როდის დასრულდება სემესტრი და რა სიახლეებს შესთავაზებს უნივერსიტეტი სტუდენტებს?
ნანა აბულაძე: 577 20 35 90 –
კოვიდ-19 -მა როგორც ქვეყანაში არსებულ ყველა მიმართულებას, განათლებასაც შეუქმნა გარკვეული ბარიერები. საბედნიეროდ, შეიძლება ითქვას, რომ ეს უკანასკნელი სწორედ ის სფერო აღმოჩნდა, რომელმაც არსებული გამოწვევა დაძლია და საერთაშორისო ორგანიზაციების შექებაც დაიმსახურა.
როგორ გაართვეს თავი დისტანციურ სწავლებას, როდის დასრულდება სემესტრი და რა სიახლეები ელოდებათ სტუდენტებს ახალი სასწავლო წლიდან, ამის შესახებ გაზეთ „აჭარასთან“ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში საუბრობს:
–ბატონო მერაბ, რამდენად სრულყოფილად მიმდინარეობს უნივერსიტეტში დისტანციური სწავლების პროცესი, როგორ უმკლავდებით გამოწვევას ?
– ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2018 წლიდან სასწავლო პროცესში აქტიურად იყენებს ელექტრონულ პლატფორმებს
ეს საშუალებას აძლევს სტუდენტებს, მუდმივი წვდომა ჰქონდეთ ღია ელექტრონულ რესურსებთან (სასწავლო მასალა, სილაბუსი, პრაქტიკული დავალება) და თვალი ადევნონ მიმდინარე შეფასებებს. ასევე სთავაზობს მათ საუნივერსიტეტო და არასაუნივერსიტეტო სერვისებსაც (სტუდენტის ცნობა, სასწავლო ბარათი, ცნობა – ფორმა 26, სტიპენდიები, სოციალური პროექტები და აშ).
ეპიდემიური უსაფრთხოების რეკომენდაციების მიღებისთანავე, აქტიური მუშაობა დავიწყეთ ელექტრონული სწავლების კომპონენტის გამართულობის უზრუნველსაყოფად. 16 მარტიდან ბსუ-ს ყველა საფეხურის სტუდენტის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის, მოწვეული პროფესორ-მასწავლებლებისათვის ხელმისაწვდომია ელექტრონული პლატფორმა. იგი საშუალებას აძლევს პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებისათვის სასწავლო კვირის შესაბამისად (მეოთხე კვირიდან) მიაწოდონ სალექციო მასალა და დავალებები. საგულისხმოა, რომ პლატფორმა ელექტრონული სწავლების მონიტორინგის (სასწავლო მასალების ატვირთვა, დავალებების მიცემა, გასწორება, უკუგება) საშუალებას იძლევა, რამაც უზრუნველყო სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვა. 31 მარტიდან, ელექტრონულ პლატფორმას დაემატა ვიდეოკონსულტაციების დაგეგმვისა და მონიტორინგის ფუნქცია OOM- აპლიკაციის გამოყენებით. დაჩქარებული წესით შევიძინეთ ათობით ლიცენზია. გარდა ამისა, უცხოენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის დამატებით ვიყენებთ რამაც კიდევ უფრო სრულყოფილი გახადა დისტანციური სწავლების პროცესი.
ელექტრონული სწავლების ხარისხიანად წარმართვის მიზნით, შესაბამისი ინსტრუქციები გადაეგზავნა სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს. დღემდე მუშაობს ონლაინ დახმარების ჯგუფი, რომელიც დისტანციურად უზრუნველყოფს სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა საჭიროებისამებრ კონსულტირებას და მხარდაჭერას.
სასწავლო პროცესის სრულფასოვნად დასრულებისთვის, დიდ გამოწვევას წარმოადგენდა პრაქტიკული/ლაბორატორიული/კლინიკური კომპონენტების შესრულება. ამასთან დაკავშირებით მივიღეთ რეკომენდაციები.აქედან გამომდინარე, დისტანციური სწავლების პროცესი შეიძლება დადებითად შევაფასოთ.
