ხელისუფლება შემოღებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნას განაგრძობს
ხატია იაშვილი: 555 184 888 –
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება. დღეს გაიხსნა სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები. სილამაზის სალონების ფედერაციის განცხადებით, „ყველა სალონს შეუძლია 18 მაისიდან მუშაობის გაგრძელება (გარდა მოლებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებში არსებულისა) – ყოველგვარი წინასწარი ნებართვის გარეშე.
გარდა ამისა, დღეიდან იხსნება დაწესებული შეზღუდვა 3 ადამიანის შეკრების თაობაზე როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, თუმცა ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების, ასევე, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების შესახებ. კერძოდ, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკან.
დღეიდან მარნეულის საკარანტინე ზონაც გაიხსნა. შესაბამისად, ამ რეგიონის მოქალაქეებს შეუძლიათ, უპრობლემოდ გადაადგილდნენ, როგორც ქვეყნის სხვა მოქალაქეები. შეგახსენებთ, მარნეულის მუნიციპალიტეტი მკაცრ საკარანტინე ზონად 23 მარტს გამოცხადდა.
18 მაისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ეტაპობრივად აღდგება გარკვეული სერვისების მიწოდება.
საქართველოს ხელისუფლებამ კორონავირუსთან დაკავშირებით შემოღებული შეზღუდვების მოხსნა ერთი კვირის წინ დაიწყო.
მთავრობის გადაწყვეტილებით:
11 მაისიდან გაიხსნა თბილისი;
14 მაისიდან გაიხსნა რუსთავი და გარდაბანი;
18 მაისიდან გაიხსნა მარნეული;
11 მაისიდან გაიხსნა ყველა სახის წარმოება და ყველა მაღაზია, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა;
15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის;
1-ლი ივლისიდან საქართველო მზად იქნება უცხოელი ტურისტების მისაღებად.