რას გულისხმობს მწვანე კორიდორი?
ირმა ცეცხლაძე: 577 20 45 63 –
„. . .თუკი ისრაელიდან ტურისტს მივიღებთ, ისრაელმა უნდა უზრუნველყოს მისი მოქალაქის ტესტირება“
ერთ თვეში არავინ ელოდა საერთაშორისო ფრენების აღდგენას და უცხოელ ტურისტებს. დღეს ყველა თვალს ადევნებს, რა გადაწყდება ე.წ. მწვანე კორიდორთან, ვირუსის გავრცელებასა და უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით. რა ხდება ამ კუთხით რეგიონში, როგორ იმართება საკარანტინო ზონები და რა პერსპექტივები გაგვაჩნია ტურიზმის კუთხით უახლოეს მომავალში, ამაზე საუბრობს ჩვენთან ინტერვიუში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე.
– თუ შეიძლება, მოკლედ მიმოიხილეთ 2019 წელი ტურიზმის კუთხით.
– იმის მიუხედავად, რომ 2019 წლის ზაფხულში რთული და დიდი გამოწვევები გვქონდა, ბევრი პროექტი დაიგეგმა, რომელიც კერძო სექტორთან განხორციელდა და წელი მზარდი სტატისტიკით დავასრულეთ – საქართველოს მასშტაბით 9 მილიონ 400 000 საერთაშორისო მოგზაური დაფიქსირდა. მხოლოდ ჩვენი ადმინისტრაციული საზღვრების მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, აჭარაში 2 მილიონ 200 ათასი მოგზაური შემოვიდა, შიდა ტურისტების რიცხვმა კი მილიონ 9 000-ს მიაღწია. დაგვემატა ჩარტერული რეისები ევროპიდან, საიდანაც ბევრი ტურისტი ჩამოვიდა, რამაც შეამსუბუქა რუსეთთან ფრენების აკრძალვით გამოწვეული ზარალი კერძო სექტორში. პოზიტიური შედეგი გამოიღო სარეკლამო კამპანიებმა ახალ სამიზნე ქვეყნებში და წელი მზარდი დინამიკით დავასრულეთ. ეს 2020 წლის იანვარ-თებერვლის სტატისტიკაზეც აისახა ვიზიტორების 10%-იანი მატებით.
– რა სახის ტურისტული პროდუქტები, მარშრუტები და სერვისები შეემატა ჩვენს რეგიონს?
-ამ კუთხითაც წარმატებული იყო შარშანდელი წელი. ბევრი ახალი, საინტერესო პროექტი განვახორციელეთ, 15-მდე ახალი მარშრუტი შემუშავდა და არსებული – დაიხვეწა. მაღალმთიან აჭარას შარშან 260 ათასი ვიზიტორი ესტუმრა, მით უმეტეს, რომ ჯერჯერობით არ არის მოწესრიგებული ეს მხარე. თითოეულ მუნიციპალიტეტში ოჯახური ტიპის სასტუმროების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა. შესაბამისად, იმატა კვების ობიექტებმაც და იმ ადამიანების რიცხვმაც, რომლებიც დაინტერესდნენ აქ ტურიზმის განვითარებით, პერპექტივებით. ჩვენ ვაპირებთ აჭარის რეკლამირებას როგორც ზღვის, ისე სამთო და ეკო ტურიზმის მიმართულებით, რაც დღევანდელ რეალობაშიც პრიორიტეტულია.
– დღეს ცოტა რთულია, იმსჯელო ტურისტულ პრიორიტეტებზე.
– პანდემიის პირობებში მსოფლიო ტურიზმი სახეს იცვლის და სამოგზაურო პორტფელი იცვლება, ამიტომ მისი ადაპტირება ხდება შექმნილ სიტუაციასთან. რა თქმა უნდა, წინა პლანზე დგება ინდივიდუალური დასვენება. კერძოდ, ეკო და სათავგადასავლო ტურიზმი. სულ სხვა დატვირთვა შეიძინა დაცულმა ტერიტორიებმა, რომელიც მრავლად გვაქვს საქართველოში. მარტო აჭარაში ოთხი დაცული ტერიტორიაა. ამას ემატება ჩირუხის მთის ლანდშაფტი, გოდერძის უღელტეხილი – ზამთარში, ზაფხულში კი ჩანჩქერები, უნიკალური მწვანე ტბა და ა.შ.
– თუ შეიძლება დაგვიკონკრეტეთ გოდერძის უღელტეხილზე მიმდინარე ინფასტრუქტურული პროექტები. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ იქ ფასები „იკბინება“ რიგითი დამსვენებლებისთვის.
