პასუხიმგებლობის ასი პროცენტით საკუთარ თავზე აღება – ლია შაქარიშვილის წარმატების საიდუმლო
მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93 –
„მამაკაცები მეტწილად, მასშტაბურად აზროვნებენ, რაც სულაც არ არის ცუდი, მაგრამ შეიძლება გამოეპაროთ დეტალები, რაც ასევე მნიშვნელოვანია საქმის წარმატებისთვის. ამ თვისებებისა და უნარების გაერთიანება კი საუკეთესო შედეგს მისცემს საზოგადოების განვითარებას“
გაზეთ „აჭარის“ მკითხველს უფრო ახლოს გვინდა გავაცნოთ აჭარის რეგიონის აქტიური, ძლიერი პოლიტიკოსი ქალბატონი ლია შაქარიშვილი, რომელსაც გამორჩეული პოლიტიკური ბიოგრაფია აქვს. პირველი ნაბიჯი ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერობა იყო, რომელსაც უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ჩაუდგა სათავეში. სწორედ აქედან შენიშნეს მაშინდელმა პოლიტიკურმა ლიდერებმა, რამაც მისი კარიერის სწრაფი აღმასვლა განაპირობა.
ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეობას 1998 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული სიით მონაწილეობა და რაიონის საკრებულოს მდივნად, საკრებულოში თანამდებობრივად მეორე პოზიციაზე არჩევა მოჰყვა. ქალბატონი ლია იმ დროისთვის ყველაზე ახალგაზრდა საკრებულოს მდივანი იყო საქართველოში. 2001 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორპალატიანი პარლამენტის არჩევნებში, სახელისუფლებო პარტიიდან კენჭს იყრიდა ქალაქ ქობულეთის მაჟორიტარულ ოლქში და აჭარის პარლამენტის ზედა პალატის – სენატის წევრი გახდა. 2003 წელს და განმეორებით, 2004 წელს გამართულ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტია „დემოკრატიული აღორძინების კავშირის“ სიის პირველი ათეულის წევრი გახლდათ, თუმცა ცნობილი მოვლენების გამო, იმ დროისთვის, მისი საპარლამენტო კარიერა დროებით შეწყდა. რამდენიმე წლის განმავლობაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის რომანისტიკის დეპარტამენტში სტუდენტებს ფრანგულ ენას ასწავლიდა. ლია შაქარიშვილისთვის უცხო არც ოპოზიციური ბრძოლაა. 2007 წლის ნოემბრისა და 2011 წლის 26 მაისის მოვლენების ეპიცენტრში იყო. ის ასევე პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელია. პოლიტიკურთან ერთად შემოქმედებითი ცხოვრებაც აქვს. თარგმნის ფრანგულიდან ქართულად და პირიქით. წლების წინათ ფრანგი შანსონიე შარლ აზნავურის ლექსები ქართულად თარგმნა, რომელიც წიგნად გამოიცა და ამისთვის სომხეთში არსებული გრიგორ ნარეკაცის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. ლია შაქარიშვილი მუდმივად იმაღლებს პოლიტიკურ ცოდნასა და იმდიდრებს გამოცდილებას საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობით. ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიწვევით, შეერთებულ შტატებში სტაჟირება გაიარა. 2016 წელს, ისრაელის საელჩოს მიერ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე, მორიგი სტაჟირება ისრაელში, გოლდა მაიერის ცენტრში – „მეწარმეთა მხარდამჭერი სისტემების გენდერული ასპექტები“ გაიარა. ამჟამად, ასევე, კონკურსის წესით შერჩეულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო და შვედეთის საერთაშორისო ცენტრი ადგილობრივი დემოკრატიისთვის პოლიტიკოს ლიდერ ქალთა პროგრამის მონაწილედ, რომლის პირველ სემინარზე „მოწინავე საერთაშორისო პოლიტიკური ლიდერობის პროგრამა“, 2019 წლის დეკემბერში, ზამბიის დედაქალაქ ლუსაკაში იმყოფებოდა აღმოსავლეთ ევროპისა და აფრიკის ქვეყნების ლიდერ ქალებთან ერთად. მორიგი სემინარი შვედეთში მაისის ბოლოს უნდა გამართულიყო, მაგრამ ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო გარკვეული დროით გადაიდო. გავლილი აქვს აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის სკოლა. ამჟამად, ლია შაქარიშვილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე და მუნიციპალური გენდერული საბჭოს ხელმძღვანელია. მას რამდენიმე კითხვით მივმართეთ:
– ქალბატონო ლია, საინტერესოა, სტუდენტური წლებიდანვე რატომ დაუკავშირეთ ცხოვრება პოლიტიკას?
