მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ!
მანანა ძიძიშვილი: 598 24 94 97 –
მაია ხაჯიშვილი: სკოლა თავად განსაზღვრავს, შეფასების რომელი კრიტერიუმი გამოიყენოს
დღეს ასობით საჯარო და კერძო სკოლაში დისტანციურად დაირეკება
„ბოლო ზარი“. ამის მიზეზი ცნობილია – ახალი კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების გამო, მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის, საქართველოში. რა თქმა უნდა, სასწავლო წლის ასეთ დასრულებას არავინ ელოდა და ამისთვის სასწავლო წლის დასაწყისში არავინ ემზადებოდა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მეცნიერების, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მოსწავლეებსა და პედაგოგებს პანდემიის გამოცხადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ახალი ტიპის სწავლება შესთავაზა – საქართველოს პირველ არხთან ერთად საინტერესო პროექტი აამოქმედა, რომლის ფარგლებში სპეციალურად გამოყოფილ არხზე – „პირველი არხი – განათლება“ 30 მარტიდან „ტელესკოლა“ „გაიხსნა“ . ასეთი სწავლების პროცესში ჩართულია ქვეყნის ყველა სკოლა. როგორ შეაფასებენ მოსწავლეებს მიმდინარე სასწავლო წლის ბოლოს, აწარმოებენ თუ არა მასწავლებლები ჟურნალს (ელექტრონულს)? ამ და სწავლებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე ვესაუბრეთ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილს.
– ქალბატონო მაია, ორი თვეა მოსწავლეებს ონლაინგაკვეთილები უტარდებათ. დისტანციური სწავლების პროცესში ჩართულია როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლები. . .
– ვიდრე ვისაუბრებთ დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ვისარგებლებ შესაძლებლობით და თქვენი გაზეთის ფურცლებიდან სკოლის დასრულებას მივულოცავ ჩვენი ქვეყნის ყველა მეთორმეტეკლასელს. ცხოვრების ახალ ეტაპზე ვუსურვებ ახალ აღმოჩენებს, შესაძლებლობებს და წარმატებებს!
რაც შეეხება დისტანციური სწავლების შედეგად მიღებული განათლების შეფასებას, როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს მთავრობის სხდომაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ბატონმა მიხეილ ჩხენკელმა წარმოადგინა განათლების სფეროში ანტიკრიზისული გეგმა, რომლის ფარგლებში 2019 – 2020 სასწავლო წლის შეფასების ახალი მოდელი შემუშავდა. იგი გულისხმობს თითოეული მოსწავლისადმი ინდივიდუალურ მიდგომას და ამავე დროს, უზრუნველყოფს აკადემიური სტანდარტის შენარჩუნებასა და დაცვას. მოსწავლეების შესაფასებლად სავალდებულოდ შეფასების ორი ფორმა განისაზღვრა: განმავითარებელი შეფასება და განმსაზღვრელი შეფასება. სკოლა მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობების მიხედვით თავად განსაზღვრავს, თუ ქვემოთ მოცემული რომელი შეფასების კრიტერიუმს გამოიყენებს:
მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება მოსწავლის მიერ პირველ სემესტრში მიღებული ქულა;
მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება მოსწავლის მიერ პირველი სემესტრის ქულის, მეორე სემესტრის 6 კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასების საფუძველზე მიღებული შემაჯამებელი ქულის საშუალო არითმეტიკული;
იქიდან გამომდინარე, რომ მეხუთე კლასის მოსწავლისთვის განმსაზღვრელი შეფასება იწყება მეორე სემესტრიდან, 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრის 6 კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასების საფუძველზე გამოითვლება მეხუთე კლასელის წლიური ქულა;
იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს 2019-2020 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შეფასება არ აქვს, მოსწავლის წლიური ქულა განისაზღვრება 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრის 6 კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასების საფუძველზე.
– მოსწავლე, შესაძლოა, პირველი სემესტრის შედეგებით შეფასდეს. რამდენად მიზანშეწონილია ეს?
-შეფასების ახალი მოდელი, როგორც უკვე აღვნიშნე, გულისხმობს თითოეული მოსწავლისადმი ინდივიდუალურ მიდგომას და ამავე დროს, უზრუნველყოფს სკოლის დისკრეციას, აირჩიოს შეთავაზებული მოდელებიდან მისთვის მისაღები. მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად მოსწავლის მიერ პირველ სემესტრში მიღებული ქულის განსაზღვრა შემოთავაზებულ მოდელში ერთ-ერთია და სკოლა მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობების მიხედვით, თავად განსაზღვრავს, შეფასების რომელი კრიტერიუმი გამოიყენოს.
