შორენა ზაქარეიშვილი: ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ ჩვენ თავი უსაფრთხოდ და კარგად ვიგრძნოთ
ნათია იმნაიშვილი: 27 48 93 –
14-დღიან სავალდებულო კარანტინს, საქართველოს ყველა ის მოქალაქე გადის, რომელიც უცხო ქვეყნიდან ბრუნდება. ამ გადაწყვეტილებით საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, შეაჩეროს ახალი კორონავირუსის გავრცელება. ამ მიდგომამ ძალიან კარგად იმუშავა საწყის ეტაპზე და ახლაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს პანდემიასთან ბრძოლაში.
ბევრი დაიწერა და იწერება იმაზე, თუ რა ცუდ პირობებში უწევთ კარანტინის გავლა უცხო ქვეყნებიდან დაბრუნებულ ჩვენს თანამემამულეებს. ზოგს სასტუმრო არ მოსწონს, ზოგი საკვებს იწუნებს. ჩვენ დავინტერესდით, რა მდგომარეობაა ბათუმის საკარანტინე ზონებში და ჩავწერეთ შორენა ზაქარეიშვილი, რომელიც რამდენიმე დღეა, რაც თურქეთიდან დაბრუნდა და მასაც, როგორც ყველას, სავალდებულო კარანტინის გავლა უწევს.
– უკვე მესამე წელია, რაც ემიგრანტის სტატუსს ვატარებ. როგორც ბევრი ქართველი, მეც სამი თვით გადავდივარ თურქეთში, შემდეგ ვბრუნდები საქართველოში სამი თვით და ისევ – უკან. ამჯერადაც, იქ ყოფნის ლიმიტი ამომეწურა და იძულებული გავხდი დავბრუნებულიყავი. აღარ მქონდა იქ გაჩერების უფლება. კანონის დარღვევის შემთხვევაში ძალიან დიდი ჯარიმის გადახდა მომიწევდა. ბილეთის შოვნა გამიჭირდა, თუმცა ჩემი დამქირავებელი დამეხმარა და ასე მოვახერხე საქართველოში დაბრუნება.
– ქალბატონო შორენა, ბათუმის რომელ სასტუმროში იმყოფებით და როგორ დაგხვდათ მომსახურე და სამედიცინო პერსონალი?
– სასტუმრო „გრანდში“ მომიწია საკარანტინე პერიოდის გავლა. მიუხედავად იმისა, რომ სრულიად ჯანმრთელი ვარ, მაინც, წესისამებრ, მიკონტროლებენ ტემპერატურას და ვარ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ ჩვენ თავი უსაფრთხოდ და კარგად ვიგრძნოთ. გვანებივრებენ უგემრიელესი კერძებით და გვიქმნიან სრულ კომფორტს.
– თუ არის ისეთი რამ, რაც კატეგორიულად გეკრძალებათ?
-კატეგორიულად მეკრძალება ოთახიდან გასვლა 14 დღის განმავლობაში. საჭმელსაც პერსონალი გვაწვდის, რომლებიც სრულად აღჭურვილები არიან. თითოეული კარანტინში მყოფი გაგვაფრთხილეს, თუ ამ წესს დავარღვევთ, დავჯარიმდებით 3 000 ლარით.
– თურქეთზე რას გვეტყვით, როგორი მდგომარეობაა ახლა იქ ?
– ძალიან რთული მდგომარეობაა. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს სიტუაცია დარეგულირდა, მაინც მატულობს ინფიცირებულთა რიცხვი. პარასკევს, შაბათს და კვირას სრულ კარანტინად აცხადებენ, რაც გულისხმობს სრულ იზოლაციას. ჩემი დამქირავებელი ექიმია და ძალიან რთული გრაფიკით უწევდა მუშაობა. თვითონაც გვაფრთხილებდა, მაგრამ მეც ძალიან დიდ სიფრთხილეს ვიჩენდი და კვირის დანარჩენ დღეებშიც არ გავდიოდი გარეთ.