-კურორტი გოდერძი უკვე აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. ამ ეტაპზე იქ არსებულ კოტეჯებში დაახლოებით 150-მდე მოქალაქე თუ მოთავსდება. კოვიდ-19-ის გამო შეჩერებულია ობიექტების მშენებლობა, თუმცა იმედი გვაქვს, მალე ესეც განახლდება, რადგან ქვეყანა უბრუნდება ჩვეულ რიტმს. რაც შეეხება სიძვირეს, მოთხოვნა მაღალია და შესაბამისად, ფასებიც. ამას არეგულირებს ბაზარი, ჩვენ ვერ ჩავერევით. თუმცა იქვე, კოტეჯებთან ახლოს არის სოფელი დანისპარაული, სადაც 20-მდე საოჯახო სასტუმრო ფუნქციონირებს და 50 ლარში სთავაზობენ სტუმრებს მასპინძლობას სამჯერადი კვებით, სხვადასხვა სერვისით და ადგილზე ტრანსპორტირებით.
– თამამად შეიძლება ითქვას, თქვენი დეპარტამენტი ახალი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ფრონტის წინა ხაზზეა. ამ ეტაპზე ყველას აინტერესებს რა სისტემით მუშაობს საკარანტინო ზონები, რა ნიშნით არჩევთ სასტუმროებს და როგორ ახერხებთ ყველაფრის ორგანიზებას?
– დღეს მთელი მსოფლიო ებრძვის ვირუსს, რომლის პროგნოზირებაც შეუძლებელია. პანდემიის ფონზე საქართველო მოწინავე პოზიციაზე აღმოჩნდა ვირუსის მართვის და პრევენციის თვალსაზრისით. ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ძალისხმევით, მინიმუმამდე დავიდა ვირუსის გავრცელება. ჯერ კიდევ უცნობია, რა გველის წინ და ამიტომ აუცილებელია, გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია, რომელსაც სათანადო ორგანიზაციები გვთავაზობს. ამ ფონზე საკარანტინო ზონების მოწყობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია. თავდაპირველად, აქ ათავსებდნენ რისკის შემცველი ქვეყნებიდან ჩამოსულ მოქალაქეებს. შემდეგ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება უცხოეთის ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსული ადამიანები მოეთავსებინა 14-დღიან კარანტინში, რადგან ვირუსი მოედო მთელ პლანეტას. დღევანდელი მონაცემებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, საკარანტინო ზონების მომსახურებით ისარგებლა 19 000-ზე მეტმა მოქალაქემ. აჭარაში გვაქვს 27 საკარანტინო ზონა, რომელმაც გაატარა 7 000-მდე მოქალაქე. სათანადო სასტუმროს ვარჩევდით სხვადასხვა ნიშნით. პირველ რიგში, მდებარეობის მიხედვით – არ უნდა ყოფილიყო საცხოვრებელ შენობასთან ან დასახლებულ პუნქტთან ახლოს. ასევე, ვითვალისწინებდით ნაგებობის შიდა ვენტილაციას, ნომრების რაოდენობას, ინტერნეტის განაწილებას, აივნების იაზოლაციას, დერეფნებს, კვების ბლოკს, პერსონალის რაოდენობას და ა.შ. ისეთ დეტალებს ექცეოდა ყურადღება, მანამდე რომ ვერ განვსაზღვრავდით. სასტუმროების შერჩევის მთელი ეს ეტაპი ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად გავიარეთ. ვცდილობდით, მოგვეძებნა არანაკლებ 50-ნომრიანი სასტუმრო, რადგან აქ უნდა განთავსებულიყვნენ არა მხოლოდ სტუმრები, არამედ დაცვის თანამშრომლები, სამედიცინო პერსონალი, რომლებიც მართავდნენ მთელ პროცესს.
– პრობლემები შეგექმნათ სასტუმროების დაჯავშნასთან და პერსონალთან დაკავშირებით?
– რა თქმა უნდა, ბევრი უარზე იყო, რადგან შედეგების ეშინოდა. ჩვენ ვატარებდით ინდივიდუალურ ტრენინგებს როგორც ადმინისტრაციის, ისე რიგითი მომსახურე პერსონალისთვის. პროტოკოლების მიხედვით ვუხსნიდით, თუ რა წესების დაცვა იყო აუცილებელი ინფიცირების თავიდან ასაცილებლად, როგორ დაელაგებინათ, მიეწოდებინათ კერძები და ა.შ. ეს ერთი შეხედვით იოლი პროცესი, როდესაც მასში ეპიდემიოლოგები ჩაერივნენ, იმდენად სიღრმისეული აღმოჩნდა, რომ დამატებით სხვა უნარ-ჩვევების ათვისება მოუხდა სასტუმროების პერსონალს. თუმცა ეს იცავდა კიდეც მათ და აღარ ჰქონდათ ინფიცირების შიში.