– ჩემი სტუდენტობა 90-იან წლებს უკავშირდება, ქვეყნისთვის საკმაოდ მძიმეს. შესაბამისად, ჩვენი სტუდენტური წლებისთვის უშუქობა, უტრანსპორტობა ჩვეულებრივი ამბავი იყო. სტუდენტობისას კურსის ჯგუფხელი ვიყავი, შესაბამისად, საუნივერსიტეტო ცხოვრებაში აქტიურად ჩართული. თქვენმა კითხვამ ერთი შემთხვევა გამახსენა. იმ რთულ პერიოდში განსაკუთრებით უცხოური ენების სრულფასოვნად შესწავლის პირობები არ იყო – ტექნიკური თუ წიგნადი რესურსი. უნივერსიტეტს ესპანეთში მცხოვრები ბაგრატოვანთა შთამომავალი და ესპანეთის სამეფო კართან დაკავშირებული ქეთევან ბაგრატიონი ეწვია. მახსოვს თავს უფლება მივეცი, ჩვენი პრობლემები გამეცნო მისთვის და უნივერსიტეტისთვის შესაძლო დახმარება მეთხოვა. მართლაც, მოგვიანებით უძვირფასესი წიგნადი რესურსით შეავსო ბათუმის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა. რაც შეეხება პოლიტიკასთან დაკავშირების მიზეზს, ჩემი პასუხი ტრადიციული პასუხებისგან განსხვავებული იქნება. კეკლუცობის გარეშე – დიახ, პოლიტიკა ჩემი არჩევანია. მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა, რაც ამ გზაზე შემხვედრია, არ ვიზიარებ მოსაზრებას პოლიტიკის სიბინძურეზე. რა თქმა უნდა, შორს ვარ იმის მტკიცებისგან, რომ ეს ველი სუფთაა, მაგრამ პოლიტიკა ჩემთვის სიკეთის სამსახურია, თუკი მასში პატიოსანი ადამიანები ჩაერთვებიან. პოლიტიკა ცვლილებების საშუალებაა. ხშირად ადამიანები ამტკიცებენ, რომ პოლიტიკაში არ ერევიან, რაც ვფიქრობ მცდარი პოზიციაა. გვინდა თუ არ გვინდა, სწორედ პოლიტიკა განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში კეთილდღეობას და მისი ხარისხი არჩეულ პოლიტიკოსებზეა დამოკიდებული. ჯანსაღი პოლიტიკური სურათი კი მხოლოდ ორმხრივი – საზოგადოებისა და პოლიტიკოსთა ჩართულობით მიიღწევა. ყოველ ჯერზე, როცა პოლიტიკურ ცხოვრებაში მძიმე დარტყმა მიმიღია, ასეთი კი არცთუ იშვიათია, განსაკუთრებით ქალთა პოლიტიკურ სინამდვილეში, საკუთარ თავს ვუმეორებ, – შენი რესურსებით სჭირდები პოლიტიკას და ვალდებული ხარ, ეს გზა გააგრძელო საბოლოო მიზნამდე.
– როგორ ფიქრობთ, რა განსხვავებაა ქალ და მამაკაც პოლიტიკოსებს შორის?
– გენდერულ სტერეოტიპებსაც მივადექით. ქალების პოლიტიკაში აქტიურად ჩართვის მოწინააღმდეგეთა არგუმენტი ხშირად ის არის, რომ ქალები მამაკაცების როლის შეთავსებას ცდილობენ, რაც თავშივე მცდარია. სქესი ბიოლოგიურ მახასიათებლებს მოიცავს, რომლის ჩანაცვლებაც არ არის გენდერული თანსწორობის მიზანი. გენდერი ის სოციალური როლებია, რომლებსაც საზოგადოება განუსაზღვრავს ქალსა და მამაკაცს. ასე რომ, ამ მხრივ სხვაობა მხოლოდ სქესია. თანაც პოლიტიკა სულაც არ არის უპირატესად მამაკაცების მოღვაწეობისთვის განკუთვნილი სფერო. სწორედ ქალების არასაკმარისი წარმომადგენლობაა ბევრი მოუგვარებელი პრობლემის მიზეზი მარტივი ლოგიკიდან გამომდინარე – საზოგადოება ქალებისა და მამაკაცებისგან შედგება, მათი ინტერესების წარმოდგენას კი პოლიტიკაში თანაბარი წარმომადგენლობა სჭირდება. რაც შეეეხება განსხვავებას, ჩემი დაკვირვებითა და გამოცდილებით, ქალების უპირატესობა დეტალების ხედვის უნარია. მამაკაცები მეტწილად, მასშტაბურად აზროვნებენ, რაც სულაც არ არის ცუდი, მაგრამ შეიძლება გამოეპაროთ დეტალები, რაც ასევე მნიშვნელოვანია საქმის წარმატებისთვის. ამ თვისებებისა და უნარების გაერთიანება კი საუკეთესო შედეგს მოუტანს საზოგადოებას.
