საქართველო გახდა მსოფლიოში 58-ე ქვეყანა, სადაც ბავშვის ფიზიკური დასჯა აიკრძალა
ირმა ცეცხლაძე: 577 20 45 63 –
„დამიჭირეს და 15 დღე ქალაქის ქუჩები მახვეტინეს“
ბავშვებთან დამოკიდებულება რომ მკვეთრად შეიცვალა, ამას ყველა ჩვენგანი პირად მაგალითზე გრძნობს. თუ ადრე ჩვეულებრივ მოვლენად ითვლებოდა პატარის დასჯა, ხელის მირტყმა, იძულება, ცემაც კი, ახლა მსგავსი რამ იმდენად წარმოუდგენელია, რომ თუკი სადმე დავინახეთ განრისხებული მშობელი, საკუთარ მოვალეობად ვთვლით ბავშვზე აღებული ხელის შეჩერებას.
ამასწინათ, სამარშრუტო ტაქსით (როცა ჯერ კიდევ მოძრაობდა) მგზავრობისას, საინტერესო დიალოგს შევესწარი. ერთმა მგზავრმა მეორეს მიანიშნა ტელეფონს ჩაჩერებულ პატარა გოგონაზე სიტყვებით: „იქნება ახლა ასე მთელ დღეს, ჩემებსაც ვერ გამოახედებ სხვაგან, ისე იკარგებიან შიგ“. . . „არ მკითხო, აბა, მთელი ორი კვირა რატომ ვერ დავდიოდი სამსახურში?! ჩემი ლაშა 15 წლის რომ გახდა, უახლესი მოდელის ტელეფონი ვაჩუქეთ. დღიან-ღამიანად ხელში ეკავა, აღარც მეცადინეობდა და საშინლად გვეუხეშებოდა. ისე გამომიყვანა წყობიდან, გამოვღლიტე ხელიდან ის ოხერი ტელეფონი და ქვაფენილზე დავანარცხე. . . იცი რა ქნა? ხმაც არ ამოუღია, ჩუმად გადარეკა პატრულში, პირზე წამადგა, ჩემზე ძალადობდაო. დამიჭირეს და 15 დღე ქალაქის ქუჩები მახვეტინეს“. . . სალონი ხმამაღალმა სიცილმა შეძრა. მხოლოდ ის პატარა გოგო, ისევ ისე ჩასჩერებოდა ეკრანს.
მგზავრის მოყოლილი ამბავი ნაკლებად ჰგავს ძალადობას. მასში თავაშვებული თინეიჯერის ქცევა უფრო ჩანს. მშობლები ხშირად ურევენ დისციპლინას ბავშვის ხელშეუხებლობასთან. თუ დააკვირდებით დასავლურ ფილმებს, ბავშვებს არავინ ცემს, არც უყვირის ან ლანძღავს, მაგრამ არავინ აძლევს არა თუ ინტერნეტში დღედაღამ ყოფნის, ტელევიზორის დიდხანს ყურების უფლებასაც კი. უკვე არსებობს სხვადასხვა სახის აპრობირებული სასჯელი, რომელსაც წარმატებით იყენებენ ცივილიზებული ქვეეყნების ოჯახები თავიანთი შვილების ღირსეულად აღზრდისათვის და ამისათვის სულაც არ საჭიროებენ პატარის სიტყვიერ დამცირებას ან მის ფიზიკურ შევიწროებას.
ჩვენი ქვეყანა თანდათან ითვისებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის აღზრდის ახალ მეთოდებს. არცთუ ცოტა ხნის წინ ძლივს აიკრძალა პედაგოგების მიერ მოსწავლეების ცემა და ლანძღვა. ის კი არა, გარკვეულ მუნიციპალიტეტებში დღემდე ავიწროებენ საბავშვო ბაღების აღმზრდელები აღსაზრდელებს. იმედია, დროთა განმავლობაში ჩვენი საზოგადოება აღიარებს აქსიომას, რომ მცირეწლოვანი ადამიანი მისი სრულუფლებიანი წვერია და არავის აქვს მისი ამ უფლებების შელახვის უფლება, საკუთარ მშობლებსაც კი.
