რამდენად ეფექტურად მუშაობს ინკლუზიური განათლების მიმართულებით სამინისტრო და რა ტიპის საგანმანათლებლო სერვისებს სთავაზობს ის მოსწავლეებს?
ნანა აბულაძე: 577 20 35 90 –
ქვეყანაში მიმდინარე დისტანციური სწავლება დადებითად შეაფასა არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ. პროცესში ყველა სკოლა მეტნაკლებად ჩაერთო, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, სემესტრი შედგა, ანუ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ღირსეულად უპასუხა გამოწვევას. აქვე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა ნაბიჯები გადაიდგა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის დისტანციური სწავლების კუთხით – მათზე ზრუნვა სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. როგორი საგანმანათლებლო სერვისი შესთავაზეს სსსმ მოსწავლეებს პანდემიის პირობებში? როგორც განათლების სამინისტროში გვითხრეს, შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომლითაც იხელმძღვანელეს სპეცმასწავლებლებმა. მომზადდა შემოქმედებითი და განმავითარებელი აქტივობები, რაც თვითიზოლაციის პირობებში დაეხმარა როგორც მოსწავლეებს, ასევე მათ მშობლებს.
-შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ინკლუზიური განათლების სპეციალისტები ახორციელებენ დისტანციურ სწავლებას სხვადასხვა ფორმით: ონლაინ ჩართვა, დავალებების მიცემა, მშობლის ჩართვა. სპეციალურ მასწავლებლებს, ფსიქოლოგებს და სხვა სპეციალისტებს მულტიდისციპლინური გუნდის წევრებმა მივეცით რეკომენდაცია, შეიმუშაონ სსსმ მოსწავლის ჩართულობის გრაფიკი დისტანციური სწავლების რეჟიმში. შეიცვალა ინკლუზიური განათლების სპეციალისტების მუშაობის ფორმატი და აქტივობების ხანგრძლივობა. მულტიდისციპლინური გუნდის წევრებმა შევქმენით ფეისბუქზე სპეცმასწავლებლებისთვის გვერდი, სადაც ისინი ერთმანეთს გამოცდილებებსა და თვალსაჩინოებებს უზიარებენ. იქიდან გამომდინარე, რომ ინტერნეტთან წვდომა ყველას არ აქვს, სსსმ მოსწავლეთა ნაწილი ჩართულია ჯგუფურ მეცადინეობებში. რიგ შემთხვევაში მასწავლებელს ონლაინ რეჟიმში უჭირს რთული ქცევის მოსწავლის ჩართვა. მულტიდისციპლინური გუნდის წევრები ვუკავშირდებით მშობლებს და ვიგებთ მათ აზრს. უმრავლესობას მიაჩნია, რომ ამ პირობების მიუხედავად, ბავშვები მაქსიმალურად არიან სასწავლო პროცესში ჩართული. სოფლის მცხოვრებლები ძირითადად მობილურით სარგებლობენ. ზოგიერთი მშობელი დავალებას იწერს, ამეცადინებს ბავშვს და შემდეგ სპეცმასწავლებელს აცნობს შედეგებს. აღსანიშნავია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა განათლების სამინისტრომ, „ტელესკოლას” ვგულისხმობ. ბევრი ბავშვი უსმენს, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც საერთოდ არ არიან ჩართულნი არც ერთ აქტივობაში. ჩვენი პედაგოგები ყველაფერს აკეთებენ, რომ რაიმე ფორმით მიაწოდონ მათ საჭირო ინფორმაცია, – გვითხრა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის წევრმა ციალა ტუღუშმა.
როგორც აღვნიშნეთ, ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტებისთვის განათლების სამინისტრომ დისტანციური სწავლების ხელშესაწყობად რეკომენდაციები გასცა. კონკრეტულად რა რეკომენდაციებზეა საუბარი, „ტელესკოლაში“ რამდენად არის გათვალისწინებული სსსმ მოსწავლეთა განათლების მიმართულებები და სახლის პირობებში კონკრეტულად რა სახის აქტივობებს სთავაზობენ მათ, აკადემიური და შემეცნებითი უნარების განვითარების ხელშეწყობისთვის, რამდენად ეფექტურად იმუშავა იმ მიდგომებმა, რაც განათლების სამინისტრომ ინკლუზიური განათლების მიმართულებით განახორციელა? ამ კითხვებს განათლების ხარისხის მაგისტრმა, ინკლუზიური სწავლების ფსიქოლოგმა, ბათუმის მე-4 და დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლების სპეცმასწავლებელმა, ტრენერმა ლალი ჯაფარიძემ უპასუხა:
– პანდემიის გამო მოულოდნელად გადავედით ონლაინსწავლების რეჟიმზე. მიხარია, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა სწავლებაზე განსაკუთრებული აქცენტი კეთდება, სამინისტრომაც არაერთი რეკომენდაცია მოგვცა, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ყველა სპეცმასწავლებელი ითვალისწინებს: ონლაინ გაკვეთილების მიმდინარეობისას, როდესაც სსსმ მოსწავლესთან კომუნიკაციას ვამყარებთ, გვეხმარება მშობელი. კერძოდ, მასწავლებლისგან იღებს დავალებებს, ინსტრუქციას და შემდეგ მოსწავლის მიერ შესრულებულს, გვიგზავნის უკან. რაც შეეხება „ტელესკოლას“, ძალიან კარგი პროექტია. ამ დროს სსსმ მოსწავლე დამოუკიდებლად ან მშობლის დახმარებით ასრულებს მიცემულ მოდიფიცირებულ საშინაო დავალებებს. „ტელესკოლის“ დადებით მხარეებზე დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ მთავარი ისაა, რომ გათვალისწინებულია სსსმ მოსწავლეების შესაძლებლობები. აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო შეფასების და უკუკავშირების მნიშვნელობა. სსსმ მოსწავლეს, ისევე როგორც ტიპური განვითარების მოსწავლეს, განსაკუთრებით უხარია მასწავლებლის შეფასება და კომენტარი. ინდივიდუალურ საგაკვეთილო გეგმაზეც მინდა მოგახსენოთ. ონლაინსწავლებაზე გადასვლის შემდეგ, მოკლე დროში, თითოეულ მოსწავლეზე მულტიდისციპლინური გუნდის მიერ გაცემული რეკომენდაციების მიხედვით და თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების გათვალისწინებით, დავწერეთ მოკლევადიანი გეგმა. ამ შემთხვევაში აქცენტს კოგნიტური უნარების განვითარებაზე ვაკეთებთ, ვარჩევთ ისეთ აქტივობას,რომლის ახსნაც მარტივია დისტანციურად და რომლის გაკეთებასაც სსსმ მოსწავლე დამოუკიდებლად, ან მშობლის დახმარებით შეძლებს. შემეცნებითი უნარების განვითარებისთვის, სახლის პირობებში ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. ნებისმიერი მასალა, რაც სახლში, ეზოში,სამზარეულოში გვაქვს,შეგვიძლია სასწავლო რესურსად გამოვიყენოთ, იქნება ეს კენჭები, ყვავილები, ბურღულეული, ღილები და ასე შემდეგ. შემიძლია ვთქვა, განათლების სამინისტრომ, ინკლუზიური სწავლების მიმართულებით ეფექტურად იმუშავა. შშმ და სსსმ მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები ონლაინ სწავლებაში და მშობლების, სამინისტროს და მულტიდისციპლინური გუნდის რჩევების გათვალისწინებით, სპეცმასწავლებლების თავდაუზოგავი შრომის შედეგად, დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ.