„შინაგანი ხმა სუფლიორივით ზის ჩემში და როცა ჩიხში შევდივარ, მკარნახობს “
ნანა აბულაძე: 577 20 35 90 –
ადამიანები ქმნიან ქალაქს, მის ხასიათს, ადამიანები, რომლებიც თავიანთი ადამიანურობით, შემოქმედებით, შინაგანი მრავალფეროვნებითა და დამოკიდებულებებით ავსებენ, უფრო მიმზიდველსა და საინტერესოს ხდიან ყოველდღიურობას. სწორედ ასეთ ადამიანს უფრო ახლოს გაგაცნობთ დღეს – ბათუმზე უზომოდ შეყვარებულ მსახიობს, რეჟისორსა და დრამატურგ ოთარ ქათამაძეს. იგი თვლის, რომ ბათუმი ყველაზე ლამაზი ქალაქია დედამიწის ზურგზე, რომელიც გჩუქნის უკიდეგანო სითბოს, გასწავლის, როგორ გიყვარდეს და ზრუნავდე.
– ბავშვობის მოგონებებიდან . . .
– მე 90-იანების ბავშვი ვარ, საბჭოთა კავშირის ნარჩენებს მოვესწარი, წითელი ყელსახვევი თუ არა, საბჭოთა მოსწავლის ფორმა ნამდვილად მეცვა. მერე ყველას გვახსოვს, რა არეულობა, ომები და დაპირისპირებები მოხდა. ბავშვობაში მახსოვს, როგორ ვკამათობდით თანატოლები თემაზე – „რუსეთი მოუგებს თუ ამერიკა“. ასე, პოლიტიკურად აღგზნებული ბავშვობა მქონდა, თავისი შიმშილით, უშუქობითა და უპერსპექტივობით. ამ გადასახედიდან ხშირად დამისვამს საკუთარი თავისთვის კითხვა, მინდა იმ ბავშვობაში დაბრუნება თუ არა? პასუხი დღემდე არ ვიცი. . .
– პროფესია . . .
– ბავშვობის ამ შავ-თეთრ წარსულში ქალაქში, ერთი პატარა, უცნაური, ვარდისფერი სახლი იდგა, ფასადზე ჭრელი ნახატებით – „სტუდია მთიები“. ეს იყო ნინო ნიჟარაძის, ბესო ბესელიას, ბესო კუპრეიშვილისა და ნათია ქორიძის ზღაპრული სახლი. სწორედ იქ დავიწყე ფიქრი ხელოვნებაზე. კონკრეტულად არ ვიცოდი, რა მინდოდა. ხან მხატვრობაზე ვოცნებობდი, ხან რეჟისორობაზე, ხან მსახიობობაზე. როცა წამოვიზარდე და დაისვა საკითხი, თუ სად უნდა ჩამებარებინა, მივხვდი, რომ ხელოვნების გარდა არაფერი მაინტერესებდა. რა გასაკვირი იყო, მთელი ცხოვრება სხვა არაფერი მიკეთებია. ერთხელ ჩემმა შვილმა გამოაცხადა, მხოლოდ დედა მუშაობსო. გაკვირვებულმა ვკითხე, მე არ ვმუშაობ-მეთქი? არა, შენ თეატრში დადიხარო. მივხვდი, რომ მართალი იყო, არასოდეს მითქვამს ოჯახში, რომ სამსახურში მივდივარ. თეატრი არაა სამსახური, ის გაცილებით მეტია ჩემთვის.
– სწორი გადაწყვეტილება მივიღე . . .
– როცა დავამთავრე ჯერ სამსახიობო, ხოლო მოგვიანებით სარეჟისორო ფაკულტეტი, ასევე დავიწყე პიესების წერაც. ამ ყველაფერმა საშუალება მომცა, სხვა რაკურსით დამენახა თეატრი. ახლა თუ ვინმე მკითხავს, რომელი პროფესია უფრო მომწონს, ვეტყვი, რომ ერთმანეთის გარეშე ვერ წარმომიდგენია ეს პროფესიები, ჩემთვის სამივე ერთი მთლიანია.
– არასოდეს დამავიწყდება . . .
– როცა გაჩნდა ჩემი პირველი შვილი, პირველად როგორ ავიყვანე ხელში, შევხედე და დამემანჭა. . . გავაცნობიერე, რომ მამა გავხდი. მალევე მეორე შვილიც დაიბადა და მას შემდეგ არ სრულდება გაოცება და აღმოჩენები.
– ვნანობ . . .
– არაფერს ვნანობ, მიყვარს საკუთარ თავთან შეცდომების აღიარება, მაგრამ აქვე ყოველთვის ვამბობ – ალბათ ეს უნდა მომხდარიყო. იყო ცხოვრებაში სხვადახვა გზა, შემეძლო სხვა მიმართულება ამერჩია, მაგრამ მაინც არ ვნანობ.
– გამეორება რომ შეიძლებოდეს . . .
– ხშირად მითქვამს, ნეტავ ის დრო დაბრუნდებოდეს, სხვაგვარად გავაკეთებდი ყველაფერს-მეთქი და ბლა ბლა ბლა. . . ადამიანი საკუთარი წარსულიდან გამომდინარე ცხოვრობს აწმყოში და აგრძელებს წინსვლას. ჩემთან ისე უნდა მომხდარიყო, ალბათ, ყველაფერი, როგორც მოხდა და იმ აწმყოს ვიმსახურებ, როგორი წარსულიც მქონდა. უბრალოდ, წარსულიდან გამოცდილებას ვტოვებ და აღარ ვიხედები უკან.
– ბედნიერება არის. . .
– ყველგან. . . გააჩნია, რას ეძებ? ან საერთოდ ეძებ ბედნიერებას? შეიძლება ყოველდღე შეიგრძნო ბედნიერება . . . მე ყველაზე მეტად ადამიანები მაბედნიერებენ, ალბათ ამიტომაცაა ჩემს გარშემო ამდენი ადამიანი.
– დახუჭული თვალების ყველაზე ხშირი კადრი. . .
– სულ სცენას ვხედავ, სულ. . .
– შინაგანი ხმა. . .
– შინაგანი ხმა სუფლიორივით ზის ჩემში. . . ოღონდ ყოველთვის არ მჭირდება, მხოლოდ მაშინ, როცა ჩიხში შევდივარ ან ურთიერთობაში, ან საქმეში. ვმარტოვდები ხოლმე, კითხვებს ვსვამ და მერე პასუხებს ვეძებ. ხანდახან ისეთ პასუხებს ვპოულობ, რომ მერე მართლა მიჩნდება კითხვა, ვინ გამცა პასუხი? საიდან? როგორ?
– სცენა ანუ. . .
– მთელი ცხოვრება სცენას დავუკავშირე, ვდგამ, ვთამაშობ, საკუთარ პიესებს სცენიდან ვისმენ. . . დასვენებითაც არ ვისვენებ, ზაფხულობით ვატარებ „ბათუმის მონოპიესების საერთაშორისო ფესტივალს“. ყველაფერი სცენას უკავშირდება, ცხოვრებაში მომხდარ ფაქტებსაც სცენებად აღვიქვამ. ქუჩაშიც ვხედავ თეატრს, მოედნებზე, ეზოებში, პარკებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც. შექსპირიც ამას ამბობდა, რომ თეატრი კი არაა ჩვენი პლანეტა, არამედ თავად პლანეტაა ერთი დიდი სცენა.
– თავისუფალი დრო. . .
