„დიდი ხანია აღარავინ მეკითხება, რა მსურს მე”
ნანა აბულაძე: 577 20 35 90 –
ინიციატივას, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს, სისხლის სამართლის კოდექსის ,,გაუპატიურების მუხლში” ცვლილებების შეტანას გულისხმობს. კონკრეტულად ეს ნიშნავს, რომ დაისჯება ადამიანი, რომელიც პარტნიორთან სექსუალურ კავშირს მისი თანხმობის გარეშე დაამყარებს. აღნიშნული საკითხი იმ ადამიანებსაც შეეხებათ, ვინც კანონიერად, ქორწინებით არიან ერთმანეთთან დაკავშირებული. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში სექსუალური ძალადობა პირდაპირ არის დაკავშირებული ქალთა მიმართ ძალადობასთან. უახლოესი წარსულიდან არაერთი ფაქტის გახსენება შეიძლება, რომ ქმარმა, ყოფილმა ქმარმა, მეგობარმა მამაკაცმა სექსუალურდ იძალადა ქალზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ინიციატივა, რომელსაც პარლამენტი განიხილავს, ძალიან მნიშვნელოვანი, დამცავი მექანიზმია იმ ადამიანებისთვის, რომლებზეც სექსუალურად ძალადობენ. როგორც ქალთა უფლებების დამცველები განმარტავენ, თუ კანონში ნათლად ჩაიწერება, რომ სექსი პარტნიორის თანხმობის გარეშე გაუპატიურებაა, ხოლო უხეში ძალის გამოყენებით – დამამძიმებელი ფაქტორი, ქალები უკეთესად დაიცავენ საკუთარ უფლებებს.
ქალბატონი, რომელზეც ახლა მოგიყვებით, ქმრისგან არაერთხელ გამხდარა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, თუმცა მცირეწლოვანი შვილის გამო, თვლის რომ ამ ამბის გახმაურება მისი მხრიდან არ ღირს, თანაც, როგორც ამბობს, ქმრის ნათესავები თავბედს აწყევლინებენ. რა თქმა უნდა, მის პირობას – სახელისა და გვარის გაუთქმელობის შესახებ, ვასრულებ და გამოგონილ გვარ-სახელს ვარქმევ. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენს რესპონდენტს ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ, როგორ უნდა მოიქცეს, ვის მიმართოს, თუ გადაწყვეტს, რომ ხმამაღლა ისაუბროს თავის პრობლემაზე.
– ეკა, რა დრო გავიდა თქვენი შეუღლებიდან და რამდენი ხანია, რაც მეუღლე თქვენზე ძალადობს?
– სექტემბერში 12 წელი შესრულდება, რაც ამ ოჯახის რძალი გავხდი. გარიგებით გამათხოვეს, არავის უკითხავს, რა მსურდა, თუმცა ვერ გეტყვით, რომ ქმრის მიმართ ყოველთვის გულგრილი ვიყავი. დროთა განმავლობაში შევძელი გარკვეული კომპლექსების დაძლევა და თავს უფლება მივეცი, შემყვარებოდა. თუმცა ეს სიყვარულობანა ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა – თანაცხოვრების მეორე წლისთავზე მივხვდი, რომ ეს ურთიერთობა დაცლილი იყო ყოველგვარი გრძნობისგან.
–თუ შეყვარება შეძელით, რა მოხდა შემდეგ?
– რაღაც პერიოდი მიყვარდა, ან მეგონა, რომ მიყვარდა, არ ვიცი, საკუთარ თავთან მუდმივი ჭიდილი მქონდა. ხანდახან მეცოდებოდა ჩემი ქმარი, რადგან ვხვდებოდი, რომ ისიც თავისი მშობლების ზემოქმედების მსხვერპლია. . . მამის გავლენას დღემდე განიცდის. 46 წლისაა და ნაბიჯს ვერ დგამს უმისოდ. ხანდახან დასანახად ვერ ვიტან იმ თვისებების გამო, რაც ხასიათში აქვს. დღემდე ჰგონია, რომ ქალს როგორც უნდა და რა ვითარებაშიც უნდა, ისე უნდა მოექცეს და არა ისე, როგორც ქალს სურს. ჩემი სურვილები დიდი ხანია აღარავის აინტერესებს და თითქოს შევეგუე ამას. მივყვები რუტინულ ცხოვრებას, სხვის ნაკარნახევ ჩემს ცხოვრებას და არ ვიცი, სანამდე მეყოფა ნებისყოფა.
