ექიმი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე
დაბადებიდან 87 წელი შეუსრულდა სახელოვან თანამემამულეს, ექიმს, მწერალს, საზოგადო მოღვაწეს, საქართველოს ისტორიის ცნობილ მკვლევარს, ჯანდაცვის თვალსაჩინო ორგანიზატორს, სამედიცინო-ეკოლოგიური უმაღლესი განათლების ფუძემდებელს საქართველოში, პროფესორ რამაზ სურმანიძეს.
უსასრულოდ შეიძლება საუბარი ბატონი რამაზ სურმანიძის როგორც სამედიცინო სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაზე, ისე სამწერლო და საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე. ვიტყვით მხოლოდ, რომ ბატონი რამაზი არის ნაყოფიერი და ხელხვავრიელი შემოქმედი. მან სამეცნიერო მუშაობა ჭაბუკობიდან დაიწყო. ჯერ კიდევ ბათუმის სამედიცინო სასწავლებელში სწავლისას, 1963 წელს გამოაქვეყნა პირველი სამეცნიერო ნაშრომი. ბატონი რამაზი არის 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მხატვრულ-პუბლიცისტური ნარკვევის, რამდენიმე რომანის ავტორი, რომლებიც 80-მდე წიგნსა და მონოგრაფიაში შევიდა. ჩამოვთვლით მხოლოდ ზოგიერთს: „დაუვიწყარი სახეები“, „ჯანმრთელობის დაცვის სათავეებთან“, „ჯანმრთელობის დაცვის განვითარება აჭარაში“, „სამკურნალო მცენარეები“ (ქართულ -ლათინურ-რუსული ლექსიკონი) – დამხმარე სახელძღვანელო სტუდენტთათვის, „ქართული კარაბადინი“ (მე-18 საუკუნე, აჭარაში აღმოჩენილი ვარიანტები), „ემრულა“, „რეგიონალური მედიცინის განვითარება საქართველოში“ (ორ წიგნად), „პროზა, ახალი მოთხრობები“, „მურღულის ქვა“, „ლაზეთის ლეგენდა“ და სხვა. ამათგან ორი უმნიშვნელოვანესი ნაშრომი სამართლიანად შეიძლება ჩაითვალოს ქართული მედიცინის ისტორიის დიდ შენაძენად. ესენია: „ქართული კარაბადინი“ და „რეგიონული მედიცინის განვითარება საქართველოში“.
„ქართული კარაბადინის“ აჭარაში აღმოჩენილი ვარიანტები პირველად გამოვიდა სამეცნიერო მიმოქცევაში. ეს სასწაულებრივად გადარჩენილი სამედიცინო ხელნაწერები ავტორმა საფუძვლიანად შეისწავლა, გააანალიზა მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, თან დაურთო განმარტებები, ლექსიკონ-ცნობარები, თემატური საძიებლები. ქართული სამედიცინო ხელნაწერების შესწავლის ისტორიაში პირველად გაკეთდა რეგიონის მედიცინის განვითარების ძირითადი ეტაპების შედარებები ქართულ კლასიკური სამედიცინო ძეგლებთან. მოცემულია ჰეკატეს ბაღის რამდენიმე ათეული მცენარის სიის დადგენის პირველი ცდა, რომლებსაც მედეა ეფექტურად იყენებდა. ანტიკური ცნობები შედარებულია რეგიონის თანამედროვე ხალხური მედიცინის მეთოდებთან. მეცნიერ-მედიკოსი მივიდა დასკვნამდე, რომელიც გარკვეულწილად, ამაგრებს ჰიპოთეზას არა მარტო ჰეკატეს ბაღის, არამედ თავად მედეას, როგორც გენიალური მკურნალისა და ბრძენი კოლხი მანდილოსნის, რეალურ არსებობაზე. ამ წიგნისთვის რამაზ სურმანიძეს მიენიჭა აბუსერისძე ტბელის სახელობის სახელმწიფო პრემია.