– რა გააკეთა სამინისტრომ იმისთვის, რომ ინტერნეტთან როგორც მოსწავლეს, ისე პედაგოგს თანაბარი წვდომა ჰქონოდა. როგორ გაართვეს სკოლებმა თავი ამ სიახლეს?
-აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე სულ 229 საჯარო და 24 კერძო სკოლაა. ყველა სკოლა აქტიურადაა ჩართული დისტანციური სწავლების პროცესში. სწავლების დროს იყენებენ არა მხოლოდ სხვადასხვა საშუალებებს სოციალური ქსელები, ელექტრონული ფოსტა და სხვ.), არამედ, საჭიროების შემთხვევაში -სატელეფონო კომუნიკაციასაც, ასევე, საბიბლიოთეკო ფონდს და ა.შ. საქართველოს ყველა რაიონში შეიქმნა ვირტუალური საკონსულტაციო სივრცეები, სადაც „ახალი სკოლის მოდელის” მოხალისე ექსპერტები მასწავლებლებს, მოსწავლეებსა თუ მათ მშობლებს დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებში ეხმარებოდნენ. კონსულტაციის გაწევის მიზნით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ცხელი ხაზის პარალელურად, გამოიყო პასუხისმგებელი პირები, რომლებიც დაინტერესებულებს ეხმარებოდნენ. ასევე, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის პირველივე დღიდან ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს რესურსცენტრებთან, დირექტორებთან, რომელთა დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში. მასწავლებელთა მხარდასაჭერად და დისტანციური სწავლების მეთოდების გაძლიერების მიზნით, 30 აპრილიდან აჭარის განათლების ფონდთან/ ბათუმის მასწავლებლის სახლთან ერთად, დავიწყეთ ვებინარების ჩატარება, რომელიც გამოცდილმა ტრენერებმა მოამზადეს. ამასთან, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კუთხით, მომდევნო თვეებში დაგეგმილი გვაქვს სხვა აქტივობებიც. მასწავლებლების მხარდაჭერა როგორც ცენტრალური, ასევე, რეგიონალური სახელისუფლებო გუნდის პრიორიტეტია. მოსწავლეებისა და მასწავლებლების მხარდაჭერის მთავარი მექანიზმია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შეთავაზებული საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა”. აქვე აღვნიშნავ, ჩვენს რეგიონში 60 000-მდე მოსწავლეა, მათგან უმრავლესობას აქვს წვდომა ინტერნეტთან. ,,ტელესკოლა“ კი ხელმისაწვდომია ყველასთვის. დისტანციური სწავლების დროს სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სატელევიზიო გაკვეთილები, რეკომენდაციები და პროგრამული მხარდაჭერა, რესურსცენტრებისა და სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან განხორციელებული მონიტორინგი, მასწავლებლების მიერ გაწეული უდიდესი შრომა და მშობლების მაქსიმალური ხელშეწყობა მოსწავლეებისთვის შინ სასწავლო გარემოს შექმნისთვის, მათი ჩართულობა, საშუალებას აძლევს ჩვენს სკოლებს შეასრულონ ზოგადი განათლების კანონით დადგენილი მოთხოვნები და თითოეული კლასის მოსწავლეს სასწავლო წლის ბოლოსთვის მისცენ ის ცოდნა და უნარები, რაც გათვალისწინებულია ეროვნული სასწავლო გეგმით. ყველა მხარის ერთიანმა ძალისხმევამ მოგვცა შესაძლებლობა, რომ მიმდინარე წელი არ გამოცხადდა აკადემიურ წლად. დისტანციური სწავლების დანერგვასთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეფასდა არაერთ საერთაშორისო პლატფორმაზე. ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციამ კოვიდ-19-ის 2020 წლის პანდემიით განათლების სფეროში შექმნილი გამოწვევების დასაძლევად ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევაში 98 ქვეყნის მაგალითია განხილული. საქართველოს მთავრობის მიერ განათლების მიღების უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯები კი ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად მიიჩნია. „ყველაზე დიდი გამოწვევა, რასაც მსოფლიოს განათლების სისტემა აწყდება, ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის გაუმართაობაა, რაც აუცილებელი პირობაა დისტანციური სწავლების ეფექტიანად წარმართვისთვის. ამ მხრივ საქართველო გაცილებით მომზადებული აღმოჩნდა, ვიდრე სხვა ქვეყნები,“ – ნათქვამია აღნიშნულ კვლევაში.