კოდექსი შემუშავებულია ქართველი კანონმდებლების მიერ გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად და მისი მთავარი ამოცანა ბავშვთა უფლებების დაცვის ერთიანი სტრატეგიის შემუშავებაა
ცხადია, ამ ყველაფერს კანონის შესაბამისობაში მოყვანა სჭირდება, რაც მოხდა კიდეც. საუბარია ბავშვის უფლებათა კოდექსზე, რომელზეც ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტი გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად მუშაობდა და რომელიც საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, 1 სექტემბრიდან შევა ძალაში.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა ბავშვის უფლებათა კოდექსი 2019 წლის სექტემბერში მიიღო. მისი ამოქმედება ქვეყანაში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო გადავადდა. ეს ყოვლისმომცველი სამართლებრივი დოკუმენტია, რომელსაც საქართველოში ბავშვების ცხოვრების გარდაქმნა შეუძლია. კოდექსის მიღება ბავშვის უფლებათა კონვენციის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს მიერ მიცემული ერთ-ერთი დაპირება იყო.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის სიტყვებით, დასავლელ პარტნიორებთან და დონორებთან ონლაინკონსულტაციები და ტრენინგები მიმდინარეობდა. თუმცა ვერ მოხერხდა პრაქტიკული ნაწილის ხორცშესხმა. ვინაიდან ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამო სოციალური დისტანციის წესები მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ თავად დეპუტატი ამ კოდექსის შემუშავების სამწლიან პროცესს ხელმძღვანელობდა, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარეობდა. მისი განცხადებით: „ეს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ამსახველი დოკუმენტია, რომელიც ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად საჭირო კონკრეტულ, ეფექტურ მექანიზმებს მოიცავს. პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩათვლით, მზად იყო კოდექსის 1 ივნისიდან ასამოქმედებლად.მაგრამ კორონავირუსის გამო შევჩერდით. კოდექსის მთავარი მიდგომა ის გახლავთ, რომ ბავშვებთან იმუშაონ მხოლოდ იმ ადამიანებმა, რომლებსაც აუცილებელი ცოდნა და ჩვევები აქვთ. ბავშვის უფლებათა კოდექსი შემდეგ ძირითად პრინციპს ეყრდნობა: ყველა სამართლებრივი და ადმინისტრაციული პროცედურა უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. კოდექსში ტერმინი „საუკეთესო ინტერესები“ განსაზღვრულია, როგორც „ბავშვის კეთილდღეობის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, საზოგადოებრივი, ზნეობრივი და სხვა ინტერესები, რომლებსაც პრიორიტეტულად განსაზღვრავს მშობელი ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, მისი მონაწილეობით და მისი მოსაზრების გათვალისწინებით”.
ეს კოდექსი წარმოადგენს დოკუმენტს, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ საქართველოს ხელისუფლების ორგანოებმა, მუნიციპალიტეტის ორგანოებმა, სხვა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა, საერთო სასამართლოებმა, საჯარო და კერძო სამართლის სუბიექტებმა და ფიზიკურმა პირებმა ბავშვებთან და ბავშვის საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების დროს. პრაქტიკაში ეს იმას ნიშნავს, რომ კოდექსი ისეთ იურიდიულ გარანტიებს იძლევა, რომლებიც უადვილებენ ბავშვებს, დამოუკიდებლად დაიცვან თავიანთი უფლებები მართლმსაჯულების ბავშვზე მორგებული ინსტიტუტებისა და სხვა მექანიზმების საშუალებით.
გაეროს ბავშვთა ფონდმა ტექნიკური დახმარება გაუწია ქვეყანას კოდექსის შემუშავებასა და ახალგაზრდებთან კონსულტაციების ორგანიზებაში. ევროკავშირის პოზიციასთან კოდექსის ძირითად ასპექტების შესაბამისობამ კოდექსზე მუშაობის ბოლო ეტაპი დააჩქარა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა უზრუნველყო“.
კოდექსის მიღების მნიშვნელობაზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ბიურომ განიხილა კოდექსში ცვლილებების მეტად მნიშვნელოვანი პაკეტი:
„ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანი პაკეტია. ის შემუშავებულია ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ სხვა მხარეებთან ერთად. მისი ამოქმედება ახლა იგეგმებოდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გრაფიკში ცვლილებების შეტანა მოგვიხდა. კოდექსი ძირეულად შეცვლის საქართველოს კანონმდებლობის დამოკიდებულებას ბავშვების მიმართ. აღსანიშნავია, რომ ისეთი ახალი მექანიზმების დანერგვის შედეგად, როგორიცაა ბავშვის უფლებების დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო, ბავშვთა უფლებების სახელმწიფო პოლიტიკაზე მუშაობის პროცესი უფრო სისტემატიზებულ და კოორდინირებულ ხასიათს მიიღებს. ისინი აგრეთვე ხელს შეუწყობენ კანონმდებლობის, ბიუჯეტის შედგენისა და საპარლამენტო მონიტორინგის გაუმჯობესებას.
კოდექსი ასევე, ითვალისწინებს ბავშვთა უფლებების დაცვის სპეციფიკური მექანიზმების შექმნას. მაგალითად, ის საფუძველს უყრის ბავშვზე მორგებულ მართლმსაჯულების სისტემას და სახელმწიფო სტრუქტურებს, რომლებიც ყველა ბავშვის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. კოდექსი ნერგავს ოჯახის დახმარების პროგრამებს და მთლიანად კრძალავს ფიზიკურ დასჯას ყველა ტიპის გარემოში. კოდექსის მიღების შედეგად საქართველო გახდა მსოფლიოში 58-ე ქვეყანა, სადაც ფიზიკური დასჯა სრულად არის აკრძალული.“
კოდექსის შემუშავებაში ძალიან ბევრი მხარე მონაწილეობდა: ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები, ახალგაზრდები და ბავშვები მოწვეულნი იყვნენ კოდექსის შესახებ კომენტარების გასაკეთებლად და რჩევების მისაცემად.
ახალი კოდექსის ავტორების ამოცანა ბავშვთა უფლებების დაცვის ერთიანი სტრატეგიისა და მათზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაა.
კოდექსის ფარგლებში 10 პროგრამა შეიქმნა:
ბავშვისა და ოჯახის დაცვის პროგრამა, რომელიც მოიცავს კრიზისულ სიტუაციებში ოჯახების ფინანსურ დახმარებას, მშობლებისთვის დასაქმებისა და გადამზადების შესაძლებლობის შეთავაზებას შემდგომი დასაქმების მიზნით. გარდა ამისა, ითვალისწინებს შესაბამის სკოლებთან კოორდინაციის გზით ბავშვების დახმარებას გამოტოვებული სასწავლო პროგრამების ასანაზღაურებლად, ბავშვების ჩართვას სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებით პროგრამასა თუ ბავშვთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსებში.
მშობელთა კონსულტაციის პროგრამა კი ითვალისწინებს კონსულტაციას მშობლებისთვის ორსულობის პერიოდსა და ბავშვის დაბადების პირველ წელს ოჯახური თანაცხოვრების, ბავშვის ჯანმრთელობისა და კვების საკითხებზე. ასევე ფსიქოლოგის მომსახურებას კონფლიქტური სიტუაციების გადასაწყვეტი უნარების გასავითარებლად როგორც მეუღლეებს შორის, ისე ბავშვების მიმართ. პროგრამის ფარგლებში მშობლებს კონსულტაციას გაუწევენ ოჯახური ძალადობის საკითხებზე.
