სასიამოვნო არომატით და ტკბილი გემოთი – „გურული მარწყვები”
ნაირა ფუტკარაძე: 27 48 93 –
ნებისმიერ საქმეს, რომელსაც იწყებ, სჭირდება სწორად დაგეგმარება და დიდი შრომა. შედეგად პირველ მოსავალს რომ ხედავ, მოტივაცია გიმაღლდება. ასე მოხდა ანა კალანდაძის და მისი მეუღლის იაკობ კუკასიანის ცხოვრებაშიც. ისინი დამწყები ფერმერები არიან, რომლებმაც მარწყვის ბაღი გააშენეს. სასიამოვნო არომატით და ტკბილი გემოთი გამორჩეულ ამ ხილს უამრავი სასარგებლო თვისებაც აქვს. ის რომანტიკულის წოდებითაც არის ცნობილი და ასევე ერთ-ერთი ყველაზე დაბალკალორიული ხილია, რომელიც სინდისის ქენჯნის გარეშე შეგვიძლია მივირთვათ. როგორ გააშენა ცოლ-ქმარმა ბაღი გურიაში, სოფელ შრომაში, რა სირთულეებს წააწყდნენ პანდემიის დროს და როგორ ახერხებენ მოსავლის რეალიზებას, ამის შესახებ ანა გვესაუბრა.
– ძალიან მიყვარს მცენარეებთან ურთიერთობა. თავიდან ჩემს ინტერესებში მხოლოდ ყვავილები შედიოდა. შემდეგ ახლობელთან ვნახეთ მარწყვის ბაღი და გადავწყვიტეთ, ჩვენც გვეცადა, რადგან თავისუფალი მიწის ნაკვეთი გვქონდა. მალევე შევუდექით იდეის განხორციელებას. ნაკვეთი დავასუფთავეთ, ბევრი ვიშრომეთ. დავიწყეთ ყველა საჭირო ინფორმაციის და სახსრების მოძიება. მე და ჩემმა მეუღლემ ერთად დავიწყეთ მიზნისკენ სწრაფვა. პირველი მოსავალიც მალე მოვიდა, მართალია ცოტა, მაგრამ მაინც ძალიან გავიხარეთ, არც კი გვჯეროდა, რომ ჩვენი შრომით ასეთი თანხა ავიღეთ.
– იმისთვის, რომ მოსავალი კარგი იყოს, რა პირობები უნდა შეუქმნა მარწყვს?
– კარგი მოსავლისთვის თავდაუზოგავი შრომაა საჭირო, ასევე დრო და ენერგია. იაკობი თითქმის ყოველ დღე ბაღშია, ზეპირად იცის, რა ჭირდება თითოეულ ნერგს. ყურადღება არ უნდა მოადუნო, რადგან სხვადასხვა პერიოდში განსხვავებული შეწამვლა სჭირდება დაავადების თუ პარაზიტების გამო. ნერგი ერთი დღის უყურადღებობამაც შეიძლება გააფუჭოს. ცნობილია, რომ მარწყვი საკმაოდ სათუთი კენკროვანი ხილია და უამრავი დაავადება თუ მავნებელი უჩნდება. ჩვენ გარკვეული გამოცდილება მივიღეთ და ყოველთვის მზად ვხვდებით ყველა შესაძლო გართულებას. ყველა დაავადებას და მავნებელს ბიოლოგიურად სუფთა პრეპარატებით ვებრძვით. როგორც შეგვიძლია, ვცდილობთ, რომ ხარისხიანი მარწყვი მოვიყვანოთ.
– მოსავლის რეალიზაციაზე რას გვეტყვით?
– წელს პირველად ველით სრულ მოსავალს, დაახლოებით – 2,5-3 ტონას. როგორც ვთქვი, ეს საქმე ძალიან შრომატევადია, თუმცა უკმაყოფილოს არ დატოვებს პატრონს, შრომა გიფასდება. ერთი თვის განმავლობაში ყოველდღიურად გაძლევს შემოსავალს, ეს კი ამჟამად ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ წელს ცოტა გვეშინოდა რეალიზაციასთან დაკავშირებით, მაგრამ დავინახეთ, რომ ძალიან დიდი მოთხოვნაა ბაზარზე. ადგილზე მოდიან ხილ-ბოსტნეულის მაღაზიების წარმომადგენლები და მიაქვთ. რახან თავიდან გვეგონა, რომ ვერ გავყიდდით, გადავწყვიტეთ, ფეისბუქგვერდი შეგვექმნა სახელწოდებით – „გურული მარწყვები”. ვაპირებდით სხვების მსგავსად ონლაინ გაყიდვებისთვის მიგვემართა, თუმცა როგორც გითხარით, რეალიზაცია არ გაგვჭირვებია, რადგან მოთხოვნა დიდია, აღმოსავლეთის მარწყვი არ შემოსულა ბაზარზე.
– როდის დაიწყეთ მოსავლის აღება და რა სიხშირით კრეფთ მარწყვს?
– 20 აპრილიდან დავიწყეთ. თავიდან კრეფა იწყება სამ დღეში ერთხელ, შემდეგ – ყველა მეორე დღეს, ახლა უკვე ყოველდღე ვკრეფთ, რაოდენობრივად – თავიდან 10 კგ, შემდეგ – 20, ბოლოს კი დღეში 150-200 კგ-ზე უნდა ავიდეს. მთავარია, მზიანი დღეები იყოს.
– ახალი კორონავირუსის გამო ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა თქვენს საქმინობაზეც მოახდინა გავლენა?
– ცოტა შევშინდით, თუმცა დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ და ახლა გაჩერება ნამდვილად არ შეიძლება. მით უმეტეს, ამ პერიოდში ასმაგად საჭიროა მიწასთან კავშირი და მეტი შრომა.
– რა რჩევებს მისცემ მათ, ვისაც მარწყვი უყვარს და გადაწყვეტს ბაღის გაშენებას?
– მთავარია მონდომება და ყველაფერი გამოვა. მარწყვის ბიზნესი საკმაოდ მომგებიანია და მან, ვისაც სურვილი აქვს, უნდა იცოდეს, რომ დიდი შრომაა საჭირო, მზად უნდა იყოს ამისთვის და ნაყოფიც უხვი იქნება. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ გვაქვს ფეისბუქგვერდი „გურული მარწყვები“, რომლის საშუალებითაც ძალიან ბევრი მყიდველი მოვიზიდეთ, თუმცა ეს გვერდი არ არის ორიენტირებული მხოლოდ გაყიდვაზე. გვინდა ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ დაინტერესებულ პირებს, დამწყებ ფერმერებს. მაქსიმალურად შევეცდებით, ყველა მათ შეკითხვას გავცეთ პასუხი.

