რა შეცვალა ახალმა კორონავირუსმა საქორწილო ინდუსტრიაში?
ნათია იმნაიშვილი: 27 48 93 –
„ამ დღის გახსენება მუდამ ბედნიერ ღიმილს უნდა გგვრიდეთ“
დახურული რესტორნები და საქორწინო დარბაზები, გადადებული ფრენები, გაუქმებული ჯავშნები და უპატარძლოდ დარჩენილი კაბები. . .
ეპიდემიის, მსოფლიოში ახალი წესების პირობებში, როგორც ყველას, საქორწილო ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიებსაც დიდი თავსატეხი გაუჩნდათ. მედიკოსთა რეკომენდაციების დაცვით, რთული იქნება ისეთი საოცნებო ქორწილის მოწყობა, როგორსაც მრავალი პატარძალი ასე სულმოუთქმელად ელოდა, ამიტომაც გაუქმდა ქორწილები ერთი მეორის მიყოლებით, თუმცა გამოსავლის პოვნა ყველა სიტუაციიდან შეიძლება, განსაკუთრებით, მაშინ, როცა პროფესიონალისგან ვიღებთ და ვითვალისწინებთ რჩევებს.
ღონისძიებების ორგანიზატორ ანუკი თევდორაძის რჩევები, ვფიქრობთ, ყველა პატარძალმა უნდა გაითვალისწინოს.
– ანუკი, რა შეცვალა ახალმა კორონავირუსმა თქვენს საქმიანობაში ?
– მნიშვნელოვანი და სამწუხარო ცვლილება არის ის, რომ ქორწილების გამართვის ძირითადი სეზონი შემცირდა. თუ აქამდე ღონისძიებები, კონკრეტულად ქორწილები, იწყებოდა აპრილიდან და გრძელდებოდა ნოემბრამდე, პანდემიის გამო წელს ეს პერიოდი საკმაოდ დამოკლდება. შეიცვალა ისიც, რომ პატარძლებს პირადად ვეღარ ვხვდებით და როგორც ყველას, ჩვენც გვიწევს მხოლოდ ონლაინ მუშაობა. ამ კუთხით, გაგვიმართლა, რადგან ამას აქამდეც ვაკეთებდით, იქედან გამომდინარე, რომ ძირითადად, უცხოელებზე ვმუშაობთ.
– ამ პერიოდის განმავლობაში რა იყო ყველაზე რთული ?
– ყველაზე რთული იყო გაუგებარ მდგომარეობაში ყოფნა. დასაწყისში არ გვქონდა კონკრეტული ინფორმაცია, არ ვიცოდით, როდიდან შეგვეძლებოდა ღონისძიებების ჩატარება, თუმცა გამოცდილებამ გვიკარნახა, რომ დროულად უნდა გადაგვეტანა ისინი სექტემბერში, რადგანაც უფრო ნაკლები იყო იმის შესაძლებლობა, რომ საერთოდ არ ჩატარებულიყო. ასევე, რთული იყო იმის გააზრება, რომ შესაძლოა უცხოელი სტუმრები ვერ ჩამოსულიყვნენ და ეს გამხდარიყო ქორწილის გაუქმების მიზეზი. ამ პერიოდის განმავლობაში გაგვიჭირდა ახალი შეკვეთების აღება, რადგანაც მომხმარებლების ძირითადი ნაწილი თავს იკავებდა რაიმეს დაგეგმვისგან მანამ, სანამ არ დაინახავდნენ ეპიდემიის გავრცელების რეალურ სურათს.
– ჩანიშნული ქორწილების უმრავლესობა მთლიანად გაუქმდა თუ ჯავშნები გადაიტანეს ?
– ჩვენი კომპანიის შემთხვევაში, საბედნიეროდ, არცერთი ქორწილი არ გაუქმებულა. დროულად შევძელით მათი გადატანა სექტემბერ-ოქტომბერში. საბედნიეროდ, პატარძლებიც დაგვთანხმდნენ, გამოგვყვნენ ამ ნაბიჯში და გაუმართლათ, რადგანაც მათი ქორწილი არ აღმოჩნდა გაუქმების საფრთხის ქვეშ.
-კარანტინისა და თვითიზოლაციის პერიდოში, რამდენად ხშირი იყო მომხმარებლების მომართვიანობა და სამომავლო დაჯავშნა?
