მარტივად გადაამოწმეთ, ხართ თუ არა კომპენსაციის მიმღებთა რეესტრში
ხატია იაშვილი: 555 18 48 88 –
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალი პროგრამული უზრუნველყოფა მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, თავად გადაამოწმოს კომპენსაციის მიმღებთა რეესტრი. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დაინტერესებული პირი საძიებო სისტემაში პირადი ნომრის და ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის შეყვანის შემდეგ მარტივად გადაამოწმებს, უკვე წარმოადგინა თუ არა მონაცემები დამსაქმებელმა. “გადამოწმების პროცესის დასრულების შემდეგ, დამქირავებლის მიერ განცხადებაში მითითებულ მობილურ ნომერზე, პირს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიუვა ინფორმაცია, არის თუ არა კომპენსაციის მიმღებთა რეესტრში. აღნიშნული სერვისით დასაქმებული შეძლებს იმ შემთხვევაში დაამყაროს კომუნიკაცია დამსაქმებელთან, თუ დაადგენს, რომ მისი მონაცემები ჯერ კიდევ არ არის წარდგენილი შემოსავლების სამსახურში კანონმდებლობით განსაზღვრული წესით კომპენსაციის მისაღებად,”- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დამსაქმებელმა კომპანიებმა, ყოველი თვის 15 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში, უნდა წარადგინონ იმ დაქირავებულ პირთა სია, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის პირველი სამი თვიდან (იანვარი, თებერვალი, მარტი) რომელიმე ერთ თვეს მაინც, იღებდნენ ხელფასს და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდათ ან შეუჩერდათ შრომითი ურთიერთობა. დამქირავებელს განაცხადის წარუდგენლობის ან არასწორად წარდგენის შემთხვევაში, ეძლევა დამატებით 5 დღე, რათა დააზუსტოს და წარმოადგინოს ახალი განაცხადი. შესაბამისად, ამისთვის ვადა 20 რიცხვის ჩათვლით ექნებათ.

