აჭარის 10 საჯარო სკოლა სრულად აღიჭურვა სპორტული ინვენტარით
ნათია იმნაიშვილი: 27 48 93 –
„ეს არის არაჩვეულებრივი საჩუქარი, რომლითაც უზომოდ მადლიერი და კმაყოფილი ვარ“
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საჯარო სკოლების მატერიალური ბაზის გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში, საჯარო სკოლები სპორტული ინვენტარით მოამარაგა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 32 032 ლარი დაიხარჯა.
აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში საჯარო სკოლებმა საჭიროების შესაბამისად მიიღეს მაგიდის ჩოგბურთის კომპლექტი, ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის აღჭურვილობები, ჰანტელები და სხვა სპორტული ინვენტარი.
2020 წელს აღჭურვილი სკოლების ჩამონათვალში მოხვდა ბათუმის №#14 და #№26 საჯარო სკოლები, ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების განთიადისა და მახოს, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულის საჯარო სკოლები. ათეულში შევიდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლების დაგვას, ბობოყვათის და კვირიკეს (#№1) საჯარო სკოლები. სპორტული ინვენტარით აღიჭურვა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლების ირემაძეებისა და კორტოხის საჯარო სკოლებიც.
– ეს არის არაჩვეულებრივი საჩუქარი, რომლითაც უზომოდ მადლიერი და კმაყოფილი ვარ. დროული იყო, მით უფრო, რომ ჩვენს სკოლაში ფუნქციონირებს ინკლუზიური სწავლების ცენტრი, სადაც 78 შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური განათლების საჭიროების მქონე ბავშვი სწავლობს. ეს ინვენტარი მათთვის, ყველასთვის არის ძალიან ღირებული. თამამდ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ძალიან ხარისხიანი და მრავალფეროვანი სპორტული ინვენტარი, რომელიც ბავშვებს დაეხმარება, მაქსიმალურად განავითარონ და გააუმჯობესონ მიღწევები. მას აქტიურად გამოვიყენებთ, როგორც სპორტის გაკვეთილებზე, ასევე ღონისძიებებზე და ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მივაღწევთ ძალიან ბევრ წარმატებას. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს სამინისტროს ამ ღირებული, მნიშვნელოვანი და აუცილებელი საჩუქრისთვის, – გვითხრა ბათუმის #№26 საჯარო სკოლის დირექტორმა თამარ გოგიშვილმა.
– ჩვენი სკოლა აქტიურადაა ჩაბმული სხვადასხვა ტიპის სპორტულ ღონისძიებაში და მიღწევებიც ბევრი გვაქვს. მინიფეხბურთში პირველი ადგილი დავიკავეთ, ასევე მაგიდის ჩოგბურთში საკმაოდ კარგი შედეგი გვაქვს. ამ აქტიურობის ფონზე გადაწყდა, რომ ჩვენი სკოლა აღჭურვილიყო სპორტული ინვენტარით, აქამდეც გვქონდა ინვენტარი, თუმცა დამატება და განახლება აუცილებელიც იყო. ძალიან კარგია, რომ კომპლექტში გათვალისიწინებულია ყველა ასაკის მოსწავლე, წარმოდგენილია ძალიან კარგი ხარისხის პროდუქტი და რაც მთავარია, სხვადასხვა ასორტიმენტით, – აღნიშნა ჩვენთან საუბარში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოს საჯარო სკოლის დირექტორმა დავით ნაკაშიძემ.
საჯარო სკოლების მატერიალური ბაზის გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში სამინისტრო ორი წელია, რაც ამარაგებს სკოლებს სპორტული ინვენტარით, რომლითაც უკვე აღიჭურვა 30 საჯარო სკოლა. აღნიშნული პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება.

