აჭარა – უსაფრთხო ტურისტული მიმართულება
მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93 –
ახალმა კორონავირუსმა მსოფლიოს დღის წესრიგი შეცვალა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა. პანდემიამ კრიზისი გამოიწვია ყველა სფეროში, გაჩერდა ეკონომიკა. ტურიზმის ყველა მიმართულება საქართველოში, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, ამ დროისთვის გაჩერებულია. სასტუმროებში, რომლებიც ახლა ჩაკეტილი არ არის, ტურისტების ნაცვლად, კოვიდ –19-ით ინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტში მყოფი, ან ის პირები ცხოვრობენ, რომლებსაც უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ. საქართველომ, სხვა ქვეყნების მსგავსად, თანდათან მკაცრი შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო. ხელისუფლებას აქვს პრეტენზია, რომ საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდეს, რომელიც ყველაზე ადრე იქნება მზად ტურისტების მისაღებად. 15 ივნისს ქვეყანა შიდატურიზმს გახსნის, პირველ ივლისს კი საერთაშორისო მოგზაურების მიღებას გეგმავს.
როგორ აისახა ახალი კორონავირუსის პანდემია საქართველოს ტურიზმზე, რა ტემპებით აღდგება ეს სფერო? – ამ და სხვა საკითხებზე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების სამსახურის უფროსი მიხეილ კოპლატაძე გვესაუბრება.
– მოგეხსენებათ, ტურიზმი საქართველოში ეროვნული ეკონომიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ტურისტული პროდუქტის შექმნაში მრავალი დარგი თანაბრად მონაწილეობს: განთავსების ობიექტები, ტრანსპორტი, კვების ობიექტები, ტურისტული კომპანიები, გიდები, სადაზღვევო კომპანიები და ა.შ. ტურიზმი წარმოადგენს სამუშაო ადგილების შექმნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს, შესაბამისად, ტურიზმის განვითრება კრიზისების დაძლევის პოლიტიკის საკვანძო ელემენტია. ტურიზმი იყო და არის მნიშვნელოვანი კონტრიბუცია. ქვეყნის ბიუჯეტში 2019 წელს მხოლოდ ტურიზმიდან გვქონდა 3.3 მილიარდი $ შემოსავალი, მშპ-ში 11.5% წილი სწორედ ტურიზმს ეკუთვნის. ახალი კორონავირუსის გავრცელების შედეგად დახურული საზღვრები და ის შეზღუდვები, რომლებიც აუცილებელია ვირუსის პრევენციისათვის, მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც მნიშვნელოვან ზარალს მიაყენებს ტურიზმის სექტორს და მასთან დაკავშირებულ დარგებს. თუმცა, მიუხედავად არსებული რთული სიტუაციისა, საკარანტინო სივრცეების მოწყობამ, რომელსაც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად უწევდა ოპერირებას და რომელიც უპრეცედენტო პროექტია მსოფლიოში, მოგვცა საშუალება კრიზისის პირობებში დავხმარებოდით სასტუმროებს, კვების ობიექტებსა და სატრანსპორტო კომპანიებს არ გაჩერებულიყვნენ (83 სასტუმრო, 2500 დასაქმებული ადამიანი). რა თქმა უნდა, აღნიშნულმა საკარანტინო სივრცეებმა ვერ მოიცვა სრულად ტურიზმის სექტორი, სწორედ ამიტომ ხელისუფლებამ შეიმუშავა ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმა.
– ბატონო მიხეილ, აღნიშნული ვირუსის გავრცელების გამო არსებულ კონკრეტულ გამოწვევებზე გვიამბეთ.
– უპირველესი გამოწვევა დღეს არის ადამიანების ჯანმრთელობა. ამ მიმართულებით უკვე ორი თვეა, უმკაცრესად ვიცავთ ვირუსის პრევენციისთვის საჭირო სტანდარტებს. საკარანტინო სივრცეები მოემსახურა 17000–ზე მეტ ადამიანს. დაწყებული მგზავრობიდან, კვებისას თუ განთავსებისას ყველა დეტალის გათვალისწინებით, დაცული იყო ის ნორმები, რომლებიც დღეს მვკიდრდება ბევრ ქვეყანაში. სწორედ აღნიშნულმა დროულმა ღონისძიებებმა საქართველო აქცია სამაგალითო ქვეყნად ახალ კორონავირუსთან ბროლაში და სწორედ ეს გამოწვევა გახდება ჩვენთვის შესაძლებლობა, რომლითაც ვიტყვით, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა. აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები უსაფრთხო დერეფნების შესახებ. როდესაც საზღვრები გაიხსნება, ხელისუფლების დავალებით, ქვეყანაში შემოსვლის ყველა მსურველი შემოწმდება. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს საერთაშორისო და ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინება, გაიდლაინების შემუშავება, რაც მაქსიმალურად დააზღვევს ქვეყანას, რომ ტურიზმის გახსნა არ გახდეს ქვეყანაში ვირუსის შემომტანი. პირიქით, ტურიზმის ამოქმედება ქვეყანას კრიზისის დაძლევაში უნდა დაეხმაროს.