ძალადობისგან ბავშვების დაცვის პროგრამა გულისხმობს სამედიცინო და ფსიქოსოციალური კონსულტაციებისა და თერაპიის კურსებს, რომლებიც მიმართულია ძალადობის პრევენციისკენ, მოძალადეების ძალადობრივი დამოკიდებულების შეცვლისკენ და ძალადობრივი ქცევის მიზეზების აღმოფხვრისკენ.
ბავშვის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა გათვლილია ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებულ პრევენციულ, საკონსულტაციო ღონისძიებებზე, გადაუდებელ ამბულატორიულ მომსახურებასა და იმუნიზაციაზე. მოიცავს სოციალური საფრთხის ქვეშ მყოფი ბავშვების ჯანმრთელობის დაცვის ინსტრუმენტებს, ასევე მსხვერპლთა და დანაშაულის მოწმე ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებს.
ბავშვის განათლების მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებს ბავშვების განათლების მხარდამჭერ ფორმალურ და არაფორმალურ კურსებსა და სემინარებს. პროგრამის მიზანია – მშობლიური ენისადმი და ეროვნული ტრადიციული და კულტურული ფასეულობებისადმი, ასევე სხვადასხვა კულტურისა და ცივილიზაციისადმი ბავშვის პატივისცემის გრძნობის გაღვივება. ბავშვის პიროვნების, ნიჭის, კრიტიკული აზროვნებისა და შესაძლებლობების სრულფასოვანი განვითარება. ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა, არაძალადობრივი კომუნიკაციის ჩვევების განვითარება.
სოციალური აქტივობის პროგრამში ჩადებულია მიმართულება, რომელიც ხელს შეუწყობს სპორტული და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას. აქვე გათვლილია საერთაშორისო ახალგაზრდული , ბავშვების დასვენების, კულტურული და მხატვრული პროგრამების შემუშავება.
ბავშვთა მოხალისეობის პროგრამა ითვალისწინებს ბავშვის ნებაყოფლობით ჩართვას უსასყიდლო საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაში. პროგრამის მიზანია – გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარის ფორმირება, ასევე საზოგადოების წინაშე სოლიდარობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება.
დედათა და ბავშვთა თავშესაფარი თავისთავად გულისხმობს ბენეფიციართა უზრუნველყოფას კვებით, ტანსაცმლითა და პირადი ჰიგიენის ნივთებით თავშესაფარში ყოფნის პერიოდში, ასევე დახმარებას პროფესიული და არაფორმალური განათლების მიღებაში. აუცილებლობის შემთხვევაში – ამბულატორიულ და სტაციონარულ სამედიცინო დახმარებასა და ფსიქოლოგის მომსახურებას.
ოჯახის დახმარების დღის ცენტრის პროგრამის თანახმად, ცენტრში ბავშვები უზრუნველყოფილი იქნებიან კვებით. მათ დაეხმარებიან პირადი ჩვევების ჩამოყალიბებაში. ბავშვები ჩაერთვებიან სხვადასხვა კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებაში. აუცილებლობის შემთხვევაში კი მათ აღმოუჩენენ ამბულატორიულ, სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას.
სპორტული აქტივობის პროგრამის მიზანია – ბავშვების ჩაბმა სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის მიზნით.
მოკლედ, ამოქმედდება თუ არა კოდექსი, ფრთხილად იყავით, ზედმეტად არაფერი შეჰბედოთ შვილებს, გაუფრთხილდით საკუთარ თავისუფლებას. . . ხუმრობა იქით იყოს და მართლაც, ღისშესანიშნავი მოვლენაა კოდექსის მიღება, რაც კიდევ ერთხელ გვაძლევს იმედს, რომ საქართველო მალე ჩამოყალიბდება ძლიერ, სამართლებრივ სახელმწიფოდ.

