მაინც შეუღლდნენ… ანუ ქორწილი კარანტინში
ნაირა ფუტკარაძე: 27 48 93 –
შეყვარებული ადამიანი სამყაროს სულ სხვა ფერებში რომ ხედავს, არავინ დავობს. გრძნობებს რომ დაბრკოლებები ვერ აკავებს, ესეც კარგად ვიცით. ამის ნათელი გამოხატულება ჩვენი დღევანდელი რესპოდენტების მაგალითია. იმ დროს, როცა მსოფლიოში ყველა თავის, შეიძლება ითქვას, ნაჭუჭში ჩაიკეტა, რადგან არაერთმა შეზღუდვამ, უბრალოდ, სხვა გზა არ დატოვა, სიყვარულმა მაინც გაარღვია ყველა ჯებირი. . . და იქორწინეს ამ გაგანია კარანტინის დროს.
ბათუმელმა წყვილმა – 24 წლის ცოტნე ბაღათურიამ და 20 წლის დიანა დადახავამ ერთმანეთი 2015 წელს გაიცნეს და როგორც თვითონ ამბობენ, მათმა სიყვარულმა ბევრ წინააღმდეგობასა და სირთულეს გაუძლო.
– სულ რაღაც 3 შეხვედრა გახდა საკმარისი, რომ მივმხვდარიყავით, რაოდენ ძლიერ შეგვიყვარდა ერთმანეთი. თითქმის 5 წელია, ჩვენი სიყვარულის ისტორია გრძელდება. ბევრი წინააღმდეგობისა და სირთულის მიუხედავად, არასდროს დაგვიკარგავს უკეთესი მომავლის იმედი, – გვითხრა ცოტნემ.
– პატარძლებს, როგორც წესი, დიდი გეგმები აქვთ ქორწილთან დაკავშირებით, თქვენს შემთხვევაში როგორ მოხდა?
დიანა: – ვაპირებდით გრანდიოზულ ქორწილს, მაგრამ ცოტნე ჯერ გემზე უნდა წასულიყო, ანუ მისი დაბრუნების შემდეგ გვინდოდა დაქორწინება და როგორც ყველა პატარძალს, მეც ბევრი გეგმა მქონდა. ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ცოტნე ნაოსნობაში ვეღარ გაემგზავრა, გამოდის, გეგმები კიდევ გაურკვეველი პერიოდით უნდა გადაგვედო, ამიტომ გადავწყვიტეთ, აღარაფრისთვის მოგვეცადა – ოჯახი შეგვექმნა.
ცოტნე: – შეუღლების გადაწყვეტილების მიღებიდან რამდენიმე დღე ძალიან ჩვეულებრივი იყო, რადგან ბოლომდე მაინც არ მქონდა გააზრებული, რა ხდებოდა ჩემს თავს. ნამდვილი მღელვარება, სიხარული, ემოციების ტალღა ჯვრისწერის დღეს, როდესაც ტაძარში მივდიოდით, მაშინ წამოვიდა. ეს იყო სიხარულის და ბედნიერების დაუვიწყარი განცდა. ვფიქრობ, არაფერი სჯობს იმას, რომ იპოვო გამოწვევა, რომელიც განსაკუთრებულად გაღელვებს და თავს არაჩვეულებრივად იგრძნობ, როდესაც დაძლევ მას.
– ალბათ ბევრი სირთულის დაძლევა მოგიხდათ საკურთხეველთან მისვლამდე.
დიანა: – კი, გზად ბევრ სირთულეს შევხვდით. რა გასაკვირია, ყველაფერი დაკეტილი იყო – მაღაზიები, სალონები და ა.შ. მაინც მოვახერხე ყველაფერი: საპატარძლო კაბის შერჩევაც, მაკიაჟის გაკეთებაც და პოზიტივის შენარჩუნებაც, რადგან სიხარულის გარდა ჩემთვის სხვა არაფერი არსებობდა. არ მინდოდა ეს დღე სხვა, უმნიშვნელო, რამეზე ფიქრით გამეფუჭებინა.
– მოწვეული სტუმრები, მეჯვარეები, ფოტოგრაფი. . . ამ ყველაფერზე რას გვეტყვით?
ცოტნე: – არც მოწვეული სტუმრები, არც მეჯვარეები და არც ფოტოგრაფი გვყავდა. ცერემონია ჩატარდა ვიწრო ოჯახურ წრეში. იყვნენ მშობლები, ჩემი და დიანას დები. ფოტოგრაფის საქმეს ყველა ის ადამიანი ასრულებდა, რომლებიც ჩამოვთვალე. მოკლედ, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ განწყობა არაფერს გაეფუჭებინა ჩვენთვის და ასეც მოხდა, მადლობა ღმერთს. მინდა ყველა წყვილს ვუთხრა, რომ მთავარი ერთმანეთის სიყვარულია, პრობლემები და დაბრკოლებები ადამიანის მუდმივი მეგზურია, მაგრამ მათ არ უნდა მივცეთ უფლება, თუნდაც წამითაც შეგვაჩერონ. საყვარელ ადამიანთან ერთად კი პრობლემების გადალახვა 10-ჯერ უფრო მარტივია.

