როგორ იცავენ სილამაზის სალონებში სავალდებულო რეგულაციებს?
ნაირა ფუტკარაძე: 27 48 93 –
მსოფლიო მასშტაბით, ახალი კორონავირუსის გამო მიღებული შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად დაიწყო. ბევრ სახელმწიფოში ახალ კორონავირუსს თითქმის დამარცხებულად თვლიან. ჩვენს ქვეყანაშიც დადგენილი შეზღუდვების გაუქმება ეპიდმდგომარეობიდან გამომდინარე დაჩქარდა. ორთვიანი პაუზის შემდეგ სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები გაიხსნა. მათ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეკომენდაციების დაცვით მოუწევთ მუშაობის გაგრძელება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი, ანუ თქვენ მათი სერვისებით სარგებლობას, მხოლოდ წესების შესბამისად შეძლებთ. სილამაზის სალონების ფედერაცია ავრცელებს იმ რეკომენდაციებს, რომლებიც გახსნისთვის სილამაზის სალონებმა უნდა დაიცვან. ესენია:
– უნდა შეიძინონ უკონტაქტო თერმომეტრები, დამცავი ფარები, დეზობარიერები, ნიღბები და ხელთათმანები;
– ყველა თანამშრომელი ვალდებულია, სამსახურში გამოცხადებისთანავე გაიზომოს სიცხე და აღრიცხვის ჟურნალში შეიტანოს მონაცემები;
– კარებში უნდა იდგეს ერთი თანამშრომელი, რომელიც შემოსულ მომხმარებელს გაუზომავს სიცხეს, დააბანინებს ხელს/დეზინფექციას გაუკეთებს სადეზინფექციო ხსნარით, რომელიც იქვე უნდა იყოს მოთავსებული. აუცილებელია, ყოველი კლიენტის მონაცემები (ტემპერატურა) შეიტანონ აღრიცხვის ჟურნალში;
– ხელოსნებს შორის, ასევე, მომხმარებლებს შორის მანძილი უნდა იყოს 2 მეტრი;
– მომხმარებლებს უნდა ეკეთოთ ნიღბები და ხელთათმანები, ხოლო ხელოსნებს ფარები, ნიღბები და საჭიროების შემთხვევაში (მაგალითად, მანიკიური, კოსმეტოლოგი) ხელთათმანი;
– ერთ სივრცეში მაქსიმუმ 5 ადამიანის ყოფნაა შესაძლებელი;
– ვისაც გრძელი თმა აქვს (ხელოსნებს), უნდა დაიმაგრონ;
– აკრძალულია მუშაობის პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება;
– დამლაგებელმა ხშირად უნდა გაწმინდოს იატაკი სადეზინფექციო ხსნარით, ხოლო სველი წერტილები – ყოველი მომხმარებლის შემდეგ;
– სილამაზის სალონების მფლობელებმა აუცილებლად უნდა შეავსოთ სპეციალური ფორმა, სადაც უნდა მიუთითოთ სატრანსპორტო საშუალებები, რომლებითაც თქვენი თანამშრომლები დადიან;
– ადმინისტრატორებმა ყოველი საუბრის შემდეგ ტელეფონი სადეზინფექციო ხსნარით უნდა გაწმინდონ.
კარანტინის პერიოდმა კიდევ ერთხელ ცხადყო სილამაზის დაწესებულებების როლი და მისი მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში.
თუ როგორ მოემზადა ბათუმში არსებული სილამაზის სალონი ამის გასარკვევად სალონის მეპატრონეს, სტილისტ და ვიზაჟისტ ეკა სურმანიძეს ვესაუბრეთ.
– როგორ მოემზადეთ ორთვიანი პაუზის შემდეგ რეგულაციების შესრულების მხრივ?
