როგორ აიყვანა ხელოვნების სიყვარულმა სცენაზე ყოფილი პოლიციელი
ოთარ ცინარიძე: 599 85 21 14 –
შუახევის კულტურის სახლთან არსებული უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლის სოლისტ ნოდარ დავითაძეს დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდა. იგი ჩვენი გაზეთის სტუმარია.
– 11 წელი უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრი ხართ. მანამდე რა სამუშაოთი იყავით დაკავებული?
– ცეკვა-სიმღერა ჩვენი ჰობია. მამა, ალიოსმან დავითაძე, ცნობილი მომღერალი და მოცეკვავე იყო. მან „განდაგანას“ საკუთარი ვარიანტი დატოვა, რომელიც ხელოვნებაში „ალიოსმან დავითაძის განდაგანას“ სახელითაა ცნობილი. იგი წლების განმავლობაში შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. ბიძა, ოთარ დავითაძე, 85 წლისაა და ისიც სცენაზეა, შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორულ ანსამბლ „შუახევის“ წევრია. ძმა, ზაური, ამავე ანსამბლის სოლისტია. და, ნანი, ინწკირვეთის გოგონათა ანსამბლის უცვლელი წევრი იყო. მისი ქალიშვილი ნინო ჭაღალიძე შუახევის ქალთა ანსამბლის „ნაის“ წევრია. მუხლთატეხა არ უჭირთ ჩემს შვილებს. ნაბოლარა, გიორგი, ანსამბლის – „ზე-კართან“ მოცეკვავეა. სკოლის მერხიდანვე სცენაზე ვიდექი. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ წესრიგის დაცვის სადარაჯოზე დავდექი. შუახევის შინაგან საქმეთა განყოფილებაში ლეიტენანტის წოდებით მივედი და პენსიაზე ვიცეპოლკოვნიკი გავედი. 25 წელზე მეტი შსს-ს ორგანოებში გავატარე.
– პოლიციელის უნიფორმა და სცენა ერთმანეთთან, ცოტა არ იყოს, შორს არაა?
– ჩემს რეალობაში ასე არ ყოფილა. თითქმის 2 ათეული წელი ვიმუშავე იმ დროს, როცა შუახევის შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსი რაჟდენ ფუტკარაძე იყო. წესრიგსაც ვიცავდით, ხელოვნება გვიყვარდა და არ ვღალატობდით. განყოფილებასთან მოცეკვავეთა ჯგუფიც ჩამოყალიბდა. საოჯახო არქივში შენახული მაქვს სიგელი, რომელიც ერთ-ერთ ფესტივალზე მოვიპოვეთ. სათქმელია ისიც, რომ გამოდიოდა განყოფილებასთან არსებული გაზეთი „გორდა“.
– იშვიათობაა პოლიციის ოფიცერმა, თუნდაც ყოფილმა, სცენა გაითავისოს. . .
– ხელოვნების სიყვარულმა შთამაგონა სცენაზე დადგომა. ხელოვნებამ თანანმდებობა, ეროვნება, უმცროს-უფროსობა არ იცის. იმ დროს გავხდი „ფესვების“ წევრი, როცა შეუდარებელი მუხამედ ართმელაძე, ტარიელ მაკარაძე, იოსებ დიასამიძე, ტარიელ კაკალაძე, ხასან შარაშიძე ცოცხლები იყვნენ. ჩვენთვის მარტო სცენა არ იყო მთავარი. განუმეორებელია ის ურთიერთობები, რაც შემოქმედებას ახლდა. უცხოეთში გასვლა, რესპუბლიკურ და ადგილობრივ ფესტივალებში მონაწილეობა, საღვთო და საერო დღესასწაულებზე გამოსვლები ხალისიან განწყობას ქმნიდა. მახსოვს, როცა შუახევის კულტურის ცენტრს ზაურ დავითაძე ხელმძღვანელობდა, კულტურის ცენტრებთან არსებული ანსამბლები თბილისის სპორტის სასახლეში მიგვიწვიეს. მგზავრობისას „მაკრატელასთან“ მოცეკვავე დავით მჟავანაძე ავარიაში მოყვა. გრძნობადაკარგული ქარელის რაიონულ საავადმყოფოში მივიყვანეთ. საქმეში საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობა ჩაერთო და გორის ჰოსპიტალში გადაყვანა გახდა საჭირო. დაზარალებულთან ზაურ დავითაძე დავტოვეთ და დასავლეთისკენ წამოვედით. გზად ამბავი დაგვაწიეს, დავითი გონზე მოვიდაო. კვების ობიექტში შევედით და მისი გადარჩენა ცეკვა-სიმღერით აღვნიშნეთ. 11 წელია 20-მდე ასაკოვანი ადამიანი ერთად მოვდივართ.