– რას გვეტყვით ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისულ გეგმაზე?
– ერთ-ერთი პირველი სფერო ტურიზმი იყო, რომელზეც უარყოფითად აისახა კოვიდ -19- ის პანდემიის პერიოდში გატარებული ღონისძიებები. პანდემიის პირველივე დღიდან ხელისუფლებამ კონსულტაციები და ანტიკრიზისულ გეგმაზე მუშაობა დაიწყო. დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, აღნიშნული გეგმა იქნება საფუძველი ტურიზმის ამუშვებისა, რასაც შემდგომი ნაბიჯებიც მოყვება პოსტკრიზისული გეგმების, სტიმულირების ღონისძიებებისა და საერთაშორისო კამპანიების სახით. მოგეხსენებათ, პირველ ნოემბრამდე გადაუვადდათ ქონებისა და საშემოსავლო გასახადი 6118 ტურიზმთან დაკავშირებულ ბიზნესსუბიექტს. მცირე სასტუმროებს სახელმწიფო დაუფარავს საბანკო სესხის 6 თვის 80%-ს. ასევე მოლაპარაკბები მიმდინარეობს სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ. დაქირავებით დასაქმებული პირები მიიღებენ 1200 ლარს 6 თვის განმავლობაში, ხოლო თვითდასაქმებულები 300 ლარს ერთჯრადი სახით, რადგან, მთავარია, კრიზისმა უმუშევრობის წახალისებას არ შეუწყოს ხელი. ყოველ შენარჩუნებულ სამუშაო ადგილზე დამსაქმებელი სახელმწიფო სუბსიდიებს მიიღებს. განთავსების ობიექტები 2020 წლის ბოლომდე განთავისუფლდებიან ქონების გადასადახისგან, ხოლო საშემოსავლო წლის ბოლომდე გადაუვადდებათ. 6 თვის განმავლობაში მოხდება მათი სესხების სუბსიდირება. კვების ობიქტების შემთხვევაში ემატება საკრედიტო საგარანტიო სქემით სარგებლობა. ორივე შემთხვევაში – O-ს რეკომენდაციების დანერგვისა და განხორციელების ხელშეწყობა. ტურიზმის ამოქმედების გეგმა შეეხება ტურისტულ კომპანიებსა და გიდებსაც. თუ გადავხედავთ ჩვენი სამიზნე ქვეყნების მაგალითებს, რომლებმაც ასევე, შეიმუშავეს მსგავსი თემატიკის ტურიზმის სტიმულირების გეგმები, დამეთანხმებით, ზემოთ ხსენებული გეგმა საკმაოდ მოცულობითი და ეფექტიანია.
– შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რა პროგრამები არ განხორციელდება ტურიზმის მიმართულებით?
– სანამ ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდებით, ყველა რესურსი მოხმარდება ადგილზე ტურიზმის განვითარებასა და ხელშეწყობას, შესაბამისად, პირველ ეტაპზე გაუქმდა საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა. ამ მიმართულებით ონლაინრეჟიმზე გადავედით. ასევე, კარანტინის პერიოდში შეზღუდული იყო საერთაშორისო სარეკლამო კამპანიებიც.
–ტურიზმის რომელ მიმართულებებს თვლით ჩვენი რეგიონისთვის უფრო პერსპექტიულად?
– აჭარის შემთხვევაში, საჭიროა, იმ პროდუქტებისა და სერვისების განვითარება, რომლებიც გათვლილია ნაკლებად აქტიურ სეზონზე ვიზიტიორების მოსაზიდად. საბაზისო კვლევების დროს სამიზნე ქვეყნებიდან ვიზიტიორების მიერ დაფიქსირებული ინტერესების გათვალისწინებით, ეს შეიძლება იყოს სამზარეულო, ეგზოტიკური გარემო, ბუნება. მნიშვნელოვანია აქცენტის გადატანა ზღვისპირა ზოლიდან ტურისტულად ნაკლებად განვითარებულ, თუმცა დიდი პოტენციალის მქონე ზემო აჭარაზე, რაც, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს ზღვის ფაქტორისა და უპირატესობის უგულებელყოფას. პირიქით, პროდუქტების დივერსიფიცირება ხელს შეუწყობს მთლიანად რეგიონის განვითრებას. აჭარისთვის პერსპექტიულია ეკოტურიზმის განვითარება, სათავგადასავლო ტურიზმის განვითარება ზემო აჭარაში, ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის, საქმიანი ტურიზმის განვითრება. აჭარამ, როდესაც კრიზისი დაიძლევა, შესაძლებელია პოზიციონირება მოახდინოს როგორც ფესტივალების ადგილმა. სასურველია, მოეწყოს მულტიფუნქციური გასართობი სივრცე. მთავარი მესიჯია – აჭარა გახდეს 4 სეზონის განმავლობაში მიმზიდველი მიმართულება. ახალი გამოწვევებით, მსოფლიოსთვის შესაძლოა დაემატოს მთავარი გზავნილი – აჭარა უსაფრთხო ტურისტული მიმართულება!
