ილია ნაკაშიძე – პრეზიდენტმა ღიად განაცხადა, რომ არავისთან შეუთანხმებია უგულავას და ოქრუაშვილის გათავისუფლების საკითხი
ირმა ცეცხლაძე: 577 20 45 63 –
საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა, რასაც მოჰყვა სხვადასხვა სახის პოლიტიკური შეფასება. იყო თუ არა პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებული „ქართული ოცნება“, რას ფიქრობენ ამ საკითხზე უმრავლესობის წარმომადგენლები, რამდენად გამართლებულად მიაჩნიათ მწვანე დერეფნის გახსნა პანდემიის პირობებში – ამ და სხვა საკითხებზე საუბრობს „აჭარასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე.
– საუბარი დავიწყოთ უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლებით. რატომ წავიდა მმართველი პარტია ამაზე?
– ეს ადამიანები „ქართულ ოცნებას“ არ გაუთავისუფლებია, საპრეზიდენტო ძალაუფლება ცალკე შტოა. ჩვენს სახელმწიფოში პრეზიდენტს ჰქონდა ამის კომპეტენცია და შეიწყალა ისინი.
– რთული დასაჯერებელია, რომ „ოცნების“ მიერ ხელდასმული პრეზიდენტი ასეთ პრინციპულ საკითხებს მმართველ პარტიას არ უთანხმებს.
– ვისაც როგორ უნდა, ისე დაიჯეროს, მისი საქმეა, მაგრამ ჩვენ ვაცხადებთ, რომ ქალბატონი სალომე საკუთარ პრინციპებს უფრო ითვალისწინებს. იგი ისე მოქმედებს, როგორც მიაჩნია უკეთესად ქვეყნისა და ხალხისთვის. პრეზიდენტმა ღიად განაცხადა, რომ არავისთან შეუთანხმებია უგულავას და ოქრუაშვილის გათავისუფლების საკითხი.
-„ქართული ოცნების“ მმართველი ჯგუფისთვის მოულოდნელი იყო მათი გათავისუფლება?
– პრინციპში, მოულოდნელი არ ყოფილა. თეორიულად – მოსალოდნელიც, რადგან პრეზიდენტს ამის უფლება აქვს. თანაც, აჟიოტაჟის მიუხედავად, ორი კომპრომეტირებული ადამიანის ციხიდან გამოშვება სახელმწიფოს პრობლემას ვერ შეუქმნის და ვერც პოლიტიკურ განწყობაზე იმოქმედებს. ერთის მხრივ, შესაძლოა ვიღაც დამშვიდდეს, მეორეს მხრივ – აღელდეს, მაგრამ ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს.
– ბატონი უგულავა ისეთ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს მმართველი წრეების მისამართით, ქალბატონმა სალომემ უკვე ხომ არ ინანა მათი გამოშვება?
– ეს სწორედ ის ხელწერაა, რაც მხოლოდ მათთვის – „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისთვისაა დამახასიათებელი. ჯერ არ გამოსულან და უკვე არაკორექტულ განცხადებებს აკეთებენ ჩვეულ რეჟიმში. მათი ეს ქმედება მოწინააღმდეგეებს კიდევ უფრო გააბრაზებს, მომხრეებს – შეაგულიანებს. მოკლედ, იგივე პროცესები დაიწყება, რაც აქამდეც იყო და დიდად მოსახლეობას აღარც აღელვებდა. ის რაც პრეზიდენტმა გააკეთა, მისი გადაწყვეტილებაა და ჩვენ ვღებულობთ ამას. რაც შეეხება ქალბატონი სალომეს განწყობას, ვერაფერს გეტყვით, ჯერ არაფერი გაუჟღერებია. ყველაზე უკეთესი იქნება, ამის თაობაზე დასკვნა გააკეთოს და გადაწყვეტილება მიიღოს თავად საზოგადოებამ.
– ქალბატონ სალომეს გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლებაც აქვს განზრახული?