– მომზადება რთული არ იყო, რადგან ჩვენ ყოველთვის ვფიქრობდით ჩვენი მომხმარებლის ინტერესებზე, ჯანმრთელობაზე. ჰიგიენის ნორმების დაცვას ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდით. ორი დღე საკმარი იყო იმისთვის, რომ შეგვეძინა სალონის შემოსასვლელში განსათავსებელი დეზობარიერი, სადეზინფექციო საშუალებები, ერთჯერადი ხელსახოცები, პირბადეები, დამცავი სათვალეები, დამცავი სამოსი, დისტანციის დამარეგულირებელი სტიკერები და ყველა საჭირო ატრიბუტი, რაც მუშაობისთვის რეკომენდაციების გათვალისწინებით არის საჭირო. სამუშაოს განახლებამდე ყველა საჭირო ნივთი, ზედაპირები სპეციალური ხსნარით გაიწმინდა. ასევე, ჩვენმა სალონმა გაიარა რეგულირების სააგენტოსა და შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის შემოწმება. ჩვენ ყველა მათი მოთხოვნა შევასრულეთ და დღეიდან განვაახლეთ მუშაობა.
– რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა დაიცვას სალონში მოსულმა მომხმარებელმა ?
– აუცილებელია ეკეთოთ პირბადე, შემდეგ გაიარონ დეზობარიერზე, ხელები დაიმუშავონ სპეციალური ხსნარით, აუცილებლად გაიკეთონ ხელთათმანები და ბახილები. ამ ყველაფრის შემდეგ აქვთ ნებისმიერი მომსახურების მიღების უფლება. ასევე, აუცილებელია, წინასწარ, კონკრეტული დროისთვის ჩაეწერონ და დათქმულ დროს მოვიდნენ სალონში, რათა რიგების და მომხმარებლების დიდი რაოდენობით თავშეყრა თავიდან ავიცილოთ. გაგვიმართლა, რომ ჩვენი სალონის ფართი დიდია და ვახერხებთ ყველა აუცილებელი კრიტერიუმის დაკმაყოფილებას.
– ახალ რეალობაში რეგულაციების შესრულების გარდა რა სირთულეებს აწყდებით და როგორი ვითარებაა ამჟამად თქვენს სალონში?
– ერთი შეხედვით, მართლაც რთული ჩანს ყველა აუცილებელი რეკომენდაციის გათვალისწინება, მაგრამ მთავარია, გავიაზროთ ამის მნიშვნელობა და საფრთხის ქვეშ არ დავაყენოთ არც საკუთარი და არც სხვისი ჯანმრთელობა. დილიდან მოდიან წინასწარ ჩაწერილი კლიენტები, რომელთა უმეტესობა თმის შეღებვის და ფრჩხილების მოწესრიგების პროცედურებს იტარებს. მე და ჩემს გუნდს გვიყვარს საქმე, რომელსაც წლებია ვემსახურებით და პაუზამ კიდევ ერთხელ დაგვანახა იმის საჭიროება და მნიშვნელობა, რასაც ვაკეთებთ.
– ანგარიშსწორებას როგორ აწარმოებთ?
– ვცდილობთ, ფულთან არ გვქონდეს შეხება, მაგრამ თუ სხვა გზა არაა, წესების დაცვით, ხელთათმანებით და შესაბამისი დისტანციით ხდება ანგარიშსწორება. თუმცა ჩაწერის დროსაც ვახსენებთ მომხმარებლებს, რომ მომსახურების საზღაური ბარათით გადაიხადონ.
– გაზარდეთ თუ არა მომსახურების ფასები?
– ამ ეტაპისთვის ვცდილობთ ძველი ფასები შევინარჩუნოთ. შევხედავთ, რომელი მომსახურების ფორმა რამდენად გაგვიძვირებს პროდუქციას, გავითვალისწინებთ ყველა გარემოებას და ისე მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენი გუნდი მზადაა მოგემსახუროთ ყველა საჭირო წესის დაცვით, ისე, როგორც ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის აუცილებელია.