–როდის ასრულებთ სემესტრს, როგორც ვიცით, უნივერსიტეტებმა თავად უნდა გადაწყვიტონ ეს საკითხი. . .
-შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებით, დამტკიცდა სასწავლო წლის ახალი აკადემიური კალენდარი, რომლის თანახმადაც, სასწავლო სემესტრი დასრულდება 6 ივნისს, ხოლო დასკვნითი და განმეორებითი გამოცდები ჩატარდება 8 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით.
–ჩასატარებელია ფინალური გამოცდები, წარსადგენია სამაგისტრო და საბაკალავრო ნაშრომები დამამთავრებელი კურსებისათვის, როგორ აპირებთ არსებული საკითხების მოგვარებას?
-უნივერსიტეტს უკვე შემუშავებული აქვს დასკვნითი გამოცდების ჩატარების ელექტრონული მოდელი, რომლის ინსტრუქცია უახლოეს დღეებში დაეგზავნება ბსუ-ს სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს. რაც შეეხება სამაგისტრო და საბაკალავრო ნაშრომების დაცვას, ამას შესაბამისი კომისიები პლატფორმით განახორციელებენ. ამ ეტაპზე სტუდენტებთან აქტიურად მიმდინარეობს ინდივიდუალური მუშაობა, რათა ნაშრომები, რომელიც მოგვიანებით პლაგიატის დამდგენ პროგრამაშიაიტვირთება, შესაბამისი სტანდარტებით, სრულყოფილად მომზადდეს.
–თუ შეიმუშავა უნივერსიტეტმა სამოქმედო გეგმა, ვთქვათ, როგორი იქნება სტუდენტების შეფასების სისტემა?
-ჩვენ მიერ შემუშავებული შეფასების მეთოდების და გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, ლექტორები თავიანთი საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, ყველაზე მოქნილ მეთოდებს იყენებენ სასწავლო პროცესში. დისტანციური სწავლების პლატფორმა იძლევა უკუკავშირის შესაძლებლობას სტუდენტის შეფასების დროს. აუცილებელ პირობას წარმოადგენს ლექტორის მიერ შესრულებული დავალებების კომენტირება. აღნიშნული შეფასების სისტემა გამოიყენება როგორც მიმდინარე, ასევე შუალედური და დასკვნითი გამოცდების შეფასებისთვის.
–რა ხარვეზები დაგანახათ პანდემიის პერიოდმა უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში ?
–უმაღლესი განათლების შესახებ კანონი დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით მკაფიო განმარტებას არ იძლევა. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 მარტის 205-ე დადგენილებით, განისაზღვრა დისტანციური სწავლების პროცესი, ასევე მომზადდა საუნივერსიტეტო რეგულაციებიც.
–უნივერსიტეტმა გადასახადების კუთხით, გარკვეული შეღავათები გაუწია სტუდენტებს. კონკრეტულად რა ტიპის შეღავათებზეა საუბარი და გეგმავთ თუ არა მომავალში რაიმე ნიუანსის გათვალისწინებას ?
-ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში ვაცნობეთ სტუდენტებს, რომ ქვეყანაში არსებული სიტუაციის გამო, არ განიხილებოდა ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტისთვის სტატუსის შეჩერება. ასევე, მოვიკვლიეთ ყველა, ვისაც ადმინისტრაციული რეგისტრაციის პრობლემა შეექმნა. ამ ეტაპზე, თითოეულ მათგანთან ვმუშაობთ ინდივიდუალურად, რათა მათ სწავლის საფასურის გადახდის მოქნილი განრიგი შევუდგინოთ.
–რა სიახლეები ელოდებათ ახალგაზრდებს, რომლებიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხებიან?