-ჯერ სასამართლო პროცესი დასრულებული არ არის და ცოტა უხერხულად მიმაჩნია ამ თემაზე ლაპარაკი, მით უმეტეს, რომ პროცესუალურად თუ არ მიუსაჯეს, ისე ვერ შეიწყალებენ. მსგავსი რამ დაშვებული რომ ყოფილიყო, მაშინ პრეზიდენტი იმ ორთან ერთად შეიწყალებდა. . . სიმართლე გითხრათ, მართლა არ ვიცით, რა მოხდება. ვერანაირ პროგნოზს ვერ და არც გავაკეთებ, რადგან აღარც მაინტერესებს, როგორ გადაწყდება ამ ადამიანების ბედი. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს პროცესი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ამინდზე უკვე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ვერც ნეგატიური, ვერც პოზიტიური თვალსაზრისით.
– რაც შეეხება არჩეევნებს, შეთანხმება ძალაში რჩება და შერეულ საარჩევნო სისტემას გამოიყენებთ?
– პარტიის ლიდერები ხაზს ვუსვამთ, რომ შერეული სისტემისთვის მზად ვართ. მართლმსაჯულებას და პოლიტიკურ განწყობას ერთმანეთში არ ვურევთ. იმას, რასაც დავპირდით ელექტორატს, შევასრულებთ. ამასთან დაკავშირებით ერთ პატარა მომენტს შეგახსენებთ: როდესაც გადავწყვიტეთ 2024 წლიდან 2020-ში გადმოგვეტანა პროპორციული არჩევნები, ეს დათმობა ჩვენი დეპუტაციის ნაწილმა შეურაცხყოფად მიიღო და პრინციპში, ჩავარდა კიდეც. მაშინ თქვეს, ძალიან გაუჭირდა „ქართულ ოცნებას“ და იმიტომ თქვა უარი არჩევნების ამ სისტემაზეო. ახლა ამბობენ – რეიტინგი აეწია „ქართულ ოცნებას“ ვირუსის წარმატებულად მართვის გამო და არ შეასრულებს დაპირებასო. ანუ, ნებისმიერ ვარიანტში ახერხებენ ნეგატივის წინა პლანზე გამოტანას. „ქართულ ოცნებას“ კარგად გვახსოვს, კონსტიტუციის მიღების დღეს რაც დავპირდით მოსახლეობას. ამიტომ ვაპირებთ მივუახლოვდეთ სრულ პროპორციულ სისტემას ნაბიჯ-ნაბიჯ. ამჯერად, 120/30-ს დავპირდით და აუცილებლად შევასრულებთ. უხლოეს სესიაზე, რომელიც ერთი კვირის ვადაში შედგება, გავიტანთ საკითხს. ივნისის, თუ არა ივლისის შუა რიცხვებამდე, იმედია, მოვახერხებთ და მივიღებთ ამ კანონს თუ სხვა პრობლემა არ წარმოიქმნა პანდემიის პირობებში.
– პანდემიამ უკან დაიხიაო და საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას ვაპირებთ. თქვენ, როგორც ექიმს, სხვა ინფორმაცია გაქვთ?
– შეუძლებელია არ შიშობდე, არ გაითვალისწინო ის შესაძლებლობები, რაც ჯერ კიდევ გააჩნია ახალ კორონავირუსს. კი, ჩვენ საინკუბაციო პეიროდებსაც ვადგენთ, საკარანტინო ზონებიც მოქმედებს, მაგრამ მაინც არსებობს მეორე ტალღის აგორების რეალური საფრთხე. მინდა ვთხოვო მოსახლეობას, რომ არ მოდუნდნენ, არ დაივიწყონ ვირუსის არსებობა და გაითვალისწინონ ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია. როგორც ექიმი, ვხედავ, როგორ იღუპებიან ჩვენი პაციენტები, არადა, სიკვდილის აცილება ნებისმიერს შეეძლო, თავიდანვე რომ გაფრთხილებოდა თავსა და გარშემომყოფებსაც.
– რამდენად უსაფრთხო იქნება მწვანე დერეფანი, რომლის ამოქმედებასაც აპირებს საქართველოს მთავრობა მსოფლიო ტურიზმის ხელმძღვანელებთან შეთანხმებით?