– ხშირად, პატარძლებს არ სურდათ ივნისში დაგეგმილი ქორწილის თარიღის არც გაუქმება და არც გადატანა, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბევრი მაინც თავს იკავებდა გადაწყვეტილების მიღებისგან და მოლოდინის რეჟიმში რჩებოდა. ამ ეტაპზე სიტუაცია შედარებით გაუმჯობესებულია, მოიმატა მომართვიანობამ, ვფიქრობ, ივნისში კიდევ უფრო გააქტიურდებიან, რადგანაც ყველა ხედავს, რომ საშიშროება აღარ არის და შეუძლიათ, მშვიდად დაგეგმონ ღონისძიებაც.
– ყველაზე ხშირად, რა კითხვით მოგმართავდნენ მომხმარებლები?
– ბევრი გვწერს, რა ბედი ეწევა გადახდილ ავანსებს, რომლებიც უკვე ჩაურიცხეს რესტორნებს, ფოტოგრაფებს და ა.შ. ბევრმა არ იცის, შეიძლება თუ არა ამ ავანსების გადატანა ახალ თარიღზე და თუ გააუქმებენ ქორწილს, უბრუნდებათ თუ არა ეს თანხები. ამ ადამიანებს მინდა ვუპასუხო, რომ პირველ რიგში, სანამ გაუქმებას გადაწყვეტენ, დააზუსტონ თანხების დაბრუნების პირობა მათ პერსონალთან, ვინაიდან ეს არის ფორს-მაჟორული სიტუაცია, დიდი ალბათობით, ყველამ უნდა შეძლოს თანხის უკან დაბრუნება, ან ავანსის ახალ თარიღზე გადატანა. ხშირად უყურებენ გაუქმების თარიღს, ანუ როდის მოხდა მათი ინფორმირება გაუქმების შესახებ, იქიდან გამომდინარე, რომ ის კონკრეტული თარიღი (დრო), მაგალითად, ფოტოგრაფს გათვალისწინებული ჰქონდა კონკრეტული წყვილისთვის და შესაბამისად, უარი თქვა სხვა შეკვეთებზე, ამიტომ შესაძლებელია, ზოგიერთმა უარი განაცხადოს ავანსის დაბრუნება-გადატანაზე. წყვილებმა თავი რომ დაიზღვიონ, ჯობს, დროულად აცნობონ ამ ადამიანებს, რომ სურთ ავანსები დაიბრუნონ.
– რა გავლენა მოახდინა ახალი კორონავირუსისგან წარმოქმნილმა ეკონომიკურმა ფაქტორმა თქვენზე და თქვენს თანამშრომლებზე ?
– ამ ეტაპზე მხოლოდ ღონისძიებების რაოდენობამ მოახდინა გავლენა, თუ ვვარაუდობდით, რომ აპრილიდან ნოემბრამდე გვექნებოდა სეზონი და შესაბამისად, ეს ღონისძიებები გადანაწილებული იქნებოდა, ახლა მოგვიწევს, რომ ყველა შეკვეთა მოვაქციოთ დროის უფრო მცირე მონაკვეთში. შესაბამისად, წელს იქნება რთული წელი, მთელი სეზონის საქმე 2-3 თვეში გვექნება გასაკეთებელი და ვიმუშავებთ დიდი დატვირთვით.
– როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია დაიწყოს ქორწილების დაგეგმვა და უსაფრთხოა თუ არა ეს ყველაფერი ?
– ქორწილების დაგეგმვა ჩვენ დავიწყეთ თებერვლიდან, შესაბამისად, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იყო ქორწილებზე მუშაობა. ვინც არ შეუშინდა და ითანამშრომლა ჩვენთან, ისინი სექტემბრისთვის ელოდებიან მათთვის ამ ბედნიერ დღეებს, ხოლო ვისაც ჯერ კიდევ არ უზრუნია ამაზე და ახლა აპირებს გადაწყვეტილების მიღებას, არც ეს არის გვიანი. ყველაზე დიდ აქტიურობას მაინც ივნისიდან ველოდებით, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ამ შემთხვევაში იქნება ბევრი სირთულე, რადგან ლოკაციების დიდი ნაწილი უკვე დაჯავშნილია ძირითად თარიღებზე. ამიტომ მათ მოუწევთ, არჩევანის გააკეთება ბაზარზე დარჩენილ შეთავაზებებს შორის. ლოკაციის გარდა ეს ეხება ყველა საქორწილო სერვისს.
– რას ურჩევთ იმ პატარძლებს, რომლებმაც ამ პანდემიის დროს გააუქმეს ქორწილები, ან იმათ, ვინც აპირებს მის სამომავლოდ დაგეგმვას ?