„რეგიონალური მედიცინის განვითარება საქართველოში“ (აჭარის მაგალითზე, უძველესი დროიდან 1990 წლამდე, 2 წიგნად) წიგნში ასახვა ჰპოვა რეგიონალური მედიცინის განვითარების პერიოდიზაციამ, დარგის განვითარებაზე ისტორიული პროცესების გავლენებმა, ცალკე შეისწავლა სამედიცინო დახმარების ფორმები, ხალხური მედიცინა, პირველი ექიმები და ცხოვრება-მოღვაწეობა იმ მედიკოსებისა, ვინც საფუძველი ჩაუყარა აჭარაში ეროვნული მედიცინის განვითარებას და დარგის დაფუძნებას. აჭარის მაგალითზე განხილულია 1946-1990 წლებში მედიცინის განვითარების ისტორია, სამედიცინო ქსელის გაფართოება, კადრების მომზადება, სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების ახალი დარგების დაარსება და ამ საქმეში მედიცინის მუშაკთა წვლილი. მინიშნებულია აჭარის ექიმთა სამეცნიერო საზოგადოების, მისი ცალკეული წევრების ღვაწლზე, მოწინავე მედიკოსთა სამეცნიერო, პრაქტიკულ და საზოგადოებრივ საქმიანობაზე.
1961 წელს რამაზ სურმანიძის ინიციტივით, დაფუძნდა აჭარის მედიკოს-ისტორიკოსთა საზოგადოება, რომელსაც უცვლელად თავმჯდომარეობს 1972 წლიდან დღემდე. მისივე ინიციატივით, ბათუმსა და ქობულეთში მოეწყო არაერთი რესპუბლიკური, საკავშირო და საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი, კონფერენცია და ყრილობა, მრავალი წელია, ხელმძღვანელობს აჭარის ექიმთა გაერთიანებულ საზოგადოებას.
1990 წლიდან რამაზ სურმანიძე მის მიერ დაფუძნებული ხალხური მედიცინის აჭარის რეგიონალური ასოციაცია „მედეას“ პრეზიდენტია. 1991 წელს დააფუძნა ბათუმის სამედიცინო ეკოლოგიური ინსტიტუტი, რომელსაც თითქმის 20 წელი ხელმძღვანელობდა.
ახალი ტიპის სამედიცინო-ეკოლოგიური სასწავლებელი მიზნად ისახავდა ისეთი სპეციალისტების მომზადებას, რომლებიც ბუნებაში მიმდინარე პროცესების ახლებურ შესწავლას შეძლებდნენ. მან ეს იდეა 1991 წელს საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გააცნო, რომლის მხარდაჭერითაც, საქართველოს განათლების სამინისტროს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, იმავე წლის ოქტომბერში ბათუმში სამედიცინო-ეკოლოგიური ინსტიტუტი გაიხსნა.
ინსტიტუტი 4 სპეციალობის კადრებს ამზადებდა: ექიმი-ეკოლოგი (პროფილაქტიკოსი), სამკურნალო საქმე (ოჯახის ექიმი), ფარმაცევტი და ექიმი-ლაბორანტი. ინსტიტუტმა თავისი არსებობის განმავლობაში ათასამდე სპეციალისტი მოამზადა, რომელთა დიდი ნაწილი წარმატებით საქმიანობს სხვადასხვა პოზიციაზე. ამრიგად, მან საქართველოში საფუძველი ჩაუყარა სამედიცინო-ეკოლოგიურ განათლებას, რითაც კიდევ ერთი აგური დადო ქართული მეცნიერების მშენებლობაში.
რამაზ სურმანიძე არის სამი დარგობრივი მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი. ის მუზის ბრწყინვალე მსახურიც გახლავთ -პროზაიკოსია. არის ოთხი რომანისა და მოთხრობების შვიდი კრებულის, აგრეთვე 1000-მდე პუბლიცისტური და საბიოგრაფიო წერილის ავტორი. 1983 წლიდან არის საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის, ხოლო 1987 წლიდან – მწერალთა კავშირის წევრი.
