გაგრძელდება თუ არა სესხებზე დაწესებული 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი?
ხატია იაშვილი 591 98 24 26 –
საბანკო სესხებზე დაწესებული სამთვიანი საშეღავათო პერიოდი უკვე იწურება. საინტერესოა, რა მიდგომა ექნებათ ბანკებს იურიდიული და ფიზიკური პირების მიმართ, რომლებმაც შექმნილ კრიზისულ პერიოდში ვერ შეძლეს ჩვეულ საქმიანობას დაბრუნდებოდნენ და მიეღოთ ის შემოსავლები, რითაც საბანკო ვალდებულებებს შეასრულებდნენ.
ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, ბანკების მიერ მსესხებლებისთვის შეთავაზებული 3-თვიანი საშეღავათო პერიოდის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს. მისივე თქმით, ამ პროცესის გაგრძელება ისე მასშტაბურად, როგორც მისი შემოღება მოხდა, აღარ იგეგმება. თუმცა გარკვეული შეთავაზებები ისევ განიხილება.
„საშეღავათო პერიოდის გაგრძელება ისე ერთბაშად და იგივე პრინციპით, როგორც გადავადდა ყველასთვის, აღარ იგეგმება. თუმცა ამ მიმართულებით მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს მსესხებლებისთვის. ამ ეტაპზე, ბანკების მხრიდან ერთიანი პოზიცია არ არის, მაგრამ ვმუშაობთ და ვნახოთ, რა შეთანხმებამდე მივალთ“, – ამბობს ალექსანდრე ძნელაძე.
ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ინფორმაციით, საშეღავათო პერიოდით დაზუსტებულად 600 000-მა ადამიანმა ისარგებლა. თუმცა, პროცესი ჯერ ისევ მიმდინარეობს და საბოლოო მაჩვენებელი არ აქვთ.
ცნობისთვის: კოვიდ-19-თან დაკავშირებული კრიზისის გამო, ბანკებმა თავიანთ მსესხებლებს 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი ჯერ კიდევ მარტში შესთავაზეს. გადავადების პროცესში 15-ვე კომერციული ბანკია ჩართული, თუმცა პროცესისადმი ყველა მათგანს ინდივიდუალური მიდგომა აქვს.