ბათუმში იშვიათი მეან-გინეკოლოგიური ოპერაცია ჩატარდა
მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93 –
ბათუმში ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ ურთულესი და იშვიათი მეან-გინეკოლოგიური ოპერაცია ჩატარდა. 29 წლის ქალბატონს ერთდროულად რამდენიმე გართულება აღენიშნებოდა – პლანცენტის წინამდებარეობა, IV ხარისხის „პლაცენტა პერკრეტა“ (პლაცენტის ჩაზრდა თეძოს არტერიებთან, შარდის ბუშტთან და სიგმურ ნაწლავთან). მსგავსი სირთულის ოპერაციებს სხვადასხვა პროფილის ექიმები ერთად აკეთებენ.
აღნიშნული ოპერაციის დროს მრავალპროფილურ გუნდს მეან-გინეკოლოგი ჯუმბერ უნგიაძე ხელმძღვანელობდა. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ორსულობის 34-ე კვირას საკეისრო კვეთის შედეგად 29 წლის ქალმა ტყუპები გააჩინა. დედაც და ახალშობილებიც თავს კარგად გრძნობენ და მკურნალობას კლინიკაში აგრძელებენ. სტატისტიკის მიხედვით, ასეთი დიაგნოზის დროს დედის სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალია.
–კლინიკა „მედინაში“ ურთულესი ოპერაცია ჩავატარეთ. ამოყვანილი იქნა ტყუპი ნაყოფი კესტაციის 34 კვირაზე. ორსული დაკვირვების ქვეშ ჩვენთან ორსულობის 12 კვირიდან იმყოფებოდა, რადგან მას ანამნეზში საკეისრო კვეთა ჰქონდა გადატანილი. აღრიცხვაზე აყვანისას ორსულს პლაცენტის წინამდებარეობა აღმოაჩნდა. ამასთან, მას ჰქონდა პლაცენტის ნამდვილი მიხორცებაც, რომელიც საკმაოდ იშვიათი გართულებაა. ეს ყველაფერი ძალიან დიდ სირთულესთანაა დაკავშირებული, რადგან ამ დროს პლაცენტის ქსოვილის ჩაზრდა ხდება არა მარტო საშვილოსნოს კუნთში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, როგორიცაა: შარდის ბუშტი, სწორნაწლავი და ა.შ. ასეთ დროს ოპერაცია ძალიან რთულია. მსგავსი ოპერაციები მხოლოდ მაღალტექნოლოგიური სამეანო სერვისის მიმწოდებელ კლინიკებში მრავალპროფილური ბრიგადების მიერ ტარდება. მოხარული ვარ, რომ ეს ოპერაცია ჩვენს კლინიკაში წარმატებით განვახორციელეთ. ამჟამად ორივე ახალშობილი თავს კარგად გრძნობს. დედაც და პატარებიც ახლო მომავალში სახლში გაეწერებიან, – გვითხრა „მედინას“ მეან-გინეკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კლინიკურმა დირექტორმა ჯუმბერ უნგიაძემ.