„დაბრკოლების გადალახვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად დაბრკოლება“
ნათია იმნაიშვილი: 27 48 93 –
თვითიზოლაციის პერიოდში, მარტოდ დარჩენილებმა, სულ სხვანაირად დავინახეთ და შევიცანით საკუთარი თავი. ზოგმა დიდი ხნის მივიწყებული ჰობი გაიხსენა, ზოგმა კი ისეთი ნიჭი იპოვა საკუთარ თავში, რომელიც ვერც კი წარმოედგინა თუ გააჩნდა. მაგალითად, ნათია მჭედლიშვილმა 37 წლის ასაკში აღმოაჩინა, რომ ულამაზესი სამკაულების დამზადება შეეძლო და ისინი მნახველის აღფრთოვანებას დაიმსახურებდა.
– მეუღლე და ორი შვილი მყავს. უნივერსიტეტი დავამთავრე, მაგრამ ჯერჯერობით საოჯახო საქმეებს ვუძღვები. უბრალოდ, ვცხოვრობ, არაფრით გამოვირჩევი სხვა ქალებისგან. ზოგადად, ყოველთვის ძალიან ხელმარჯვე ვიყავი. ხელსაქმიდან ყველაფერი გამომდიოდა, მაგრამ ეს არანაირად უკავშირდებოდა ხელოვნებას. პირველი სტიმული იმისა, რომ რაღაც მეტი გამეკეთებინა, მაშინ გაჩნდა, როცა სკოლაში ბავშვებს საკლასო ოთახის გაფორმებაში დავეხმარე. საკუთარ თავზე ავიღე ეს საქმე და ძალიან მომიწონეს კიდეც. რაც შეეხება სამკაულებს, თავიდან ერთი გავაკეთე, მერე – მეორე, მეგობრები კიდევ და კიდევ მთხოვდნენ ახალი შემექმნა, ეს თხოვნები აღარ დასრულდა. . .
– რამ გიბიძგათ ხელოვნებისკენ, რა ან ვინ არის თქვენი მუზა ?
– მიბიძგა მნახველების აღფრთოვანებამ და მათმა დამოკიდებულებამ, რომ ჩემი ნამუშევრები საუცხოოა! მუზა? – სიმართლე გითხრათ, არ ვიცი! ყველაფერი იწყება იდეით. წარმოვიდგენ და როცა შევჯერდები იმაზე, რომ ლამაზი გამოვა, მერე ვიწყებ ფორმების ხატვას. ამის შემდეგ იწყება ყველაზე რთული, რაც გულისხმობს ფორმების, მძივებისა და ფერების ერთმანეთთან შეხამებას. ყველაზე დიდი დრო ამას მიაქვს. დავაკვირდი, რომ თვითიზოლაციაში ყველაზე მეტი ყვავილი, ფოთოლი და მცენარე გავაკეთე. ალბათ, გაზაფხულის ,,გამოტოვება ” ასე აისახა ჩემზე!
– როგორია თვითიზოლაციის დღეები, როგორ ეგუებით სახლში ყოფნას ?
– თვითიზოლაციის დღეები იყო რთული, მაგრამ არა გაუსაძლისი. ყველაზე რთული 14 და 10 წლის მოზარდების სახლში გამოკეტვა აღმოჩნდა. ვეცადეთ, მოვრგებოდით პანდემიას და ამ ეტაპამდე, თამამად ვიტყვი, ნამდვილად გამოგვივიდა.
– რა გაგიჭირდათ ყველაზე მეტად ამ პერიოდში?
– უარყოფითზე არც კი მინდა ვიფიქრო, რადგან რთული და ძნელი ძალიან ბევრი რამეა, სამწუხაროდ. ვცდილობ, დადებითი მეტი დავინახო. ის, რომ გვაქვს წარმატებები პანდემიასთან ბრძოლაში, ჩემთვის პირადად, ყოველგვარ უარყოფითზე მაღლა დგას.
– რა რჩევას მისცემთ მათ, ვინც ახლა იწყებს პირველი ნაბიჯების გადადგმას და ცდილობს იპოვოს ნამდვილი „მე“ ?
– არასოდეს დანებდნენ! მერე რა, თუ პირველ ჯერზე არ გამოუვათ, ისეთი არ იქნება, როგორიც ჩაიფიქრეს. ეს არაა იმის მიზეზი, რომ მეორედ, მესამედ აღარ ცადონ. მგონია, ეს ცხოვრების მთავარი პრინციპი უფროა, ვიდრე რაიმე კონკრეტული ხელსაქმისადნი მიდგომა. საკუთარი „მეს“ პოვნა არაა ადვილი, ეს ,,მე” შეიძლება, რამდენიმეც იყოს. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ,,მე” არსებობს თავისი არსით, მიზნებით და მისწრაფებებით, მთავარი კი ძიების პროცესია და არა პოვნა. ძალიან ბევრი რამის აღმოჩენაა შესაძლებელი პროცესში და დაბრკოლების გადალახვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად დაბრკოლება.