– გასაგებია, რომ ცხოვრებას ვერ გავაჩერებთ, მაგრამ საერთაშორისო ტურიზმის ასე სწრაფად ამოქმედება რთული იქნება. ეს უნდა მოხდეს ნელ-ნელა. ასევე, ძალიან კარგი ინფორმაცია მოდის ვირუსის შესახებ. ვგულისხმობ, რომ გარკვეულ ტენიანობასა და ტემპერატურაზე საერთოდ ქრება. ისიც ითქვა, მზეზე სამ წუთსაც ვერ ძლებსო.
– ესეც ხომ არ არის დადასტურებული?
– ოფიციალურად – არა, მაგრამ საკმაოდ სერიოზული წყაროებიდან გახდა ჩემთვის ცნობილი. ასე რომ, ნდობა შეიძლება. მეტსაც გეტყვით, იმ გემზე, რომელიც საკარანტინო ზონად გამოცხადდა, სამი კვირის შემდეგაც აღმოაჩინეს ვირუსი, ანუ თუკი მისთვის კომფორტული ტენიანობა და ტემპერატურაა, აგრძელებს არსებობას. თუმცა ნადგურდება დაბალ ტენიანობასა და მაღალ ტემპერატურაზე. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ ახალი კორონავირუსი მგრძნობიარეა გარემო პირობების მიმართ. ცხადია, ესეც გვაძლევს ოპტიმისტურ განწყობას ზაფხულში მწვანე დერეფნის ასამოქმედებლად. მთავარია, პირადი ჰიგიენა და დისტანცირება დავიცვათ.
–„ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა, სამწუხაროდ, სამარცხვინოდ ჩაიწერება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. სინამდვილეში, ეს არის არა დამსახურება, არამედ ანბანური თანმიმდევრობა და ამ სისტემით საბერძნეთიც ხდება მინისტრთა კომიტეტის შემდეგი თავმჯდომარე. რა საჭირო იყო ამ ფაქტის ასეთ დონზე, პომპეზურად აღნიშნვა?
-არავითარი პომპეზურობა არ ყოფილა, იყო სიტუაციის ადეკვატური შეფასება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ისევ და ისევ, ადეკვატურად და ღირსეულად დავასრულეთ ევროსაბჭოს მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარეობა. გააჩნია, ვინ რა რაკურსიდან უყურებს პროცესს. ჩვენ ხაზს ვუსვამთ საკუთარი ქვეყნის ავტორიტეტს, რამაც გაამართლა კიდეც. გასული წელი მაღალი ეკონომიკური ტემპებით დავასრულეთ, მაგრამ წელს, ისევე როგორც მსოფლიოს, პრობლემა შეგვექმნა, რასაც მობილიზებულად, საქმიანად და პროფესიულად მივუდექით. ფაქტი სახეზეა – ახალი ვირუსის მართვის კუთხით საერთაშორისო აღიარება მოვიპოვეთ და ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყნად გამოგვაცხადეს.
-„საქართველოს მთავრობა არის მარიონეტული, რუსული ძალის მიერ მართული მთავრობა, რომლის პირდაპირი დავალება ანაკლიის პორტის პროექტის გაჩერება იყო“, – ასე გამოეხმაურა პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ერთ–ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ საერთაშორისო ექსპერტის დასკვნას .
– პირველ რიგში, როდესაც სკეპტიკურად ვსაუბრობთ ამ პროექტსა და მთავრობის როლზე, ხშირად გვავიწყდება, რომ ხელისუფლება იყო ამ პროექტის ინიციატორი. ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჩვენი საქმიანობის არც ერთი კომპონენტი არც შეგვიჩერებია და არც გაგვიუქმებია. კარგად ვიცით, რა სიმძლავრეები აქვს და ტექნიკურადაც რამდენად მომგებიანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. თუმცა ეს საკითხი გადაწყდება, თუ იქნება ეკონომიკური დერეფანი.