– მათ ვთავაზობთ მრავალფეროვან, სერთაშორისო სტანდარტების შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს. სასწავლო პროცესს უძღვებიან მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები. წელს დაემატა საჯარო მმართველობის პროგრამა. ჩვენს სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ სხვადასხვა სახის სტიპენდიითა და სოციალური პროგრამით. მათ ინტერესებზეა მორგებული სწავლის გადასახადის დაფარვის ექვს ეტაპიანი სისტემაც. უნივერსიტეტში მოქმედებს სტუდენტური სერვისების პორტალი – ინოვაციური სერვისების საშუალებით სტუდენტები ოპერატიულად ღებულობენ ინფორმაციას არსებულ სიახლეებზე, პროექტებზე, სტაჟირებაზე, ვაკანსიაზე . პორტალი მოიცავს ბაზას, რომლის საშუალებით კომპანიები და ორგანიზაციები დასაქმების მიზნით უკავშირდებიან სტუდენტებს.
რამდენიმე წელია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად უმჯობესდება. არაერთი კაბინეტ-ლაბორატორია აღიჭურვა თანამედროვე აპარატურით. ამ ეტაპზე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის დიგიტალური ტექნოლოგიებითა და ლიცენზირებული პროგრამებით აღჭურვილი სინქრონული თარგმანის ციფრული სასწავლო ლაბორატორია იქმნება. აპარატურა უკვე დამონტაჟებულია და ახალი სასწავლო წლიდან ამოქმედდება.
ბსუ-სთვის ასევე პრიორიტეტულად რჩება აბიტურიენტებისათვის მეტად მნიშვნელოვანი საკითხი – გაცვლითი პროგრამები და პროექტები. ჩვენს ხელთ არსებული სტატისტიკითა და რეიტინგების მიხედვით, უნივერსიტეტი ყოველთვის არის სამეულში, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ბსუ-ს წარმატება შეუქცევადი პროცესია.
–საერთო საცხოვრებელთან დაკავშირებით რა სიახლეებია?
-2019 წელს გაიხსნა ევროპული სტანდარტების, 200 მობინადრეზე გათვლილი, ოთხსართულიანი სტუდენტთა ახალი საცხოვრებელი, რომელიც სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. შენობა ძირითადად, 2 სტუდენტზე გათვლილი ბლოკური პრინციპის კონსტრუქციით არის აგებული და უზრუნველყოფილია დამოუკიდებელი სველი წერტილებითა და სამზარეულოთი. სტუდენტურ საცხოვრებელში განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი, თავისუფალი სივრცეები, ბიბლიოთეკა, ლიფტი, დაცვის ოთახი, სამრეცხაო-საშრობი და ა.შ. სპეციალური საჭიროების პირთათვის გათვალისწინებულია ადაპტირებული ბლოკები. მშენებლობისათვის 2 მილიონ 359 ათასი ლარი დაიხარჯა, საიდანაც დიდი ნაწილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან პროგრამული დაფინანსებით ჩაირიცხა.
–სულ რამდენი სტუდენტი ჰყავს ამ ეტაპზე უნივერსიტეტს და თუ გაქვთ ინფორმაცია, რამდენი აბიტურიენტია დარეგისტრირებული?
-დღევანდელი მონაცემებით, ბსუ-ს 6470 აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი ჰყავს. 2020 წელს საბაკალავრო პროგრამებზე გამოცხადებული გვქონდა მიღება 1365 ადგილზე. პირველი მითითებით აბიტურიენტთა განაცხადების რაოდენობა შეადგენს 2342-ს, ხოლო ჯამურად – 20487-ს. ბსუ აბიტურიენტების პირველადი მითითებით, საქართველოს ხუთ მოთხოვნად უნივერსიტეტებს შორის, მე-4 პოზიციაზეა (თავისუფალი, სამედიცინო, თსუ, ბსუ, თეატრი და კინო), ხოლო არაპროფილირებულ უმაღლეს სასწავლებლებს შორის და ასევე ჯამური მითითებით – მე-3 პოზიციაზე.