– რას გვეტყვით სპორტულ ტურიზმზე?
– ბოლო წლებში ის დადებითი დინამიკა, რომელიც მიმართულია, როგორც სპორტული, პროფესიული და ელიტარული, საწვრთნელი ცენტრების, რეკრეაციული სპორტული კურორტების მოწყობისა და ზოგადად, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისაკენ, გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ აჭარა იქნება მიმზიდველი მიმართულება სპორტული ტურიზმის კუთხით. ეს ხელს შეუწყობს როგორც ზაფხულის და ზამთრის მაღალი დონის სპორტის სახეობების განვითარებას, ასევე, მასობრივი სპორტის პოპულარიზაციას. აქედან გამომდინარე, აჭარისთვის სპორტული ტურიზმი დამატებითი შესაძლებლობაა, მიიღოს სპორტული გუნდები, როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი პერიოდით და მოახდინოს რეგიონიდან ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია.
– აგრძელებთ თუ არა ბაზრების დივერსიფიკაციის პროცესს?
– ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ვახდენდით ბაზრების დივერსიფიცირებას და ვცდილობდით, ტრადიციული ბაზრების გარდა პოზიციონირება ახალ ბაზრებზეც დაგვეწყო, იქ, სადაც ჯერ არ გვიცნობენ, ან ნაკლებად გვიცნობდნენ როგორც ტურისტულ მიმართულებას და ტურისტების დაინტერესების პოტენციალის მქონეს. ეს ქვეყნები გახლდათ: ინგლისი, გერმანია, პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი. ვახორციელებდით როგორც გარე რეკლამას, ასევე რეკლამას სატელევიზიო, ინტერნეტსა და სოციალურ მედიაში. აქტიურად ვღებულობდით მონაწილეობას ტურისტულ გამოფენებსა და ფორუმებში. მაგალითად, შარშან მონაწილება მივიღეთ 30 ღონისძიებაში და 40–მდე მედია და ინფოტურს გავუწიეთ ორგანიზება. ამ ღონისძიებებმა საგრძნობლად გაზარდა აჭარის ტურისტული პოტენციალის ცნობადობა, რაც სტატისტიკაზეც აისახა. როგორც კი აღდგება ავიამიმოსვლა და შევძლებთ უსაფრთხო კორიდორების მოწყობას, იმედი გვაქვს, რომ ვირუსის პრევენციის ყველა სტანდარტის დაცვით, მივიღებთ ტურისტებს, როგორც ევროპიდან, ასევე აზიური ქვეყნებიდან და ა.შ.
– როგორ ფიქრობთ, რა ტემპით აღდგება ტურიზმი?
– ერთი რამ დანამდვილებით შემიძლიათ გითხრათ, ყველა საჭირო სტანდარტისა და რეკომენდაციის დანერგვისა და საზღვრების გახსნის შემდეგ ბათუმი, აჭარა იქნება პირველი უსაფრთხო ტურისტული მიმართულება, რომელიც ტურისტებს მიიღებს, როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე იმ ქვეყნებიდან, სადაც წლების განმავლობაში აქტიურად ვახდენდით ჩვენი რესურსებისა და პოტენციალის პოპულარიზაციას. ჩვენ ამ გამოწვევისათვის მზად ვართ, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერი დამოკიდებულია საერთაშორისო მდგომარეობაზე, ვირუსის გავრცელების დინამიკასა და საერთაშორისო რეკომენდაციებზე, რომლებსაც აქტიურად ვითვალისწინებთ. მოგეხსენებათ, 15 ივნისიდან შიდა ტურიზმისათვის, ხოლო 1 ივლისიდან საერთაშორისო ტურიზმისათვის იხსნება საქართველო. მანამდე კი ვირუსთან ბრძოლის იმ შედეგისთვის, რომელზეც მთელი მსოფლიო ლაპარაკობს, მადლობა მინდა გადავუხადო ექიმებს, სამართალდამცავებსა და საკარანტინო სივრცეების თანამშრომლებს. ასევე, იმ ადამიანებს, ვინც 24 საათის განმავლობაში ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე იყვნენ და რომელთა წარმატებული საქმიანობით იმედი გაგვიჩნდა, რომ მცირე ტემპებით, თუმცა უკვე წელს, კერძო და სახელმწიფო სექტორი ერთად შევძლებთ ტურიზმის ამუშავებას!

