მუზეუმები ახალი რეალობის კვალდაკვალ
ნათია იმნაიშვილი: 27 48 93 –
„რეკომენდაციებსა თუ შიდა რეგულაციებს მკაცრად დავიცავთ და გავაკონტორლებთ“
„კომპანია თავისი ხარჯებით შეაკეთებს დაზიანებულ სივრცეს და ჩაგვაბარებს მუზეუმს იდეალურ მდგომარეობაში. რეალურად, არანაირი პრობლემა არ ყოფილა, რადგან მუზეუმს ამისთვის დამატებითი ხარჯები არ გაუღია“
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების შეჩერებისთვის მარტის თვიდან აიკრძალა ყველა ტიპის კულტურული ღონისძიებების ჩატარება, როგორც დახურულ, ასევე, ღია სივრცეში და შესაბამისად, ამ დრომდე ყველა მუზეუმი თუ გალერეა დამთვალიერებლისგან დაცლილია.
მუზეუმის საერთაშორისო დღეს, რომელსაც მთელი მსოფლიო აღნიშნავს, საქართველოც შეუერთდა, თუმცა მხოლოდ ინტერნეტსივრცეში. საბედნიეროდ, ქართულმა მუზეუმებმა მოახერხეს და ვიზიტიორებს საინტერესო ვირტუალური პროგრამები და პროექტები შესთავაზეს.
როგორ იმოქმედა პანდემიამ მუზეუმის ცხოვრებაზე, რამდენად შეძლეს თანამშრომლებმა ექსკურსიების ჩატარება ონლაინრეჟიმში? ამ და სხვა კითხვებზე აჭარის მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელი სულხან ოქროპირიძე გვიპასუხებს.
– ბატონო სულხან, როგორ შეცვალა პანდემიამ მუზეუმის ცხოვრება ?
– პანდემიამ შექმნა ახალი გამოწვევები და ამავდროულად, ახალი შესაძლებლობები, რომლებიც აისახა ყველა სფეროში. მოგეხსენებათ, ჩვენ ძირითადად, ვმუშაობთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ვიზიტიორი მოვიწვიოთ, მოვიზიდოთ და გავაცნოთ მუზეუმებში არსებული საინტერესო არტეფაქტები და ნივთები, რომლებიც ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის წარსულს აცოცხლებს. ასევე, ჩვენს შემთვევაში არის მეორე მნიშვნელოვანი სეგმენტიც, რომელიც საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებებს მოიცავს. აქედან გამომდინარე, სირთუელეები თავიდანვე ნამდვილად შეიქმნა, მაგრამ ძალიან მალევე გადავეწყვეთ ახალი რეალობის შესაბამისად და საზოგადოებას ჩვენი აქტივობები უკვე ციფრულ და ონლაინრეჟიმში წარვუდგინეთ.
– ამ პერიოდში რა იყო ყველაზე რთული ?
– თანამშრომლებისთვის, ძირითადად, დისტანციურად მუშაობის საკითხი აღმოჩნდა ცოტა რთული. ტექნიკური კუთხითაც თავიდან იყო ხარვეზები, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი გამოსწორდა და საკმაოდ მაღალი ხარისხის ონლაინპროდუქტი შევქმენით.
– როგორც ვიცით, მუზეუმმა ვიზიტიორებს სხვადასხვა დისტანციური პროექტი და პროგრამა შესთავაზა, ამაზე რას გვეტყვით ?
– თუ აქამდე ვიზიტიორი ადგილზე ეცნობოდა მუზეუმებში არსებულ საინტერესო არტეფაქტებსა და ნივთებს, ამჯერად, ეს ყველაფრი მათ ციფრულ რეჟიმში შევთავაზეთ. გვქონდა „მუზეუმების ონლაინგიდის“ პროექტი, სადაც ჩვენი გიდები დისტანციურ რეჟიმში ამოგზაურებდნენ ვიზიტიორებს სხვადასხვა სივრცეში. ჩავატარეთ ვიქტორინები, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებული ადამიანები გვიგზავნიდნენ შეკითხვებს და მათ კვალიფიციური პირები პასუხობდნენ. ასევე, ჩავატარეთ მეორენაირი ვიქტორინაც, როცა უშუალოდ ჩვენ ვსვამდით კითხვებს და გამარჯვებულს სიმბოლურ საჩუქრებს გადავცემდით. არ შეგვიწყვეტია მნიშვნელოვან და საინტერესო ნივთებთან დაკავშირებით არსებული ისტორიების საზოგადოებისთვის გაცნობა. მუზეუმის თანამშრომლები წერდნენ ვიდეოებს, სადაც საუბრობდნენ საინტერესო პერიოდისა თუ მოვლენის შესახებ. ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიხარულო მაინც ის იყო, რომ ამ ყველაფერს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, დისტანციურ რეჟიმში მუშაობა კი თანდათან უფრო სახალისო და საინტერესო გახდა.