– როგორც უკვე აღვნიშნე, თითქმის არ მაქვს. იმგვარად დავგეგმე საკუთარი ცხოვრება, რომ პატარა ფანჯარაც არ დავიტოვე. ძალიან იშვიათად მაქვს რამდენიმედღიანი დასვენების საშუალება და მაშინვე ბუნებაში გავრბივარ მეგობრებთან ერთად. სიგიჟემდე მიყვარს ბუნება. განსაკუთრებით მთა.
– ქალაქი რომელშიც ვცხოვრობ ჰგავს. . .
– იმდენად მიყვარს ჩემი ქალაქი, რომ არ მგონია დედამიწის ზურგზე ამაზე ლამაზი და კომფორტული ქალაქი არსებობდეს. ჩემში არსებობს ორი ბათუმი, ერთი ჩემი ბავშვობის, როცა ქალაქში სულ თითზე ჩამოსათვლელი მაღალი შენობა იდგა, როცა მზე ყველა სახლს ათბობდა, როცა მაღლა აიხედავდი და დაინახავდი ცას. . . და ბათუმი დღეს, რომელიც ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას – არა. მე არ მომწონს. თითქოს ამ ჩაბეტონებულ ქალაქში ჰაერი აღარ მოძრაობს. . . მიუხედავად ყველაფრისა მიყვარს ეს ქალაქი. მიყვარს როცა თბილ დღეებში, გამთენიისას თოლიების გუნდი ჩხავილით გადაუფრენს ჩემს სახლს. მიყვარს ზღვა, მიყვარს ადამიანები, რომლებიც ამ ქალაქში ცხოვრობენ და ყოველთვის ცდილობენ გვერდში დაგიდგნენ, მოკლედ, ეს ქალაქი უნიკალურია!
– ვენდობი. . .
– ყველას, ადვილად და ამის გამო ხშირად წამიმტვრევია ცხვირი, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ დამიკარგავს ადამიანებისადმი ნდობა და არც დავკარგავ.
– სივრცე, რომელშიც ვპოვე ჰარმონია. . .
-ახალი კორონავირუსის დროს აღმოვაჩინე, რომ სახლი არის ჩემთვის ჰარმონიული გარემო. აქამდე სულ სხვა დამოკიდებულება მქონდა სახლის მიმართ. ძირითადად, მთელი დღე საქმეებზე დავრბოდი, თეატრში ვატარებდი უამრავ დროს, შინ მხოლოდ დასაძინებლად მოვდიოდი. დღეს სახლიც კი დისტანციურ სამუშაო სივრცედ ვაქციე.
– როცა მიყვარს. . .
– საკმაოდ ადვილად მიყვარდება, მერე გაუცხოება მემართება საკუთარ თავთან, უფრო მგრძნობიარე და იმპულსური ვხდები, ვცდილობ ყველა, მცირედი დეტალიც კი მაქსიმალურად შევიგრძნო. ვერასოდეს ვმალავ საკუთარ გრძნობებს.
– სარკეში, ყველაზე ხშირად მითქვამს საკუთარი თავისთვის. . .
– სარკეში საკუთარ თავს არასოდეს ველაპარაკები, მაგრამ ხშირად, როცა გასაჭირში ვარ, ჩემი შინაგანი სუფლიორი მეძახის და მეუბნება: „ეს არაფერია, შენ შეძლებ.“ ეს სიტყვები მართლაც, „რესტარტს“ მიკეთებს.
– თეატრი დღეს. . .
– თეატრი დღეს ისეთი არაა, როგორიც უნდა იყოს, ის დაბერდა. . . მას სჭირდება დიდი რეფორმა და ახლებური მართვა. მეტად აქტუალური უნდა იყოს, ვიდრე დღეს არის. მისი მაყურებელი, უხეშად რომ ვთქვათ, დაბერდა. თეატრი ახალგაზრდების თავშეყრის ადგილად უნდა იქცეს, სცენიდან უნდა ისმოდეს მათი ხმა. რეპერტუარი მრავალფეროვანი უნდა იყოს. თეატრს ბევრი მხარდამჭერი უნდა ჰყავდეს. ეს თემა ვრცელი და ძალიან ღრმაა. ასე, მოკლედ ვერ შევძლებ პრობლემის აღწერას და მით უმეტეს მისი გადაჭრის გზებზე მოკლედ ვერ ვისაუბრებ.