–ხშირია პოლიტიკოსებს შორის დაპირისპირება, ქალები უფრო დამთმობნი ჩანან ამ დროს. თუ გქონიათ მსგავსი მწვავე სიტუაცია და როგორ მოქცეულხართ?
– ბოლო წლებში გარკვეული პროგრესი გვაქვს, თუმცა ჩვენი საზოგადოება ვერ გათავისუფლდა წარსული გამოცდილებისგან –პოლიტიკურ შეხედულებათა სხვაობა მტრული დაპირისპირების მიზეზი ხდება მეტწილად. მე მშვიდი მოდებატე ვარ, ვამჯობინებ არგუმენტებს პოზიციის დასაფიქსირებლად და არა ემოციებს ( თუმცა ემოციებსაც თავისი ადგილი აქვს), აგრესია კი მიუღებელია. თქვენმა კითხვამ წლების წინანდელი პირდაპირი ეთერი გამახსენა, რომელშიც ორი მოწინააღმდეგე პოლიტიკური მხარის წარმომადგენლები ვმონაწილეობდით. მიუხედავად ჩემი მშვიდი პასუხებისა, მეორე მხარე მწყობრიდან გამოვიდა (ქალი გახლდათ) და აგრესიული შეძახილებით დატოვა სტუდია. ასე რომ, სიმშვიდე ან აგრესია არ არის სქესის მახასიათებელი. უბრალოდ, ქალების აგრესიულობას ნაკლებად ეგუებიან, როცა მამაკაცს იგივეს ან უფრო მეტს მარტივად მიუტევებენ.
– რომელ მნიშვნელოვან პროექტებში მიგიღიათ მონაწილეობა, გქონიათ თუ არა ინიციატივები?
– მსოფლიოში პანდემიის გამო განვითარებული მოვლენების მიუხედავად, ახალ შესაძლებლობებზე უნდა ვიფიქროთ და შესაბამისად ვიმოქმედოთ. გასული წლის ოქტომბერში ლატვიის ადგილობრივ და რეგიონალურ მთავრობათა ასოციაციამ ევროკავშირის პროექტის („ეფექტიანობისა და განვითარების ქსელი“) ფარგლებში, მიმიწვია. ვიყავი ლატვიაში, რიგაში. დელეგაციის წევრებმა, რომლის შემადგენლობაში რამდენიმე მერი, საკრებულოს წევრები ვიყავით, გავაფართოვეთ კონტაქტები იქაურ მუნიციპალიტეტებთან. ცოტა ხნის წინ დავიწყეთ მუშაობა ლატვიის ადაჯის მუნიციპალიტეტთან ერთობლივ პროექტზე, რომელიც ამჟამინდელ უმწვავეს პრობლემას – კოვიდ-19-ს ეხება ( „გამოცდილებაზე დაფუძნებული და ეფექტური გადაწყვეტილებები ადმინისტრაციული ტერიტორიული რეფორმისა და კოვიდ-19-ის სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების დაძლევაში – კრიზისი ლატვიასა და საქართველოში”). პროექტის განხორციელების შემთხვევაში (დამფინანსებელი-ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის თანამონაწილეობით), ლატვიის დელეგაცია სექტემბერში საქართველოს ეწვევა. პროექტი მხოლოდ ქობულეთს არ ეხება. მიხარია, რომ ჩემი ძალისხმევით, მასში ბათუმისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებიც ჩაერთო. ამდენად, აღნიშნული პროექტი საერთაშორისო მნიშვნელობასთან ერთად, ინტერმუნიციპალურიც იქნება. აქვე მინდა ვახსენო ჩვენი ქვეყნის ელჩი ლატვიაში თეა მაისურაძე – ახალგაზრდა, ნიჭიერი დიპლომატი, რომელიც შესანიშნავი მასპინძელიც იყო ჩვენი იქ ყოფნისას და ახლაც მუდმივ კონტაქტზეა ჩვენთან საქმიანი წინადადებების განსახილველად და მხარდასაჭერად. ქალბატონი თეა აქტიურად ჩაერთო ამ და კიდევ ერთ პროექტში, რომელიც ახალგაზრდებს ეხებათ. ქობულეთში გვაქვს შესანიშნავი ახალგაზრდებისგან შემდგარი „ახალგაზრდული საკრებულო“, რომელიც მრავალი პროექტის გამარჯვებულია. ამჟამად მონაწილეობას ღებულობენ ახალგაზრდული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში „ახალგაზრდების განვითარებისა და ჩართულობის პლატფორმა“. მათ აქვთ მხარდაჭერა ლატვიაში ჩვენი ელჩისგან პროექტში წარდგენილი წერილით და დაპირება, გამარჯვების შემთხვევაში, ლატვიურ ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან დაკავშირებისა. შარშან, გენდერული საბჭოს ეგიდით, კავკასიის გარემოსდავცითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელისა და UD-ის მხარდაჭერით, განვახორციელეთ პროექტი, რომლის ავტორიც მე ვარ – ეს არის კონკურსი სახელწოდებით „ეფექტური სლოგანი ნარჩენების მართვის თემაზე“. გამარჯვებულებს გადაეცათ ფასიანი საჩუქრები. კონკურსმა პოპულარული გახადა ნარჩენების მართვის თემა და აამაღლა ცნობადობა ამ კუთხით. მეტიც, გამარჯვებული სლოგანითა და მისი ავტორით დაინტერესდა აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია, რომელმაც ეს სლოგანი საინფორმაციო ბუკლეტებზე, მაისურებზე აღბეჭდა და რამდენიმე საჯარო სკოლაში ჩვენი კონკურსის ანალოგი ჩაატარა. ინიცირებული მაქვს რამდენიმე პროექტი,მათ შორის, „ახალგაზრდული ინიციატივები სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისთვის“, „მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტთა წამახალისებელი პროგრამა დავით ხახუტაიშვილისა და ნინო ჯავახიშვილის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისთვის”, „მცირე საგრანტო პროგრამა ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“. ახალგაზრდული პოლიტიკის მხარდაჭერა ადგილობრივი თვითმმართველობის კანონით განსაზღვრული ვალდებულება და პრიორიტეტია. სტიპენდირების პროგრამა, გარდა წამახალისებელი კომპონენტისა, გენდერულ ასპექტსაც გულისხმობს. სტიპენდიის სახელობითობის საშუალებით, ახალგაზრდებს ვახსენებთ ქალი და მამაკაცი მეცნიერებისა და საზოგადო მოღვაწეების როლსა და მნიშვნელობას. ამავდროულად, სტიპენდიის გაცემის პრონციპიც თანაბარუფლებიანობასა და სამართლიანობას ემყარება. ქალთა ეკონომიკური მხარდაჭერა კი გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის ამოსავალი წერტილია. ისეთი პროგრამების ამოქმედება, რომლებიც ხელს შეუწყობენ ქალთა და მამაკაცთა ღირსეულ შრომასა და ანაზღაურებას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აღნიშნულ პროექტებს მხარს უჭერს საკრებულოს სრული შემადგენლობა და რეკომენდაცია მათ განხორციელებაზე მერიისთვის გაწეულია. ახლა მერიის ჯერია, რომელიც ასევე იწონებს პროექტებს. მათი დაპირებისამებრ, პროექტების პროგრამულ ბიუჯეტში ასახვას საბიუჯეტო ცვლილებებისას უნდა ველოდოთ. მიუხედავად იმისა, რომ გლობალურმა პანდემიამ მსოფლიოს, მათ შორის, მუნიციპალიტეტების დღის წესრიგი შეცვალა, ვფიქრობ, ზემოთ ხსენებული პროგრამები, სწორედ რომ საშურია და ვიმედოვნებ, მერის პოზიციაც შესაბამისი იქნება.
–ახალი კორონავირუსის დროს როგორ მუშაობდით?
– პამდემიამ შეცვალა ჩვენი ცხოვრების წესი, თუმცა საქმე გაათმაგდა. ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა და კრიტიკულ სიტუაციებში ეფექტურად მოქმედება გვასწავლა. მეც და საკრებულოს თითოეული წევრი ვიყავით მოხალისის როლშიც – ვაწვდიდით სასურსათო კალათებს სოციალურად დაუცველ ფენას, ასევე ვეხმარებოდით უცხოეთში ჩარჩენილ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. მადლიერება მინდა გამოვხატო ჩვენი დიპლომატიური კორპუსის მიმართ, ვისთანაც შეხება მქონდა. ისინი მუდმივ კონტაქტზე იყვნენ და ოპერატიულად მოქმედებდნენ. სწორედ მათი ეფექტური საქმიანობითა და გულისხმიერებით შევძელით ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა. ამჟამად ვეხმარებით მოქალაქეებს ინფორმაციის მიღებაში, როგორ ისარგებლონ ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული შეღავათებით და ელექტრონული რეგისტრაციით.
– თქვენს სამომავლო გეგმებსა და წარმატების საიდუმლოზეც გვითხარით.
– ვგეგმავ პოლიტიკურად კიდევ უფრო ზრდას და საზოგადოებისთვის სარგებლობის მოტანას. მინდა მეტი ქალი ვიხილო გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე და ამაში ჩემი როლიც იყოს. რაც შეეხება წარმატების საიდუმლოს, ის სხვა არაფერია თუ არა, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ასი პროცენტით აღება. ეს ყველაფერი კი გულმოდგინე შრომას გულისხმობს.