– მუზეუმების სადღესასწაულო კვირეულთან დაკავშირებით, რა აქტივობები გაქვთ დაგეგმილი ?
-18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა, რომელსაც ყოველთვის კვირეულის სახით აღვნიშნავდით, მაგრამ ახალი კორონავირუსის გამო წლევანდელი გეგმები მთლიანად შეგვეცვალა. ვაპირებდით გარე აქტივობებს სხვადასხვა ლოკაციაზე, მაგრამ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მთლიანად გადავეწყვეთ ციფრულ რეჟიმზე. დაახლოებით 21-მდე აქტივობა გვაქვს გაწერილი. ძირითადი თემა და მიმართულება, რომელიც მუზეუმის საერთაშორისო საბჭომ დააგინა, არის „მუზეუმები თანასწორობისათვის – მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა“. ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებზე და დავამზადეთ რამდენიმე თემატური და საინტერესო ვიდეო. ერთ-ერთი ასეთია – არქეოლოგიურ მუზეუმში შშმ პირი თავად უტარებს ვიზიტიორებს ექსკურსიას. უსინათლოებთან დაკავშირებით ადრეც გვქონდა პროექტი, რომლის დროსაც მათთვის სპეციალურად გამოვიტანეთ ნივთები, რათა შეეგრძნოთ ისინი, შეხებოდნენ და ამით ემოგზაურათ სხვადასხვა სივრცეში. დაგეგმილი გვაქვს ვებინარები, ონლაინკონფერენციები. მათში მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად ჩაერთვებიან სხვა პროფილის სპეციალისტები. სხვადასხვა რაიონსა თუ ქალაქში ვატარებთ ონლაინლექციებს, რომლებშიც ჩართვა შეუძლია ყველას. აქვე გეტყვით, რომ გვექნება დაჯილდოება, სადაც გაზეთ „აჭარას“ გადმოგცემთ მადლობის სიგელს მხარდაჭერისთვის და იმისთვის, რომ ყოველთვის აქტიურად აშუქებთ ჩვენთან მიმდინარე მოვლენებს.
– ეკონომიკური პრობლემების ფონზე, რამდენად მოახერხეთ სტაბილურობის შენარჩუნება ?
– რა თქმა უნდა, მუზეუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტი არის შიდა შემოსავლები, რომელიც ვიზიტიორებზეა დამოკიდებული და რადგანაც დაკეტილები ვართ, შემოსავლები არ არსებობს. მას ვიყენებდით კონკრეტული აქტივობების დასაგეგმად. რაც შეეხება თანამშრომლების ხელფასებს, ამ საკითხში პრობლემა არ შეგვქმნია და არც შეგვექმნება.
– რამდენად მზად ხართ, მოერგოთ ახალ რეალობას, სრულყოფილად დაიცვათ რეკომენდაციები ?
– ვფიქრობ, არ გაგვიჭირდება. ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სეგმენტი კულტურული ტურიზმია, რომელსაც აუცილებლად გამართულად შევხვდებით. გვექნება ბევრი საინტერესო აქტივობა, თუმცა ეს ყველაფერი კონკრეტიკას შეიძენს მას შემდეგ, რაც გვეცოდინება გახსნის ზუსტი თარიღი და ის, თუ რა ფორმატით შეგვეძლება ვიზიტიორებთან ურთიერთობა. რეკომენდაციებსა თუ შიდა რეგულაციებს მკაცრად დავიცავთ და გავაკონტორლებთ.
– პანდემიის ფონზე რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა მუზეუმები ?
– არსებულმა სიტუაციამ მოიტანა ახალი გამოწვევები და მივხვდით, რომ აუცილებელია ციფრული მიმართულებით მეტი აქტივობის დაგეგმვა. ჩემს მოადგილეებთან ერთად ძალიან საინტერესო პროექტები შევიმუშავე და თამამად ვიტყვი, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ ამ ყველაფერს შევინარჩუნებთ. ონლაინჟურნალი, ვებინარები, სხვადასხვა ლაივაქტივობები გაგრძელდება და ეს ყველაფერი განთავსდება ჩვენს ვებგვერდზე. რა თქმა უნდა, ციფრული და ტექნოლოგიური კუთხით გვქონდა ხარვეზები, მაგრამ თანამედროვე პერიოდში ეს ყველაფერი მარტივად მოსაგვარებელი აღმოჩნდა.
– მუზეუმების გახსნის შემდეგ რა სიახლეებს შესთავაზებთ ვიზიტიორებს?