– ჩემი ნება რომ იყოს. . .
– ჩვენს ქალაქში ბევრი ახალგაზრდა ხელოვანია, რომლებსაც არ აქვთ თვითგამოხატვის საშუალება. მინდა არსებობდეს დიდი შემოქმედებითი სივრცე ამ ახალგაზრდებისთვის. ზოგადად, მინდა შეიცვალოს ხელოვნების მიმართ დამოკიდებულება და შემუშავდეს შესაბამისი სტრატეგია.
-ადამიანებს მინდა ხმამაღლა ვუთხრა. . .
– ჩემი სათქმელის გადმოსაცემად არსებობს სცენა, ჩემი პიესები, ჩემი ნათამაშები როლები და დადგმული სპექტაკლები. ამ მხრივ ძალიან გამიმართლა, მაგრმ ამავდროულად ვგრძნობ დიდ პასუხისმგებლობას. რამდენიმე ფრაზით, ლოზუნგად არაფერს ვიტყვი, მგონი დასრულდა ლოზუნგების ერა. . .
– ბედნიერი ვარ როცა. . .
-შინ ვარ ოჯახის წევრებთან ერთად, როცა საყვარელ საქმეს ვაკეთებ, როცა მთაში ვარ.
– ბევრი ფული რომ მქონდეს. . .
-არ მინდა ბანალურად გამომივიდეს. . . ასე გიპასუხებთ, – ბევრი ადამიანი თავს კარგად იგრძნობდა.
– მავნე ჩვევა. . .
– იმდენი მაქვს, არ ვიცი, რომელი ერთი გითხრათ. ბევრი საქმე მაქვს ხოლმე და ხშირად, თავს ვერ ვუყრი. . . აქედან გამომდინარე, შეიძლება რაღაცას ყურადღება მოვაკლო და ამით გავაფუჭო რამე. . .
– მაღიზიანებს. . .
-არაკომპეტენტური ადამიანების ამბიციები.
– როცა პანდემია დასრულდება. . .
– მინდა კარგად გავაანალიზოთ, რაც მოხდა, არ ვილაპარაკოთ ამ პერიოდზე სადღეგრძელოებით და მომავალზე მეტად ვიფიქროთ.
– სულ მალე ვგეგმავ. . .
– მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვგეგმავთ წელს ფესტივალების ჩატარებას, ვემზადებით ამისთვის, ვცდილობთ ახალი ფორმები მოვიფიქროთ.
– თვითიზოლაციაში აღმოვაჩინე, რომ. . .
– დავიწყე ონლაინლექციების წაკითხვა დრამატურგიაში, აღმოვაჩინე, რომ მომწონს ეს საქმე და იმედია, მომავალშიც გავაგრძელებ.
– ჩემი როლი. . .
– მივხვდი, რომ შემიძლია თანამოაზრეების გაერთიანება და უამრავი ახალგაზრდა ხელოვანისთვის საინტერესო პლატფორმების შექმნა, რათა წარმოაჩინონ თავიანთი შემოქმედება. ზოგადად, ამ ქალაქში ძალიან ადვილია ყველაფრის კეთება, რადგან ყველა გეხმარება. მე მივხვდი, ეს არის ჩემი ამოცანა და მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა, არასოდეს შევეშვები ამის კეთებას.
– ჩემი ფერი. . .
– ლურჯი. . . ძალიან მიყვარს. . . ძალიან ღრმაა, ჩემთვის ზღვასთან ასოცირდება.
– მუსიკა ჩემში. . .
– მუსიკა ინსპირაციის წყაროა, ძალიან მალე მკარნახობს განწყობას, მკვებავს. . .

