პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, მაშასადამე 8 მარტის შეთანხმება ძალაშია
ლაშა ხომერიკი: 593 50 82 69 –
დასავლეთის პოლიტიკური ელიტა დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ეს ყურადღება სხვადასხვა ფორმით გამოიხატება – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, სხვადასხვა პროექტის ფინანსური დახმარება, ასევე, რჩევებს და შენიშვნებს არ იშურებენ. ეს რჩევები, ძირითადად, ბოლო ერთი წელია ისმის. უფრო სწორად, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ გახშირდა ხელისუფლების მიმართ პრეტენზიები. ისტორიულ წიაღვსლებს არ დავიწყებ, მოკლედ ვიტყვი. მოსახლეობამ ვერ აიტანა რუსი დეპუტატის გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე მოკალათება და პროტესტიც გამოხატა. გრანდიოზული აქცია გაიმართა, იყო მოწოდებები, ასე გრძელდებოდა ღამის 12 საათამდე, ამ დრომდე არავითარი ექცესები არ დაფიქსირებულა, მაგრამ შემდეგ, როგორც მმართველი პარტია აცხადებს, მომიტინგეთა გარკვეულმა ნაწილმა ცადა პარლამენტში შეჭრა და ხელისუფლების დამხობა, ამიტომ მათ ლეგიტიმური უფლება გამოიყენეს და მიტინგი დაშალეს. ასობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციელებიც. თავის მხრივ, ოპოზიცია ამგვარ ბრალდებებს უარყოფს, ასე იყო თუ ისე, მმართველმა გუნდმა გააანალიზა სიტუაცია და ოპოზიციას შესთავაზა არჩევნების ჩატარების კომპრომისული ვარიანტი, ანუ არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას დათანხმდა. რამდენიმე კვირის შემდეგ მოხდა მოულოდნელი (ზოგისთვის მოსალოდნელი) რამ – მაჟორიტარებმა საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდეს. ამას მოჰყვა ოპოზიციის პროტესტი, მმართველი პარტია რამდენიმე წევრმა დატოვა, პროცესში დასავლეთი ჩაერია, შენიშვნები მატულობდა. არადა, დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ 2020 წლის არჩევნები მშვიდ, დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო მეგობრების დახმარებით, მოხერხდა შეთანხმების მიღწევა (რომელიც 8 მარტს გაფორმდა), რაც გულისხმობდა საარჩევნო მოდელის კომპრომისულ ვარიანტს (120/30) და ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. მითითებული იყო მექანიზმი, თუ რა გზით იყო შესაძლებელი ამ საკითხზე შეთანხმების აღსრულება – პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება, ანუ შეწყალება. ეს შეთანხმება, როგორც ვთქვით, 8 მარტს გაფორმდა. მას შემდეგ მსოფლიო რადიკალურად შეცვალა. ჩინეთიდან მთელ მსოფლიოში გავრცელდა მომაკვდინებელი ვირუსი, ათიათასობით დახოცილი და მილიონობით დაინფიცირებულია, სამი თვე მსოფლიოს მოსახლეობა თვითიზოლაციაში ცხოვრობს, მსოფლიო ეკონომიკამ მნიშვნელოვანი ზარალი ნახა. საუბარია მილიარდობით დოლარზე, ამ ფონზე (თუ არ ჩავთვლით არასახარბიელო ეკონომიკურ მდგომარეობას) საქართველო პანდემიას ღირსეულად უმკლავდება. ამას ყველა, მათ შორის ,,ჯანმოს“ მაღალჩინოსნებიც აღიარებენ, თუმცა ოპოზიცია მთავრობის ეკონომიკურ გეგმას აკრიტიკებს. ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია. ამ მიმართებით ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია მინავლებული იყო გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ მდგომარეობა რადიკალურად შეცვალა, როცა, 13 მაისს, პარლამენტის თავმჯდომარემ და უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებული შეთანხმება არ ითვალისწინებდა პატიმრების გათავისუფლებას. ეს განცხადება მკაცრად გააკრიტიკეს ოპოზიციონერებმა, ასევე, ევროპარლამენტის და აშშს კონგრესმენებმა. შემდეგ რამდენიმე დღე იყო ბრალდებები, განცხადებები, კრიტიკული შეფასებები დასავლეთიდან. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გააანალიზა რეალური სიტუაცია და პრეზიდენტმა შეიწყალა უგულავა და ოქრუაშვილი. ეს იმას ნიშნავს, რომ 8 მარტის შეთანხმება ძალაშია, ანუ ხელისუფლება და ოპოზიცია საარჩევნო რეჟიმში გააგრძელებენ ურთიერთობას. აქ ჩნდება მნიშვნელოვანი კითხვა – თუ შეძლებსმმართველი გუნდი ხელისუფლებაში მესამედ დარჩენას და მოსალოდნელია თუ არა კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება? ეს მეტწილად, ქართული პოლიტიკური სპექტრის მიზანდასახულობაზე იქნება დამოკიდებული, ასევე, მოსახლეობის განწყობასა და აქტივობაზე. შემოდგომაზე პოლიტიკური ცხოვრება გააქტიურდება, დაიწყება შეხვედრები, დისკუსიები, ტელედებატები, რაც საარჩევნო ბატალიებისთვის დამახასიათებელია. იმედია, საარჩევნო კამპანია ცივილურად წარიმართება, დასავლეთი ამ არჩევნებს ზედმიწევნით დააკვირდება, თუ მათ ეჭვი არ შეეპარათ არჩევნების ლეგიტიმურობაში, ეს საქართველოს პრესტიჟს მკვეთრად აამაღლებს.
![სულ ნანახია](http://gazetiajara.ge/wp-content/plugins/author-and-post-statistic-widgets/assets/img/icon-stat.gif)
![დღეს ნანახია](http://gazetiajara.ge/wp-content/plugins/author-and-post-statistic-widgets/assets/img/icon-stat-today.gif)