მთავრობის რეკომენდაციები – სატრანსპორტო სექტორისთვის
ხატია იაშვილი: 591 98 24 26 –
საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედი კომპანიების შემოწმება იწყება.
იმისთვის, რომ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ ობიექტს ან მეწარმე სუბიექტს საქმიანობის უფლება მიენიჭოს, უნდა აკმაყოფილებდეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებს. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში ასახულია სხვადასხვა ტიპის ეკონომიკური საქმიანობა და შესაბამისი რეკომენდაციები. მათ შორის არის რეკომენდაციები სატრანსპორტო სექტორისთვის. ერთ-ერთი რეკომენდაციის მიხედვით, პერსონალი არ უნდა გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე იმ შემთხვევაში, თუ მიეკუთვნება კოვიდ-19-ით ინფიცირებისა და გართულებების მაღალი რისკის მქონეთა ჯგუფს: 70 წელს გადაცილებული, აგრეთვე, ქრონიკული დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ბრონქული ასთმა და სასუნთქი ორგანოების სხვა დაავადებები) მქონე პირები.
ამასთან, სატრანსპორტო სექტორისთვის განკუთვნილი რეკომენდაციების მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია: ტრანსპორტში გამოაკრას განცხადებები (არსებობის შემთხვევაში, მონიტორზე) კოვიდ-19-ის და იმ პრევენციული ღონისძიებების შესახებ, რომლებიც დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ არის განსაზღვრული; გარკვეული პერიოდულობით დეზინფექცია ჩაუტაროს ხშირად გამოყენებულ სამუშაო აღჭურვილობასა და სამუშაო ადგილებს; ტრანსპორტში არსებული ინვენტარი სანიტარულად დაამუშავოს ყოველი შესრულებული სამარშრუტო ხაზის შემდეგ; უზრუნველყოს თანამშრომლები ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (სამედიცინო ნიღაბი, საჭიროების შემთხვევაში – ხელთათმანი, სახის ფარი და შესაბამისი სათვალე); უზრუნველყოს დასაქმებულისა და მგზავრის მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება; უზრუნველყოს გამოყენებული ჰიგიენური საშუალებების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;
მოაწყოს დროებითი დამცავი გამჭვირვალე ბარიერი მძღოლის კაბინასთან; თანამშრომლებისთვის უზრუნველყოს ხელის დაბანის შესაძლებლობა საპნითა და სხვა ჰიგიენური საშუალებებით. ხელის დაბანის შეუძლებლობის შემთხვევაში, გამოიყენოს, სულ მცირე, 70 პროცენტი ალკოჰოლის შემცველი ხელის გამწმენდი სითხე და ა.შ.
დასაქმებული ვალდებულია, დაიცვას ჰიგიენის წესები, დისტანცია, დახველებისას მიიფაროს იდაყვი ან სუფთა ხელსახოცი, მოერიდოს თვალსა და სახეზე ხელის შეხებას და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის მსურველმა პირმა, პირველ რიგში, უნდა შეავსოს განაცხადი ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე. სავალდებულოა ყველა ველის სრულყოფილი შევსება. მას შემდეგ, რაც ორგანიზაცია განაცხადს შეავსებს, შემოწმდება ობიექტი. შემოწმების დროს სათანადო კითხვარი შეივსება და ინსპექტირების აქტი შედგება. შემოწმების შედეგების შესახებ განმცხადებელს ეცნობება არაუმეტეს 2 დღის ვადაში. სამუშაო პროცესი აღდგება საქართველოს მთავრობის გეგმა-გრაფიკის გათვალისწინებით და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე.