქართველოს და უკრაინის საერთო მტერი დამპყრობელი რუსეთია და არ შეიძლება მასთან მეგობრობა, კარგი იქნება. ქვეყანა, რომელიც ყოველდღიურად ცდილობს ჩვენი ტერიტორია მიიტაცოს, აწამოს ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი მეგობარი ვერ იქნება. უკრაინაც იგივე მდგომარეობაშია. ისე კი, არა მგონია, უკრაინასთან ურთიერთობის გაფუჭება რამედ უღირდეს ხელისუფლებას.

