დიდოსტატის შეგონება
ლაშა ხომერიკი: 593 50 82 69 –
საქართველოს გულანთებული პატრიოტები და ლიტერატურის მოყვარულები 15 მაისს ცის გახსნად აღიქვამენ – სწორედ ამ დღეს, 129 წლის წინათ საქართველოს მიწას, აბაშაში, გამსახურდიების ოჯახში ერთი ნათელი, უკვდავი სული მოევლინა, რომელსაც კონსტანტინე უწოდეს. გაივლის წლები და ეს ნათელი სული დიდ მწერლად და მოაზროვნედ, უდიდეს პატრიოტად, საქართველოს მეხოტბედ წარმოჩნდება და თაობათა გზამკვლევი გახდება.
„. . . ეს ცხოვრება მოსაწყენია, თუ ადამიანი არ იწევს რაიმე მაღალი და ზემყარი ამბებისთვის. . . მე რომ დიდი იდეებისთვის მოლაშქრედ არ წარმომედგინა თავი, ვეღარ გავუძლებდი იმ ქარიშხლებს, რომელთა გადატანა ასე თუ ისე შევძელი.” – კონსტანტინე გამსახურდიას წერილი, რომელშიც ეს სიტყვები წერია და რომელიც თავის ვაჟიშვილს, ზვიადს, გაუგზავნა, საჩინოდ ხდის ადამიანის, მისი რაობის, მისი დანიშნულების განსაკუთრებულობას და ამ ახალ რეალობაში სულიერი სიმტკიცისკენ და მიზნისკენ მოგვიწოდებს. კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებას არ მიმოვიხილავ, მინდა მხოლოდ რამდენიმე მომენტი გაგახსენოთ მისი ცხოვრებიდან, რომელიც მის ეროვნულ ცნობიერებას გამოკვეთს. დიახ, სამშობლო ამქვეყნად მისთვის უმთავრესი და უძვირფასესი იყო. არაფრის შეეშინდა და წითელი რეპრესიების ხანაში რუსეთის მიერ 1921 წელს საქართველოს დაპყრობა დაგმო, ლენინს საპროტესტო წერილი მისწერა, რის გამოც სამი წელი ციხეში გამოკეტეს, მაგრამ სულიერად ვერ გატეხეს. პროტესტის ნიშნად შემდგომ შავ ჩოხას ატარებდა თავის თანამოაზრეებთან ერთად. . . მას ხელს უშლიდნენ, თუმცა ფარ-ხმალი არ დაუყრია. თავის შესანიშნავ პუბლიცისტურ წერილებში ერის მომავალზე მსჯელობდა და ასე წერდა : ,,თუ გინდა განვითარდე და წარმატებულ ქვეყანაში ცხოვრობდე, კონკრეტული მიზნები უნდა დაისახო და მხოლოდ ასე შეიძლება გახდე მსოფლიოში მოწინავე ქვეყანა.“ ამ სულისკვეთებით ზრდიდა ზვიადს. მთელ მის შემოქმედებაში გაცოცხლებულია საქართველო, მისი ღირსშესანიშნავი ეპოქები უდიდესი მხატვრული ოსტატობითაა ნაქანდაკები, მან დაუვიწყარი, ისტორიული სახეები დაგვიხატა. მათ შორის პირველად მეფე გიორგი გააცოცხლა, სული შთაბერა. ეს მით უფრო საგულისხმოა, რომ გიორგი პირველი გამორჩეული მეომარი იყო, მას „უშიში ვითარცა უხორცოს” უწოდებდნენ. ამ მეფეს „ქართლის ცხოვრებაში“ ერთი ფურცელი აქვს დათმობილი. მართალია, უსაზღვროდ დიდია რუსთაველი და თანავარსკვლავედი მისი, მაგრამ არანაკლებ საამაყოა ჩვენი გამორჩეული ისტორიული ძეგლები: სვეტიცხოველი, გელათი, ბედია, მარტვილი. . . ასეთი დიდი ისტორიული ძეგლები ახალი ხიბლით წარმოჩნდა კონსტანტინე გამსახურდიას რომანებში. მხატვრული სიტყვის ამ დიდოსტატმა ნათლად დაგვანახა ქართველი კაცის ნიჭიერება, მისი სულის სიძლიერე. „იმ ერს, რომელიც მხოლოდ მიწის ზედაპირზე ახერხებს არსებობის ორიენტაციას, დღეს არავინ გაუტოლდება, მას არავინ გაუყადრებს თავს”, – წერდა დიდი კონსტანტინე ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში. ასეა, დიდი მწერლები წინასწარმეტყველები არიან, მომავალს ხედავენ. ჰოდა, ამიტომაც უფრო უპრიანია სწორედ ახლა მოვიგონოთ დიდი მწერალი და მისი შეგონებანიც ყურად ვიღოთ.