– ყველა მუზეუმში გვაქვს დაგემილი საინტერესო გამოფენები. გარე აქტივობები გაიმართება ნობელების მუზეუმში, რომელიც დაკავშირებულია იმ ცნობილ ევროპელებთან, ასევე, რა თქმა უნდა, არქეოლოგიურ მუზეუმში, სადაც უნიკალური ოქროს ფონდი და ჩვენი რეგიონისთვის დამახასიათებელი ნივთიერი კულტურა არის წარმოდგენილი. ვგეგმავთ არქეოლოგიურ გათხრებს. გაგრძელდება თიხასთან დაკავშირებული მასტერკლასები და ასევე ჩავატარებთ ერთ დიდ ღონისძიებას ბულვარში. გამოიფინება მთელი რეგიონის ეთნოლოგიური, ტრადიციული და კულტურული ნივთები. ეს ღონისძიება მუსიკალურადაც გაფორმდება და რამდენიმე დღეზე გადანაწილდება. წელს ვაპირებთ, რაც შეიძლება დიდი და მკაფიო სარეკლამო კამპანია ვაწარმოოთ, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ცნობადობა ადგილობრივებსა და ტურისტებში.
– თქვენ ახსენეთ ნობელების მუზეუმი, რომელთან დაკავშირებითაც ბევრი კითხვითი ნიშანი გაჩნდა. რეალურად რა მოხდა?
– ნობელების მუზეუმში ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და დაემატა ფართი, რომელიც განკუთვნილი იყო და არის გასაქირავებლად. იქ უნდა განთავსებულიყო კაფე და იმის გამო, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინტერესი არავინ გამოხატა, წვიმის დროს სახურავიდან ჩამოვიდა წყალი, რამაც დააზიანა კედლები. ჩვენ მივწერეთ კომპანიას, რომელიც აწარმოებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. მასთან გაფორმებულია ხელშეკრულება და საგარანტიო ვადებიც არის მითითებული. შესაბამისად, კომპანია თავისი ხარჯებით შეაკეთებს დაზიანებულ სივრცეს და ჩაგვაბარებს მუზეუმს იდეალურ მდგომარეობაში. რეალურად, არანაირი პრობლემა არ ყოფილა, რადგან მუზეუმს ამისთვის დამატებითი ხარჯები არ გაუღია.
გავესაუბრეთ აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის მარკეტინგის ხელმძღვანელ თინათინ ფუტკარაძეს, რომელმაც გაგვიზიარა საკუთარი განწყობა მუშაობის დისტანციურ რეჟიმთან დაკავშირებით.
-არავის ახსოვს ჩვენთან მსგავსი ტიპის მუშაობა, შესაბამისად, მოულოდნელი გამოწვევა აღმოჩნდა. მუზეუმის ინსტიტუტი ყველაზე მეტად აღქმადი და სფეციპიკურად სხვა დატვირთვისაა, ამიტომ შეძლებისდაგვარად, მოვერგეთ დისტანციურ რეჟიმს. გავაცოცხლეთ ყველა ის ექსპონატი, რომლის ნახვასაც ისურვებდა მუზეუმის მოყვარული ადამიანი და თითოეული თანამშრომელი მაქსიმალურად შევეცადეთ, საინტერესო გაგვეხადა ადამიანების ყოფა ამ პანდემიის პირობებში. ბევრ ახალ გამოწვევას შევეჭიდეთ, რომელიც საკმაოდ აქტუალური გახდა. კერძოდ, დავიწყეთ ვებინარების ჩატარება მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის და თამამად ვიტყვი, რომ ჩვენი მუზეუმების კომპეტენტური და პროფესიონალური გუნდი არა მხოლოდ კარგად ართმევს თავს ამ ყველაფერს, ვფიქრობ იმდენად საინტერესოდ ატარებს ვებინარს, რომ კარანტინის დასრულების შემდეგაც აუცილებლად გავაგრძელებთ. ჩვენთვის, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია 18 მაისი, მუზეუმის საერთაშორისო დღე, რომელიც 1977 წლიდან აღინიშნება მთელ მსოფლიოში და მისი დისტანციურად აღნიშვნა ბევრ სირთულეს შეეჯახა, თუმცა სასიამოვნო იყო ის რომ, ჩვენთვის გამოყვეს დრო ცნობილმა ადამიანებმა და მივიღეთ უამრავი ვიდეომოლოცვა, რამაც ძალიან გაახარა მუზეუმის თანამშრომლები, რომლებიც უკვე თვეები ელიან საკუთარ ექსპონატებთან შეხვედრას. აქვე მინდა მივულოცო მუზეუმის საერთაშორისო დღე საქმისა და მუზეუმისადმი ყველა ერთგულ ადამიანს და ვუსურვო მათ საყვარელ სამუშაო სივრცეში მალე დაბრუნება.