22 მაისიდან ავტომობილების ძველი სანომრე ნიშნების გამოცვლა და ტექდათვალიერება დაიწყება
ხატია იაშვილი 555 184 888 –
პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 22 მაისის შემდეგ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა აღარ გაგრძელდება. შესაბამისად, ავტომობილების მფლობელები ვალდებულნი იქნებიან, სატრანსპორტო საშუალებებს ტექნიკური ინსპექტირება ჩაუტარონ.
კონკრეტულად, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება (პირველადი/განმეორებითი) სავალდებულო იყო 2020 წლის 23 მაისამდე, ეს ინსპექტირება აუცილებლად უნდა ჩატარდეს 2020 წლის 22 ივლისამდე. ანუ, 60 დღის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან.
ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულება საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეჩერებულია და ამ პერიოდში ანუ 22 მაისის ჩათვლით, მფლობელებს არ აჯარიმებენ.
ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლა 18 მაისს განაახლა.
ძველი სანომრე ნიშნის ახლით შეცვლა როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირს 72 ლარი დაუჯდება, მაგრამ ეს საფასური არ ეხება ფასიან ნომრებს. ძველი ნიმუშის ნომრებს იურიდიული ძალა 2020 წლის სექტემბრამდე აქვს. განსხვავებულია ღირებულება ფასიანი ნომრებისთვის. მათი გადაცვლა ტარიფის მიხედვით ხდება, ხოლო ლათინური ასოებისა და ციფრების კომბინაციას მოქალაქე აირჩევს.
თუ მოქალაქე იმავეფასიან ნომერში გადაცვლის, რაც ადრე ჰქონდა გადახდილი, ჯამში ეს პროცედურა 72 ლარი დაუჯდება.
თუ უფრო მაღალფასიან ნომერში გადაცვლის, ამ შემთხვევაში, ფასებს შორის სხვაობას იხდის და ამატებს მხოლოდ ტექპასპორტის შეცვლის 36 ლარს.
18 მაისიდან, ასევე, განახლდა მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდების ჩაბარებაც.