– „ფესვების“ მოღვაწეობის ბოლო წლებს თუ გადავხედავთ, უცხოეთის რამდენიმე ქვეყანაში გასტროლს გვერდს ვერ ავუვლით, საინტერესო შემთხვევბი არ მოგაკლდებოდათ, რას გაიხსენებთ?
– ანსამბლში მამის როლი დავისაკუთრე და „განდაგანას“ სოლოს მისეულ ვარიანტს ვასრულებ. ტარიელ კაკალაძის გზა ხელოვნებაში მისმა შვილმა მიხეილ კაკალაძემ გააგრძელა. მუხამედ ართმელაძის შვილი რამაზიც მამისეულ „განდაგანას“ ასრულებს, იოსებ დიასამიძე კი ძმამ, მევლუდ დიასამიძემ, ჩაანაცვლა. იგი ანსამბლის ყველაზე ასაკოვანი წევრია. თურქეთში „ჩვენებურების“ მე-18 ფესტივალზე რომ მიგვიპატიჟეს, მევლუდიმ წასვლისას ავტობუსზე დააგვიანა, მაგრამ ჩვენდა გასაოცრად, ტრაპიზონში შემოგვიერთდა. ჯანმრთელობის მდგომარეობა სახარბიელო ვერ ჰქონდა ტარიელ მაკარაძეს, მაგრამ მაინც არ გვტოვებდა. „ფესვების“ უხუცესის წევრებს შორის ორი ქალბატონია – ნანული გოგიტიძე და თამარ დიასამიძე. ისინი მუდამ ხალისიან განწყობას გვიქმნიან. ცეკვა-სიმღერას, ხშირად, ჩვენთვის მედიკოსობასაც უხამებენ. შორეული და დამღლელი მგზავრობისას, რომელიც უხუცესებზე უარყოფითად მოქმედებს, ნანული და თამარი პირველადი დახმარების მედიკამენტებს სულ თან დაატარებენ.
– „ფესვების“ ხელოვნებას უცხოეთში და საქართველოს ყველა კუთხეში იცნობენ. სად გყავთ ყველაზე მეტი თაყვანისმცემელი?
– ჯავახეთსა და რაჭაში. სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის ლოცვა-კურთხევით, რამდენიმე წელია ჯავახეთის ზეგანზე საღვთო დღესასწაულ „ნინოობას“ ვუერთდებით და მონაწილეებს ჩვენს ხელოვნებას ვაზიარებთ. ნინოწმინდის სკოლა-პანსიონის აღსაზრდელები, მათი აღმზრდელები უკვე გაგვიშინაურდნენ. ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფის ბადრი დარჩიძის დამსახურებაა, რომ „ნინოობის“ მონაწილეებს რეპერტუარის განახლებულ ვარიანტებს ვთავაზობთ.
– მამათქვენს 60 წლის იუბილე მაღალ დონეზე გადაუხადეს, „საპატიო შუახეველის“ წოდება მიანიჭეს. თქვენი იუბილე როგორ აღნიშნეთ?
– 28 აპრილს მე და ჩემი შვილიშვილი, დათო დავითაძე, ვართ დაბადებულები. ახალი კორონავირუსის პანდემია რომ არა, ანსამბლის წევრებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად იუბილეს გადავიხდიდით. ამჯერად, მხოლოდ ოჯახურ წრეში შევიკრიბეთ. მეუღლე, სამი შვილი, რძლები, შვილიშვილები ორ იუბილარს გვეფერებოდნენ. ჩავთვალე, რომ ეს ჩემთვის ყველაზე დიდი პატივი იყო. ჩაივლის პანდემია, საზოგადოება ჩემთვის და სხვა იუბილარებისთვისაც დროს გამონახავს. მთავარია, რომ 70 წლის განმავლობაში, მით უმეტეს, სამართალდამცავ ორგანოებში ნამუშევარს, მომდურავი და მომჩივანი არ მყავს. სცენა პანდემიის გამო დროებით ფარდაჩამოშვებულია, მაგრამ ეზო, ყანა, ვაზი და ხეხილი ღიაა და მზრუნველობას ითხოვს. ოჯახის წევრებთან ერთად მათ ველოლიავები. ბიძაშვილმა დავით დავითაძემ მეფუტკრეობას მოკიდა ხელი. მსურს ამ მადლიან მწერთან ურთიერთობის საიდუმლო მეც შევისწავლო. ცხოვრება გრძელდება და არ ვაპირებ ერთ ადგილზე გაჩერებას. მადლობა უფალს, რომ ამის შეძლება მაქვს!