– რესპუბლიკელი სენატორები, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები ტედ კრუზი და ჯონ კორნინი, კონგრესმენები ჯუდი არინგტონი და მარკვეინ მალინი აშშ–ის სახელმწიფო და ხაზინის მდივნებს მაიკ პომპეოს და სტივ მნუჩინს საქართველოში ამერიკული ბიზნესის დაცვასა და ივანიშვილის რუსეთსა და ირანთან კავშირების შეფასებას სთხოვენ. მათი მისამართით გაგზავნილ წერილში ასევე, ნახსენებია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ამერიკული ,,კონტი ჯგუფის” თემაც.
– რაც შეეხება პოლიტიკურ ნალექს, რაც ირგვლივაა, ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ. რეალურად, მთავრობას ისევე სჭირდება ანაკლიის პორტი, როგორც ბათუმის, რომელიც უფრო სწრაფად კეთდება და ჩათვალეს, რომ ფოთს ნაკლები პრიორიტეტი ენიჭება. უბრალოდ, ამ ეტაპზე რაღაც მოლოდინებია. მსოფლიო პანდემიის შემდეგ კითხვის ქვეშ რჩება, საით წავა მსოფლიო ეკონომიკა. ამიტომაც ძალიან პრაგმატულად ვუდგებით საკითხს და ვცდილობთ, პრიორიტეტები მივმართოთ იმისკენ, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ქვეყანას. ამ ეტაპზე არარაციონალურად ფიქრის უფლებაც არ გაგვაჩნია.
– ანტიკრიზისული გეგმის ხარვეზებზე არა მხოლოდ ოპოზიცია, რიგითი მოქალაქეებიც საუბრობენ. კერძოდ, ბევრს აწუხებს უმუშევართა და იმ ადამიანების კომპენსაციის საკითხი, რომლებიც ფიზიკურ პირებთან მუშაობდნენ და პანდემიის გამო უსახსროდ დარჩნენ.
– გეთანხმებით, პრობლემა ძალიან სერიოზულია. თუნდაც ის ერთჯერადი სამასი ლარი, რომელსაც აძლევენ თვითდასაქმებულებს, დიდ ეკონომკურ ბიძგს ვერ მისცემს ოჯახს ამ ვითარებაში, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ საქართველოს ამ ეტაპზე არ გააჩნია სათანადო სახსრები. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც შემოსავალი შერჩა და ამას უნაწილებს სხვებს. ეს აქცია სოლიდარობისა და კონსოლიდაციის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. არც ისაა გამორიცხული, რომ სათანადო თანხების გამოძებნის შემთხვევაში, ეს დახმარებები გაიზარდოს. ჩვენი ლოზუნგია: „ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვა ეკონომიკის მინიმალური დაზიანებით.“ უკეთესზე უკეთესი, ისე როგორც, უარესზე უარესი, არ დაილევა, მაგრამ გვერწმუნეთ, ვეძებთ ოპტიმალურ ვარიანტს. იმედი გვაქვს, ეკონომიკაც ამუშავდება, საბიუჯეტო სახსრებიც გამოჩნდება და სხვა დახმარებებსაც აღმოვუჩენთ შეჭირვებულ ფენას.
– პარლამენტის უახლოეს სხდომებს დისტანციურად ჩაატარებთ თუ თქვენთანაც იხსნება შეზღუდვები?
– ორშაბათიდან, დისტანციური მუშაობიდან გადავდივართ კონტაქტურზე. დაიწყო შეხვედრები კომიტეტებში, სულ მალე სხდომასაც ჩავატარებთ. მოტივირებულები ვართ, რომ კონსტიტუციური ცვლილებები დროულად დავასრულოთ. გვინდა განხილვები დავიწყოთ, ალბათ, უფრო დისტანციური იქნება. რამდენიმე კანონია, რომლის დაჩქარებული წესით მიღებას ითხოვს საზოგადოება. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი გაზეთ „აჭარას“, რომ ინტერესდება ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მუშაობით და ინტენსიურად აშუქებს პოლიტიკურ მოვლენებს. დარწმუნებული ვარ, ვირუსი უკან დაიხევს და სულ მალე დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ ტემპს.