მოთხრობებს 1955 წლიდან წერს. პირველი მოთხრობა – „გულის სახსოვარი“ 1967 წელს დაიბეჭდა და იმავე წელს მესამე საკავშირო პრემიით აღინიშნა. ერთობ ხვავიანია მისი ლიტერატურული ნაღვაწი: მოთხრობები, პუბლიცისტური წერილები, ისტორიული ნარკვევები, რომანები და ა.შ., მაგრამ მწერლის შემოქმედებაში გამორჩეული ადგილი უჭირავს ისტორიულ რომან „ემრულას“.
დიდი დრო და ყურადღება დაუთმო მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა შემოქმედებითი ბიოგრაფიების შესწავლას. მის კალამს ეკუთვნის პუბლიკაციები: აბუსერისძე ტბელის, მარკოზ აჭარელის, პეტრე მელიქიშვილის, ილიას, აკაკის, ვაჟას, ვოლსკის, ალექსანდრე ყაზბეგის, პეტრე უმიკაშვილის, გიორგი წერეთლის, იოსებ იმედაშვილის, თედო სახოკიას, ეგნატე ნინოშვილის, მემედ აბაშიძის, გიორგი მდივნის; რუსი მწერლების: ლევ ტოლსტოის, ანტონ ჩეხოვის, მაქსიმ გორკის, მიხეილ ბულგაკოვის, სერგეი ესენინის, მხატვარ ვ. ვასნეცოვის, კომპოზიტორ პ. ჩაიკოვსკის და სხვათა შემოქმედებით საქმიანობაზე.
ცალკეული მონოგრაფიები მიუძღვნა ცნობილ ისტორიულ პიროვნებებსა და საზოგადო მოღვაწეებს, ესენია: „ნაცნობი და უცნობი თედო სახოკია“, „სელიმ ხიმშიაშვილი“, „ივანე მესხი“, „ივანე ანდრონიკაშვილი“, „პოეტის ოჯახი“, „ისმეთ დინდარი“, „ გიორგი გიგინეიშვილი“.
შეადგინა და გამოსცა დიდი ისტორიული მნიშვნელობის მქონე წიგნები: ალექსანდრე ფრენკელის „ნარკვევები ჩურუქ-სუ-ზე და ბათუმზე“, აბდულ მიქელაძის „წერილები აჭარიდან“, ივანე ჯაიანის „წერილები შავშეთიდან“, სერგეი მესხის „წერილები აჭარაზე“, „ქრისტიანული ძეგლების ტოპონიმია და ძველი საეკლესიო მოღვაწენი“, გიორგი ყაზბეგის „ლაზისტანის სანჯაყის სამხედრო-სტატისტიკური და სტრატეგიული ნარკვევები“.
მწერალსა და ისტორიკოსს უყურადღებოდ არ დაუტოვებია ზოგიერთი ქართული გვარის დამსახურება ქვეყნის წინაშე. ამ მიზნით შეადგინა და გამოსცა მრავალი ისტორიულ-გენეალოგიური ნარკვევი: „სურმანიძეები“, „მელიქიშვილები“, „ჩარკვიანები“, „მსახურაძეები“, „მჟავანაძეები“.
რამაზ სურმანიძე სამედიცინო – ორგანიზატორული, სამეცნიერო თუ სამწერლო მოღვაწეობის პარალელურად, ყოველთვის ნაყოფიერ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდა. ჯერ კიდევ ქალაქ ბათუმის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილებაში მუშაობის დროს აირჩიეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, ოთხგზის – აჭარის უმაღლესი საბჭოს, ხოლო 1990 წელს საქართველოს უზენაესი საბჭოს პირველი მოწვევის დეპუტატად. მან ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.
ფართო საზოგადოებრივი მოღვაწეობის პატრიოტულ-აღმზრდელობითი ასპექტების საილუსტრაციოდ საკმარისი იქნება აღინიშნოს, რომ მან პირველად დაადგინა დიდი ქართველი, რუსი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ბათუმური მისამართები, მიაგნო შენობებს, სადაც ისინი ჩერდებოდნენ ან ტარდებოდა მათდამი მიძღვნილი საღამოები. მისივე ინიციატივითა და პირადი ხარჯებით, მემორიალური დაფები უკვე გაუკეთდა სახლებს, სადაც ცხოვრობდნენ: ალექსანდრე ყაზბეგი, ზაქარია ჭიჭინაძე, ანტონ ჩეხოვი, იოსებ იმედაშვილი, მაქსიმ გორკი, ალექსანდრე შატილოვი, ყადირ შერვაშიძე და სხვა. მიკვლეულია სახლები, სადაც შეხვედრებს აწყობდნენ აკაკი, ვაჟა, გალაკტიონი, სერგეი ესენინი. მისივე აქტიურობითა და ხელმძღვანელობით, ამ სახლებსაც გაუკეთდა შესაბამისი მემორიალური დაფები.
1994 წლიდან ასრულებს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კულტურული ურთიერთობის საქართველოს საზოგადოების აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის ფუნქციებს. ამ ურთიერთობათა ნაწილი ასახა წიგნებში: „რუსეთ-საქართველოს მეგობრული ურთიერთობანი“, „ქართულ-გერმანული ურთიერთობანი“.
ბატონი რამაზი არის საქართველოს და აჭარის დამსახურებული ექიმი, ღირსების ორდენოსანი, მინიჭებული აქვს აბუსერისძე ტბელის, ილია ჭავჭავაძის და ზაქარია ჭიჭინაძის სახელობის პრემიები. არის „საპატიო ბათუმელი“ და „საპატიო შუახეველი“.
კიდევ ერთი შტრიხი მის მოღვაწეობაში – იგი ჩოხოსანი და საქართველოს ჩოხოსანთა სადროშოს აჭარა-ლაზეთის უხუცესთა საბჭოს ხელმძღვანელია. მისი რეკომენდაციითა და შეგულიანებით, მრავალი გახდა ჩოხოსანი.
ადამიანში სულიერება და ზნეობრიობა რომ ერწყმის, მიიღება გონიერება და შემოქმედებითი ძალა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI საუკუნეში შვიდი ბრძენიდან ერთ-ერთი, უდიდესი მოაზროვნე და ფილოსოფოსი ბიანტი მოუწოდებდა -„გიყვარდეს გონიერება“. ბიანტზე 400 წლით ადრე სოლომონ ბრძენი ბრძანებდა: „ბედნიერია ის კაცი, ვინც ჰპოვა სიბრძნე და ვინც გონიერება შეიძინა“. დიახ, რამაზ სურმანიძემ ბავშვობიდანვე შეითვისა ეს სიბრძნე და დღეს მისი შთამბეჭდავი და აღტაცების ღირსი წარმატებები წარმოუდგენელი იქნებოდა ჯანსაღი და მახვილი გონიერების, მტკიცე სულიერებისა და ნებისყოფის, უდიდესი წინდახედულებისა და გამოცდილების, ზნეობრიობისა და სიკეთის, ჰარმონიული განვითარებისა და სრულყოფის და რაც მთავარია, ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის გზების ძიებისა და მიგნების გარეშე.
ჩვენს უფროს მეგობარსა და დიდებულ მეცნიერს, მწერალსა და საზოგადო მოღვაწე რამაზ სურმანიძეს ვულოცავთ დაბადების დღეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას, უხუცესის დღეგრძელობას, ოჯახურ კეთილდღეობას და ულევ ენერგიას.
მამული და ოჯახი დაგილოცოთ უფალმა!
ვლადიმერ მახარაძე, ფარმაციის დოქტორი, პროფესორი.
ოთარ ცინარიძე

