ნათია თურნავა: საქართველოს საავიაციო ბაზარზე წარმოდგენილი 36 კომპანიიდან 18-მა ფრენების აღდგენის სურვილი უკვე გამოთქვა
ხატია იაშვილი: 591 98 24 26 –
საქართველო პირველი ივლისიდან საერთაშორისო მოგზაურების მისაღებად ემზადება. ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ტურისტების უსაფრთხოდ მისაღებად, სამინისტროში სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ტურიზმის სექტორის ამოქმედებისთვის მზადების პროცესი განიხილეს, კონკრეტულად კი მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისი წესების შემუშავება როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო -საქალაქთაშორისო ტრანსპორტითა და რკინიგზით, აგრეთვე მგზავრთა გადაყვანის ადგილებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის ამოქმედება. „ჩვენ განვიხილეთ, როგორ უნდა მოვამზადოთ თითოეული სატრანსპორტო დარგი იმისთვის, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოდ, მაგრამ კომფორტულად შეძლოს როგორც ჩვენი მოქალაქეების, ასევე, უცხოელი სტუმრების გადაყვანა. მოვისმინეთ კონკრეტული გეგმები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოლაპარაკებები, რომელთაც ვაწარმოებთ სხვადასხვა საავიაციო კომპანიასთან. 36 საავიაციო კომპანიიდან, რომელიც ჩვენს ბაზარზე ოპერირებს, 18-თან უკვე წინასწარი შეთანხმებაა მიღწეული, რომ აღადგენენ ფრენებს. რა თქმა უნდა, ამას წინ უნდა უძღოდეს ჩვენი დიპლომატიური არხებით სახელმწიფოთა შორის შეთანხმებები უსაფრთხო დერეფნის ამოქმედების პრინციპებზე, მაგრამ, რაც მთავარია, ავიაკომპანიები მზად არიან პირველივე ინდიკაციის თანახმად, აღადგინონ ფრენები. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მზად ვიქნებით ტურისტული სეზონის გახსნისთვის,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.
სამუშაო შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი მიხეილ ხმალაძე და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე ესწრებოდნენ.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველო ე.წ. უსაფრთხო დერეფნის თაობაზე მოლაპარაკებებს ისრაელთან უკვე აწარმოებს.
როგორც მან განაცხადა, ტურისტების მიღების საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს პარტნიორ ავიაკომპანიებთანაც.
„ბუნებრივია, პროტოკოლის გათვალისწინებით, სანამ შეთანხმება მიღწეული არ იქნება, უფრო მეტ კონკრეტიკაზე ვერ ვისაუბრებთ. თუმცა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის ისრაელი. ისრაელის ელჩმა საქართველოში თავად განაცხადა ამის შესახებ ოფიციალურად და ჩვენც შეგვიძლია ღიად ვისაუბროთ. ერთ-ერთი პირველი მიმართულება, ვისთანაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, ისრაელია. ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ ისრაელი მუდმივად გვერდში გვიდგას. ასევე, გეტყვით რომ პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მოლაპარაკებები პარტნიორ ავიკომპანიებთან და ძალიან პოზიტიური სიახლეები გვაქვს, თუმცა მოვლენებს არ უნდა გავუსწროთ“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ფრენების აღდგენის შემდეგ კიდევ ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ავიაბილეთების ფასები. საავიაციო სფერო ორ ნაწილად იყოფა, ერთი ნაწილი ფასების ზრდას პროგნოზირებს, რადგანაც ავიაკომპანიებს დამატებითი ხარჯები ექნებათ კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. მაგალითად, განიხილება ბორტზე სოციალური დისტანციის გამო შუა სავარძლის შესაძლო გაუქმება. მეორე ნაწილი კი პირიქით, ირწმუნება, რომ ავიაბილეთები არ გაძვირდება და ხარჯებს გაიაფებული საავიაციო საწვავი დააბალანსებს.
საავიაციო კომპანია „ვიზეარის“ კორპორატიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ანდრაშ რადო აცხადებს, რომ მათი საფასო პოლიტიკა შენარჩუნდება და ბილეთები არ გაძვირდება:
-ვიზეარის“ ბიზნესმოდელი კლიენტების მაღალ ლოიალურობასა და დაბალ ფასებზეა დამყარებული. შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ფასები იგივე იქნება, რამდენადაც გვსურს, ბორტი შევსებული გვქონდეს. ალბათ, დიდ ავიაკომპანიებს მოუწევთ ფასების ზრდა, რადგანაც მათ სჭირდებათ დამატებითი თანხები ოპერირებისთვის. იცით, რომ ფასები, ძირითადად, მოთხოვნაზეა დამოკიდებული. „ვიზეარი“ეცდება, დაიბრუნოს მგზავრები და გადაიყვანოს რამდენადაც შესაძლებელია მეტი ადამიანი, რომლებსაც სურთ მოგზაურობა. ვფიქრობ, ბევრი უცხოელი გამოჩნდება, რომლებსაც სურთ საქართველოში სტუმრობა. ეს უმშვენიერესი ქვეყანაა, სტუმარმასპინძლობის კარგი ტრადიციით. ვფიქრობ, ეს საქართველოს ეკონომიკასაც დაეხმარება გაძლიერებაში, – აცხადებს ანდრაშ რადო.
ავიაბილეთებზე ტარიფის გაზრდას არ გეგმავს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „რაინეარი“ აღნიშნულის შესახებ განცხადებას ავიაკომპანიის მენეჯმენტი აკეთებს. „რაინეარში“ განმარტავენ, რომ უახლოეს ხანებში კოვიდ-19-ის კრიზისამდე არსებული მიმართულებების 90 პროცენტს აღადგენენ. საუბარია არა მხოლოდ საქართველოზე, ზოგადად ყოველდღიურად 1000-მდე ფრენაზე. განრიგი და ფასები კომპანიის საიტზე უკვე ხელმისაწვდომია, საიდანაც ირკვევა, რომ საქარველოს მიმართულებით ფრენებს 1-ლი ივლისიდანვე აღადგენს. მათი განრიგის თანახმად, მილანიდან და კიოლნიდან თბილისის მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვები უკვე დაწყებულია 1-ელი ივლისის რეისებზე. რაც შეეხება ქუთაისის მიმართულებას, სადაც ავიაკომპანია ბოლონიიდან და მარსელიდან ოპერირებდა, ფრენები ივლისის დასაწყისშივე აღდგება. ჯერჯერობით უცნობია, მსხვილი საავიაციო კომპანიები შეძლებენ თუ ვერა ძველი ტარიფით მომსახურებას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, „იმ ფაქტმა, რომ საქართველოს მთავრობამ პირველმა დაასახელა საერთაშორისო ვიზიტიორებისთვის ქვეყნის ტურისტული ბაზრის გახსნის კონკრეტული ვადები, ძალიან დიდი სტიმული მისცა საერთაშორისო ავიაკომპანიებს, აღადგინონ ფრენები ჩვენი მიმართულებით“. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ფრენები განახლდეს სამივე საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით – ეს იქნება თბილისის, ქუთაისისა თუ ბათუმის აეროპორტი. „პრიორიტეტულია, რომ ძალიან სწრაფად აღდგეს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების – „ვიზეარისა“ და „რაინეარის“ ფრენები. ამ ეტაპზე როგორც საჯაროდ განაცხადეს, გარკვეული მიმართულებებით ფრენებს აღადგენენ, რაღაც პერიოდის შემდეგ კი კვლავ ძველ ნიშნულებს დაუბრუნდებიან“, – განაცხადა ნათია თურნავამ.