სტუმარმასპინძლობის ანტიკრიზისული სტრატეგიის შექმნაზე ტურიზმის სექტორის 15-მდე წარმომადგენელი მუშაობდა
ხატია იაშვილი: 591 98 24 26 –
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას ტურიზმის სექტორში დასაქმებულმა პირებმა მათ მიერ შემუშავებული სტუმარმასპინძლობის ანტიკრიზისული გეგმა გააცნეს.
საქართველოს გასტრონომიის ასიოციიის ხელმძღვანელის ლევან ქოქიაშვილის თქმით, ტურიზმის სფეროს პროფესიულმა ასოციაციებმა არსებული მდგომარეობიდან გამოსავალის ძიებისას ძალები გააერთიანეს და დარგის განვითარების მოკლე, გრძელვადიანი სტრატეგია შეიმუშავეს. როგორც ტურიზმის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ანტიკრიზისულ სტრატეგიაშია ნათქვამი, უნდა გაკეთდეს სწორი აქცენტები სტუმარმასპინძლობის სფეროს ყველა მიმართულებით. უპირველესად, საჭიროა სხვადასხვა რეგიონის ეკონომიკურ-სოციალური მახასიათებლების შესწავლა.
,,იმისთვის, რომ სექტორის წარმომადგენლებმა შეძლონ პოსტპანდემიურ პერიოდში ამოქმედება და ფუნქციონირება, მათ სახელმწიფოს მხარდაჭერა ესაჭიროებათ,“ – აცხადებს ლევან ქოქიაშვილი.
მისივე თქმით, ტურიზმის სექტორის ძირითადი მოთხოვნები ასეთია:
– 12 თვის განმავლობაში საშემოსავლოს და ქონების გადასახადის შეჩერება ტურიზმის დარგის კომპანიებისთვის.
– კომუნალური მომსახურების ტარიფები ტურიზმში ჩართული მცირე ობიექტებისთვის, განსაკუთრებით საოჯახო სასტუმროებისთვის, მცირე მარნებისთვის, რესტორნებისთვის, რომლებიც სეზონურად მუშაობენ, გაუტოლდეს ფიზიკური პირის ტარიფებს (ელექტროენერგია, გაზი, წყალი).
– მორატორიუმის დაწესება საპენსიო შენატანის 12 თვით შეჩერებაზე.
– მეწარმე სუბიექტის მიერ ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტების შესყიდვებისთვის დღგ-ის გადახდის ვალდებულების გაუქმება. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გლეხებისგან შეძენის დროს დღგ-ის გადასახადის ნაწილში საგადასახადო მექანიზმის შემუშავება, რომელიც მეწარმე სუბიექტს მისცემს საშუალებას, დაარეგულიროს დღგ-ის ფასნამატი შექმნილ პროდუქციაზე. ხელზე შეძენილ პროდუქციაზე დაკისრებული დღგ-ის დაბრუნებას მეწარმე ვეღარ ახერხებს წლის ბოლოს.
– მცირე და საშუალო ბიზნესის დღგ-ის დასაბეგრი ზღვრის აწევა 500 000 ლარამდე.
– საფინანსო ინსტიტუტებთან და მეიჯარეებთან ვალდებულებების შემსუბუქების სუბსიდირება/მხარდაჭერა:
– გადავადების შედეგად ბანკის გაძვირებული პროცენტის სუბსიდირება და გადავადების პერიოდის გახანგრძლივება კიდევ 6 თვით, ხოლო შემდეგი 6 თვე – დადგენილი მინიმუმიდან მზარდი ოდენობით პრეკოვიდ ნიშნულზე ასვლა;
– სასტუმროების, საოჯახო მარნების, ტურისტული კომპანიების და რესტონრებისთვის დაბალპროცენტიანი სესხი (2-3 პროცენტის ფარგლებში);
– იჯარის სუბსიდირება 30 პროცენტის ფარგლებში, იჯარის 5000 ლარის ზღვრის ფარგლებში;
– საგადასახადო დარიცხული ვალდებულების დარიცხული გადასახადის გადავადება მეიჯარისთვის;
– სახელმწიფოს მხრიდან სუბვენციური დაფინანსება – საერთო წლიური ბრუნვის 15 პროცენტის მოცულობის ოდენობით საოპერაციო ხარჯებისთვის. სახელმწიფო ორგანოები დაფიქსირდნენ მეორე რიგის იპოთეკარებად იმ ორგანიზაციებში, რომელთაც აღებული აქვთ სესხები და განსაზღვრულია მათი ქონების ლიკვიდური ფასი და დადგენილი აქვთ საკრედიტო ხაზის მოცულობა. აღნიშნული გაამარტივებს უზრუნველყოფის პროცედურას და განსაზღვრავს იურიდიული პირების ლიკვიდურობის დადგენის პროცედურას.
– იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც საბანკო ისტორია არ აქვთ, კომპანიის ბრუნვის 15 პროცენტის კრედიტების სახით გაცემა კომპანიების საოპერაციო ხარჯებისთვის.
სტუმარმასპინძლობის ანტიკრიზისული სტრატეგიის შექმნაზე მუშაობდნენ: საქართველოს გასტრონომის ასოციაცია; ეკოტურიზმის ასოციაცია; სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაცია; საქართველოს გიდების ასოციაცია; საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის ბიზნესასოციაცია; საქართველოს გასტრონომი; ბიზნესტურიზმის ასოციაცია; საქართველოს შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაცია; საქართველოს ტურიზმის ასოციაცია; ტურიზმის ინსტიტუტი; საქართველოს ტურიზმის ნეთვორქი; საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაცია; საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია.