კაფე-ბარების მეპატრონეებს რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ
ხატია იაშვილი: 555 184 888 –
ღია კაფე–ბარების გახსნა 1 ივნისიდან იგეგმება, თუმცა არ არის გამორიცხული, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, თარიღი შეიცვალოს.
ჯანდაცვის სამინისტრო რეკომენდაციათა პაკეტს ამზადებს, რომლითაც კვების ობიექტები ისარგებლებენ. სავარაუდოდ, კაფე-ბარებისა და რესტორნების მეპატრონეებს სივრცეების სწორად გადანაწილება მოუწევთ. წინასწარი ინფორმაციით, მაგიდებს შორის დისტანცია ორი მეტრი უნდა იყოს, ერთ მაგიდასთან კი არ უნდა იჯდეს 6 ადამიანზე მეტი.
შრომის ინსპექციის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული დანართიდან ძირითადი რეკომენდაციები გასტრონომიული კვების დაწესებულებისთვის ასე გამოიყურება:
- უზრუნველყავით მაგიდის წინასწარ დაჯავშნა;
- უზრუნველყავით თანამშრომელთა და მომხმარებელთა ყოველდღიური თერმოსკრინინგი;
- უპირატესობა მიანიჭეთ უნაღდო ანგარიშსწორებას;
- დაიცავით თანამშრომელთა მითითებები;
- მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა;
- მომხმარებლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს, არანაკლებ 1-მეტრიანი დისტანცია;
- მაგიდასთან მოათავსეთ არაუმეტეს 6 მომხმარებლისა, გამონაკლისის სახით შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება;
- ბართან, მომხმარებლები, პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით უზრუნველყავით ინდივიდუალურად;
- იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2-მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია დროებითი დამცავი ბარიერის გამოყენება;
- გამოიყენეთ ინდივიდუალური გამასპინძლების წესი;
- გამოიყენეთ სტუმრებისთვის ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუ, ელექტრონული მენიუს შეთავაზების შემთხვევაში, მენიუს დაფასთან ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის განათავსეთ სადეზინფექციო საშუალებები;
• თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ განცხადებები კოვიდ 19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ.