სილამაზე გადაგვარჩენს
ლაშა ხომერიკი: 593 50 82 69 –
სილამაზე გადაარჩენს კაცობრიობას – არაერთხელ გაგვიგონია ეს სიტყვები და მისი ჭეშმარიტებაც გაგვიაზრებია, როცა გამორჩეულად ლამაზი ბუნების პეიზაჟი თუ ადამიანის მიერ სულჩადგმული ხელოვნების ნაწარმოებები გვიხილავს ან მოგვისმენია და განგვიცდია ის უსამანო ტრფიალი, მშვენიერება რომ წარმოშობს. . . ამ განცდამ ახლა, პანდემიისას სრულად მომიცვა, როცა ბათუმელი თვითნასწავლი მხატვრის – ნათია გრიგოლიას ბოლო პერიოდში შესრულებულ ნახატებს გავეცანი. ჩემ წინ უცხო და მიმზიდველი სამყარო გამომზეურდა მეწამული ფერებითა და რაღაც განსაკუთრებული ლტოლვით. მთელი ამ დამატყვევებელი ფერწერის მთავარი საგანი ადამიანია, მისი სულიერი სამყარო. ხელოვნების ნებისმიერი ნაწარმოების აღქმა ინდივიდუალურია და ადამიანის სულიერებაზეა დამოკიდებული. . . და რომ ნათიას შემოქმედებით აღფრთოვანება სუბიექტურობაში არ ჩამითვალოთ, უმჯობესია, ხელოვნებათმცოდნე ინგა დიასამიძის აზრი გაგაცნოთ მასზე:,,ნათია გრიგოლია – ეს არის ხელოვანი, რომელმაც დეპრესია ფერებში დაამარცხა. მისი ნებისმიერი სურათის ძირითადი ფერი მეწამულია, თბილ ფერებს აჭარბებს მეწამულ ფერებში გარდასახვა. . . მან მონატრებასა და ტკივილს ტილოზე დაუდო ბინა, ის ხატავს სიურეალიზმში და კუბიზმში, ზოგ ნამუშევარში ორივე მიმდინარეობის გაერთიანებაა“.
დიახ, ბათუმს ჰყავს ასეთი გამორჩეული და განსაკუთრებული ხელწერის მხატვარი, ახალგაზრდა ქალბატონი, რომლის მხატვრობასთან ზიარება პირადმა ტრაგედიამ განაპირობა, როგორც წყალობა და მადლი, ისე ებოძა ეს ნიჭი უზენაესისგან და მიახვედრა, რომ ადამიანი სულია, რომელსაც სიცოცხლე უნდა უყვარდეს და ალამაზებდეს მას. ზეგარდმო მადლით ცხებული ეს ქალბატონი საინტერესო და გულწრფელი რესპოდენტია, ჩვენს შეკითხვებზე არც პასუხები დააყოვნა და არც შესაშური გულითადობა.
– თვითნასწავლი მხატვარი ხართ. . .
– დიახ, მე ვარ თვითნასწავლი მხატვარი. რთულია 36 წლის ასაკში დაიწყო ხატვა და გაგიცნოს საზოგადოებამ. . . მოხდა ისე, რომ ჩემმა ქვეცნობიერმა გაიღვიძა და ეს ნიჭი გამოამჟღავნა. მომწონს ჩემი წოდება – – თვითნასწავლი მხატვარი, რადგან ძალიან კარგია, როცა თავად შეგიძლია შექმნა, შენით, უფრო თავისუფალი ხარ. . .
– პირველად რომ ფუნჯი აიღეთ ხელში. . .
– რატომ ავიღე ფუნჯი და საღებავები? მინდოდა ჩემი განცდები და სათქმელი გადმომეტანა ფურცლებზე, ფუნჯის წყალობით კი ეს შევძელი. ვხატავ და ჩემი სული მშვიდდება, როცა აღელვებული ვარ, ფიქრებში ვრჩები და. . . სწორედ ასეთი განწყობისას დავიწყე ხატვა სულის სანუგეშოდ.
– პანდემიამდე შესრულებული ერთი თქვენი ნახატი წინასწარმეტყველურია. . .
– არ ვიცი. . . შინაგანად ვწუხდი, თითქოსდა ვხედავდი დღევანდელობას. ახლა, ბოლო დროს რამდენიმე სურათი დავხატე, თითქოს ყველა ნახატი მოწყენილია, უბრალოდ, ასე იხატება. ვხატავ მოყოლილ ამბებს, ზოგჯერ წარსულშიც ვმოგზაურობ და მომავალშიც და მერე გამიაზრებია, თუ რა დამიხატავს.
– თქვენს გახმაურებულ სურათზე ,,მუზის დასასრული” რას გვეტყვით?
– ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ნამუშევარი, რომელშიც ჩემი პერსონა გამოვსახე – ცხოვრებისგან დაღლილი და იმედგაცრუებული. მახსოვს, ცუდ ხასიათზე მყოფმა როგორ ავიღე პატარა ფიცრის ნაგლეჯი, დავხატე საკუთარი „მე“ და დავარქვი „მუზის დასასრული”. ეს იმას ნიშნავდა, რომ აღარასდროს ვიფიქრებდი ცუდზე და სწორედ ამ ნახატით დაიწყო ჩემი წინსვლა. . . პანდემიამ მსოფლიო გააჩერა და ჩემი გამოფენა დროებით გადაიდო, ვიმედოვნებ, რომ მომავალში მომეცემა შესაძლებლობა ჩემი შემოქმედება ბათუმლებს გავაცნო.
– თქვენ და ბათუმი. . .
– ბათუმი ჩემი სულის სავანეა, ქალაქი, რომელსაც ვერასოდეს დავტოვებ, მე მიყვარს ეს ქალაქი მისი ადამიანებითა და ულამაზესი ბუნებით, მიყვარს მაგნოლია, ბათუმთან რომ ასოცირდება, მე ის დავხატე ჩემებურად, სიყვარულით, შთაგონებით, გააზრებით და მიხარია,,რომ ბევრს მოეწონა.
ხელოვნება ადამიანის სულის გამონათებაა და მისთვის ზღუდე არ არსებობს, ის სიცოცხლეს ალამაზებს და ადამიანს სამოქმედოდ განაწყობს, განა შეიძლება ადამიანის სულის ამ ღვთაებრივ გამოვლინებას არ გავუფრთხილდეთ, განა შეიძლება ადამიანი არ გვიყვარდეს და მისი ბედნიერებისათვის არ ვზრუნავდეთ?! ხელოვნების, სილამაზის ყველა ტრფიალს მშვენიერი ვერნისაჟი ელოდება, სადაც ნათიას ანდამატურ, საკრალურ სამყაროში იმოგზაურებს და ირწმუნებს, ხელოვნება, მისით ტკბობის უნარი ჭეშმარიტად, სიხარულის, ბედნიერების წყაროა.