– რამდენი ხანი ემზადებოდა სასტუმრო სტუმრების ამ რეჟიმში მისაღებად?
– სამი-ოთხი დღის ინტენსიური ტრენინგები გვყოფნიდა. აეროპორტში თუ სარფის საბაჟოზე სპეციალური აღჭურვილობით ხვდებოდა პერსონალი მოქალაქეს და იქვე უტარებდა ინსტრუქციებს. მინდა მადლობა გადავუხადო ამ ადამიანებს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში ემსახურებიან სავარაუდო ინფიცირებულებს და უზარმაზარ საქმეს აკეთებენ მაღალი ორგანიზებით და დიდი პასუხისმგებლობით.
– ხომ არ გქონიათ პერსონალის ინფიცირების შემთხვევა?
– არა. ჩვენთვის ამ ადამიანების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება წინა პლანზე დგას. მუდმივად უტარდებათ ტრენინგები და უახლდებათ ინფორმაცია, რათა არ მოეშვან, არ ჩათვალონ, რომ საფრთხემ ჩაიარა. ასევე, ჩვენმა ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე დააანონსა, რომ პრევენციისთვის დაიწყებს საკარანტინო ზონების სასტუმროების პერსონალის ვირუსზე ტესტირებას, რაც კიდევ უფრო შეამცირებს მსგავს რისკებს.
– პრემიერის განცხადებით, მალე ამოქმედდება შიდა ტურიზმი, რასაც მოჰყვება საერთაშორისო ფრენების აღდგენა და შესაბამისად, უცხოელი მოგზაურების მიღება. რამდენად უსაფრთხო იქნება ეს საქართველოსთვის, რომელმაც აქამდე შეინარჩუნა მოწინავე პოზიცია ვირუსთან ბრძოლაში?
-აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ რამდენიმე დეტალს. ის, რომ 15 ივნისს შიდა ტურიზმი იხსნება, ხოლო 1 ივლისს – „მწვანე კორიდორი“, რომლითაც ისარგებლებენ უცხოელი ვიზიტორები საქართველოში დასასვენებლად, არ გულისხმობს ყველა ქვეყნის და ყველა ავიარეისისთვის საზღვრის გახსნას.
– რას გულისხმობს მწვანე კორიდორი და რა ნიშნით არჩევენ ქვეყნებს, საიდანაც ტურისტების შემოყვანას აპირებენ?
– იმ ქვეყნებს შორის, სადაც უნდა გაკეთდეს კორიდორი, სახელმწიფოებრივ დონეზე ხდება შეთანხმება. მაგალითად, თუკი ისრაელის მოქალაქეებს მივიღებთ, ისრაელმა უნდა უზრუნველყოს კონკრეტული მოქალაქის ტესტირება და მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ გამოუშვას ჩვენთან. ასევე, ჩვენს საზღვარზეც მოეწყობა სათანადო ინფრასტრუქტურა, სადაც ეს მოქალაქეები დამატებით კონტროლს გაივლიან.
– ორკვირიანი კარანტინი აღარ იქნება?
– რა თქმა უნდა, არა. ჩვენ ახლა ვამუშავებთ სასტუმროების პროტოკოლებს, რომელიც ტურისტების მიღებაში, განთავსებაში და საერთოდ, ამ პროცესის მართვაში დაგვეხმარება.
– რატომ ხართ დარწმუნებული, რომ საქართველოს ტურისტების დიდი ნაკადი მოაწყდება?
– იმიტომ, რომ ვინც სამოგზაუროდ გასვლას ბედავს, აუცილებლად ამოწმებს კოვიდ-სტატისტიკას – რამდენია ინფიცირებული, რამდენი გარდაცვლილი და როგორ მართავს ქვეყანა ამ პროცესს. ჩვენ მოწინავე პოზიცია გვიკავია, რაც უნდა გამოვიყენოთ და სტუმრებს დავახვედროთ კოვიდთან მორგებული, გამართული ინფრასტრუქტურა. ახლა მუშაობენ სტანდარტებსა და პროტოკოლებზე, რომელიც შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საერთაშორისო ტურიზმის და ჯანმოს მოთხოვნებთან. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, ყოველდღიურ რეჟიმში ვაწარმოებთ ამ სტანდარტების მორგებას და ადაპტირებას ჩვენს რელობასთან. დარწმუნებული ვარ, ტურიზმის კერძო სეგმენტი სრულად გაიზიარებს იმ სტანდარტებს და რეკომენდაციებს, რასაც სახელმწიფო შესთავაზებს. ჩვენ კი პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ უსაფრთხო ტურიზმისთვის ჩავატაროთ ყველა აუცილებელი ტრენინგი და მოვამზადოთ დედლაინები.