– რა ტიპის ძალადობის ქვეშ ხართ და არ გიცდიათ შესაბამისი ორგანოებისთვის, სადაც თქვენს უფლებებს დაიცავენ, მიგემართათ?
– როგორ გითხრათ, ამაზე საუბარიც მერიდება, მაგრამ მგონი ყველანაირი ძალადობის ადრესატი გავმხდარვარ მისგან, სექსუალურის – პირველ რიგში. რამდენჯერ შეუძლოდ ვყოფილვარ, ამიხსნია, რომ არ მსურდა მასთან კავშირი, თუმცა არასდროს გაუთვალისწინებია, როგორც ნივთს, უგრძნობს, უემოციოს, ისე მომპყრობია, ძალა გამოუყენებია. ამის გამო ხშირად ისე შეურაცხყოფილად მიგრძნია თავი, თვითმკვლელობაზე მიფიქრია, თუმცა ღვთისმოშიში ვარ და ვიცი, რომ ეს დიდი ცოდვაა, თან ჩემი შვილები მეცოდება. თავი რომ მოვიკლა, ვინ იცის რა დღეში ჩაცვივდებიან. ამიტომაც, დღემდე ვითმენ ამ დამცირებას.
– მშობლებისთვის არ გითქვამთ, ან მეგობრებისთვის, იქნებ შეძლონ თქვენი დახმარება და თავი დაიხსნათ ადამიანისგან, რომელიც აღარ გიყვართ, ამავდროულად ძალადობს თქვენზე?…
– დედა გარდაცვლილი მყავს, მამამ სხვა ქალი შეირთო. თავისი ცხოვრება აქვთ. კი ვთქვი ერთ-ორჯერ მეგობრებთანაც, მაგრამ ყურად არავინ იღო ჩემი პრობლემა. ასე მგონია, ყველას თავისი სატკივარი აქვს და ჩემსასაც ვეღარ დავაძალებ. იმის იმედი მაქვს, რომ დალევას მოუკლებს ჩემი მეუღლე და ძალადობასაც შეამცირებს. ამ ბოლო დროს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და ექიმმა ურჩია, ნაკლები ალკოჰოლი მიეღო. მოკლედ, ბედს ვარ მინდობილი, მივყვები ყოველდღიურობას და ვნახოთ, სადამდე მიმიყვანს.
– პანდემიის პერიოდში, როცა ყველა თვითიზოლაციაშია, მეუღლის აგრესია ხომ არ გამძაფრდა თქვენი მისამართით ?
– ვერ ვიტყვი, რომ რამე შეიცვალა, თუმცა უფრო დაძაბული ნამდვილად გახდა. სულ რაღაცაზე ჩხუბობს უმიზეზოდ, ბავშვებსაც ზედმეტად ავიწროებს, თუმცა ისეთი არაფერი ხდება, რაც აქამდე არ მომხდარა. იცით, როგორ ვარ? თითქოს შევეგუე იმ ყოფას, რომელშიც ვარ და მგონია, ვეღარაფერს შევცვლი, რომც ვცადო, აღარაფერი გამომივა, მაგრამ რამდენიმე გოგოს ვიცნობ, ვინც მოინდომა და შეცვალა თავისი ცხოვრება. მეც მინდა მათსავით ძლიერი და მებრძოლი ვიყო, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვახერხებ. ვერ დაგპირდებით, რომ ხვალ მოვახერხებ, ან ზეგ, მაგრამ გპირდებით, რომ ვიმუშავებ საკუთარ თავზე, რომ შევძლო ერთხელ და სამუდამოდ უარი ვთქვა ადამიანზე, რომელსაც არ ვუყვარვარ, პატივს არ მცემს და არაფრად აგდებს ჩემს სურვილებს, – გვითხრა ეკა გობაძემ.
ეკას მსგავსად, არაერთი ქალი განიცდის სექსუალურ ძალადობას ჩვენს ქვეყანაში, ზოგიერთი მათგანი ამხელს მოძალადეს და ხმამაღლა საუბრობს ამაზე, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც სამწუხაროდ დუმილს ამჯობინებენ, თუმცა მათ სახელმწიფოსგან, ისევე როგორც ნებისმიერ ძალადობის მსხვერპლ ადამიანს, სჭირდებათ მეტი სამართლებრივი ბერკეტი, რათა უკეთ დაიცვან თავი მოძალადეებისგან. აუცილებელია შევიდეს ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში, სადაც მკაფიოდ იქნება ჩაწერილი, რომ სქესობრივი კავშირი უნდა მოხდეს პარტნიორების შეთანხმების საფუძველზე და არა ისე, როგორც ეს ერთ, ან მეორე მხარეს სურს.

