რუსეთი საქართველოსთან დაკავშირებით მორიგ ცრუ ბრალდებას ავრცელებს
ლაშა ხომერიკი: 593 50 82 69 –
უნდა გამოქვეყნდეს ქართველთა ეთნოწმენდის ამსახველი მასალები, თორემ. . .
საქართველოს დანაწევრებისა და განადგურების მცდელობა ჩვენთვის არც მოულოდნელი იყო და არც ახალი, ცხადია, საქართველოს ზესტრატეგიული მდებარეობის გამო. თუკი ამას ადრე არაერთი იმპერია ესწრაფვოდა, ამჟამად მხოლოდ რუსეთი „ჯიუტობს“ და საქართველოს დისკრედიტაციის მცდელობას არ ეშვება. ამ მხრივ ჩრდილოელი მეზობლის ჩვენდამი დაუნდობლობა საყოველთაოდ ცნობილია.
როგორც გაცხადდა, რუსეთი აპირებს მსოფლიოს „გაახსენოს“ ასი წლის წინანდელი ,,ტრაგედია“, რომელიც ოსურ მოსახლეობას ქართველებმა დამართეს. „თურმე“ საქართველოს მას შემდეგ, რაც რუსეთის იმპერიისგან გათავისუფლდა, „ოსი მოსახლეობის გენოციდი განუხორციელებია“. რუსეთის პროკურატურა აცხადებს, რომ საქართველოს მიერ ოსი მოქალაქეების გენოციდის ფაქტის უტყუარობა დაადგინა, რაც, ცხადია, სრული აბსურდია. როგორც ჩანს, სეპარატისტები და მოსკოვი ამ ე. წ. გენოციდს ცდილობენ როგორმე დაუკავშირონ შიდა ქართლში მეოცე საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში და 80-იანი წლების მიწურულს განვითარებული მოვლენები და რა თქმა უნდა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიც. . .
ქართველი ისტორიკოსები და პოლიტიკოსები რუსეთის ზემოთქმულ განცხადებას სიცრუის მორიგ მაგალითს უწოდებენ და მოსკოვს საკუთარ დანაშაულს ახსენებენ – ასობით დახოცილ და ათასობით დევნილ მშვიდობიან მოქალაქეს, გადამწვარ და დარბეულ სოფლებს. . . სხვათა შორის, ევროკავშირის მიერ შექმნილმა ტალიავინის კომისიამაც დაასკვნა, რომ არცერთი ფაქტი, რომელიც საქართველოს მიერ რუს „სამშვიდობოებზე“ თავდასხმას დაადასტურებდა, არ არსებობს. კიდევ ერთი ტყუილი, რომელიც, ასევე, გაბათილდა, არის – ოსი ხალხის გენოციდი ქართველთა მხრიდან. ხსენებული კომისია აცხადებს, რომ უსაფუძვლოდ მიიჩნევს საქართველოს მიმართ ოსი ხალხის გენოციდის შესახებ გამოთქმულ ბრალდებებს. ასევე, აღნიშნულია, რომ „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა განხორციელდა, ამიტომ ქართულმა მხარემ ყოველმხრივ უნდა ამხილოს რუსეთი და ამავდროულად შეახსენოს მოსკოვს საკუთარი დესტრუქციული ქმედებები ჩრდილოკავკასიელი ხალხის საწინააღმდეგოდ. საყოველთაოდ ცნობილია, რომ თავის დროზე რუსეთმა ზოგი კავკასიური ეთნოსი გაასახლა, ზოგი ერთმანეთში ათქვიფა, ზოგიც გაჟუჟა (უბიხები), ზოგიერთს გენოციდი (ჩერქეზები) მოუწყო. ამას თავად ჩრდილო კავკასიელები ადასტურებენ.
რამდენიმე წლის წინათ ყარაჩაი-ჩერქეზეთის და ყაბარდო -ბალყარეთის საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა რუსეთის პარლამენტს განცხადებით მიმართეს, რასაც საარქივო მასალებიც ჰქონდა თანდართული. ისინი სთხოვდნენ რუსეთის სათათბიროს, ეღიარებინა ჩერქეზთა გენოციდი. რუსმა დეპუტატებმა მის განხილვაზე უარი განაცხადეს, რაც არ იყო მოულოდნელი.
აშკარაა, რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს საინფორმაციო ომი განსაზღვრავს. მიუხედავად იმისა, რომ პლანეტაზე ეპიდემია მძვინვარებს, რუსეთს საქართველოს საწინააღმდეგო „მანევრების“ შესრულება არ ავიწყდება. ქართული მხარის დადანაშაულება ოსი ხალხის გენოციდში, სწორედ რუსეთის დესტრუქციულობას ცხადყოფს. ამიტომ საქართველომ კრემლის პროპაგანდისტული მანქანა უნდა ამხილოს. ამავდროულად, გამოაქვეყნოს ქართველთა ეთნოწმენდის ამსახველი მასალები, რათა სიმართლე საბოლოოდ გაირკვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა დაზარალდება.