– რა მდგომარეობაა ამ მხრივ აჭარის სოფლებში, განსაკუთრებით, მაღალმთიანეთში?
– მაღალმთიან აჭარაში უკლებლივ ყველა სკოლა ჩართულია დისტანციურ სწავლებაში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოსწავლეთა უმრავლესობისათვის ხელმისაწვდომია ინტერნეტ რესურსები, ასევე, ყველა სკოლის საგაკვეთილო ცხრილში ინტეგრირებულია ,,ტელესკოლის“ ფარგლებში შეთავაზებული გაკვეთილები. ,,ტელესკოლა”დისტანციური სწავლების ერთ-ერთი ფორმატია, რომელიც ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას აძლევს, ნახოს საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში. ტელეგაკვეთილები მოიცავს I-XII კლასების ყველა აუცილებელ საგანს. ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის გამოცდილი პედაგოგები ატარებენ. ,,ტელესკოლის” გაკვეთილების დაგეგმვისას ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტერესიც არის გათვალისწინებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა გაკვეთილის თარგმნას ჟესტური ენის თარჯიმანი უზრუნველყოფს. პროექტი აბიტურიენტის საათის ჩატარებასაც ითვალისწინებს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს არ აქვს ინტერნეტთან წვდომა, მას შეუძლია სრულყოფილად იხილოს და მოისმინოს ტელეგაკვეთილები, უკუკავშირისთვის კი მასწავლებლები ტელეფონით უკავშირდებიან მას.
– ხომ არ ფიქრობენ განათლების სამინისტროში, რომ სამომავლოდ, როცა სწავლების ჩვეულებრივი რეჟიმი აღდგება, სწავლების გარკვეული ტიპის აქტივობები დარჩეს სწორედ ონლაინრეჟიმში, მაგალითად, ზამთრის პერიოდში, უამინდობის დროს, ან მოსწავლის ხანგრძლივად ავადმყოფობისას?
– სამომავლოდ რამდენად მოხდება დისტანციური სწავლების ფორმების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში, იქნება თუ არა ეროვნულ სასწავლო გეგმაში ასახული შესაბამისი რეგულაციები, ამ ეტაპზე არ არის განსაზღვრული. ამასთან, უკვე გაცხადებულია, რომ ,,პირველი არხი -განათლება“ გააგრძელებს საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას.
– რამდენი კურსდამთავრებული ეყოლება წელს აჭარას, მათ შორის ბათუმს?
– 2019- 2020 წელს აჭარაში 4 000 – მდე მეთორმეტეკლასელი დაასრულებს სწავლას, ბათუმში – 1950.
– 22 მაისიდან თუ საგანგებო მდგომარეობა მოიხსნა, სავარაუდოდ, კურსდამთავრებულები გამოსამშვიდობებელ საღამოს მაინც მოაწყობენ. რამდენად მიზანშეწონილია მასობრივი თავშეყრა?
– როგორც პრემიერმა განაცხადა, საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელება არ იგეგმება, თუმცა არ იხსნება ყველა შეზღუდვა. შესაბამისად, თუ კვლავ ძალაში დარჩება მასობრივი ღონისძიებების შეზღუდვა, ბუნებრივია, მოქალაქეებისა და უფლებამოსილი ორგანოების მხრიდან დაცული იქნება შესაბამისი მოთხოვნები. ჩვენმა საზოგადოებამ პანდემიასთან ბრძოლის პირობებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტი აჩვენა.
– აბიტურიენტებს აინტერესებთ, დაზუსტდა თუ არა ეროვნული გამოცდების თარიღი?
– ამ ეტაპზე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ვადების ცვლილება არ განიხილება. ზუსტი თარიღები არსებული პრაქტიკის მიხედვით განისაზღვრება ივნისში. გამოცდების დროს ზედმიწევნით იქნება დაცული პროტოკოლები, რომელსაც მოგვაწოდებს ჯანდაცვის სფერო. გამოცდების ჩატარების დროს, ერთ სივრცეში, ერთ ოთახში ათ აბიტურიენტზე მეტი არ განთავსდება.