– იმათ, ვისაც მოუწიათ გაუქმება, ვურჩევდი, რომ არ გაიტეხონ გული და მაინც აღნიშნონ აგვისტოსკენ ან სექტემბერში, თუნდაც პატარა ცერემონიით ან მოკრძალებული ვახშმით საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, ხოლო იმათ, ვინც სამომავლოდ აპირებს დაგეგმვას, ვურჩევ, რომ დღესვე გააკეთონ ჯავშნები, რადგანაც რაც უფრო ნაკლები დრო რჩება, მით უფრო ნაკლებია მათი ოცნების ქორწილის შანსი. შემდეგ გული რომ არ დაწყდეთ, ახლავე იზრუნონ ამაზე და წინ წაიგდონ საქმე!
– და ბოლოს – 5 ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა, რაც უნდა იცოდეს და გაითვალისწინოს პატარძალმა?
- ნუ დაიწყებთ ქორწილზე ზრუნვას 1-2 თვით ადრე, გააკეთეთ ეს მინიმუმ 5-6 თვით ადრე იმიტომ, რომ შესაძლოა, 1 თვით ადრე ვერ იპოვოთ სასურველი დიზაინერი, ლოკაცია, ფოტოგრაფი, წამყვანი და ა.შ. და მოგიწიოთ არჩევა ბაზარზე არსებული არასასურველი ვარიანტებიდან;
- თუ ქორწილი ივნისში დაგეგმეთ და არ ცვლით თარიღს იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ელოდებით მოვლენების განვითარებას – იჩქარეთ! ჩვენთვის უკვე ნათელია სიტუაცია და უმჯობესია, დროულად გადაიტანოთ თარიღი აგვისტოსა ან სექტემბერში, რათა გაიზარდოს ქორწილის ჩატარების შანსი. ეს განსაკუთრებით ეხება იმ წყვილებს, ვინც საზღვარგარეთ არიან, ან სტუმრებს ელოდებიან სხვადასხვა ქვეყნებიდან!
- აიყვანეთ ორგანიზატორი, ან დაიხმარეთ მსგავსი უნარების მქონე ადამიანი იმისთვის, რომ შეიმსუბუქოთ მოსამზადებელი პერიოდის ეიფორია. თუ თავად გსურთ დაგეგმვის პროცესის წარმართვა, მაშინ აუცილებლად აიყვანეთ ქორწილის დღის კოორდინატორი – და არა ახლობელი ადამიანი, რომ ამ მნიშვნელოვან დღეს შეძლოთ პროცესით დატკბობა და არ გქონდეთ ზედმეტი საზრუნავი. გადააბარეთ კოორდინატორს ყველა საქმე და გაერთეთ საკუთარ ქორწილში! არ დაავალოთ ეს საქმე მშობლებს, და-ძმებს ან მეგობრებს, რადგანაც ისინი თქვენი სტუმრები არიან და ერთად უნდა იზეიმოთ თქვენი ბედნიერება, ნუ მოაცდენთ მათ, ნუ დასტრესავთ ამ მშვენიერ დღეს!
- პერსონალთან აწარმოეთ მხოლოდ მიმოწერა, არ შეათანხმოთ მნიშვნელოვანი საკითხები სატელეფონო ზარის მეშვეობით, რადგანაც ხშირად, ეს ინფორმაცია ავიწყდებათ, ან იკარგება. მიმოწერა კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეძლოთ ინფორმაციის გადამოწმება და შეთანხმებული შეკვეთის ჯეროვნების შეფასება, რათა არ მოხდეს დისკომუნიკაცია და მიიღოთ სწორედ ისეთი ხარისხის მომსახურება იმ ბიუჯეტის ფარგლებში, როგორზეც შეათანხმებულნი იყავით;
- ყველაზე დიდი ყურადღება მიაქციეთ ქორწილის ვიზუალურ მხარეს და იმას, თუ როგორ შეიძლება უკეთ დაიმახსოვორთ ეს დღე. ვგულისხმობ კარგ გაფორმებას, მუსიკალურ პროგრამას და რა თქმა უნდა, პროფესიონალ ფოტოგრაფსა და ვიდეოგრაფს იმისთვის, რომ კარგად გაერთოთ, სტუმრებს შეუქმნათ ლამაზი გარემო და რაც მთავარია, ეს ყველაფერი დაგრჩეთ ლამაზ კადრებად, ისეთად, რომ არ მოგწყინდეთ ყურება. ამ დღის გახსენება მუდამ ბედნიერ ღიმილს უნდა გგვრიდეთ!