უჩვეულო “ბოლო ზარი”
ნანა აბულაძე: 577 20 35 90 –
დღეს საქართველოს ყველა საჯარო თუ კერძო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისთვის “ბოლო ზარი” უნდა დარეკილიყო, თუმცა პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველაფერი შეიცვალა, შესაბამისად, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ონლაინრეჟიმში მოუხდათ ერთმანეთთან დამშვიდობება.
მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთარება მიულოცა და წარმატებები უსურვა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა:
-ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, გილოცავთ თქვენი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას – სკოლის დამთავრებას.
ალბათ ბევრჯერ გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა თქვენი „ბოლო ზარი” – დღე, როცა დატოვებდით სკოლის კედლებს და შეაბიჯებდით ცხოვრების ახალ და საინტერესო ეტაპზე. თუმცა, აქამდე არნახულმა გამოწვევამ, რომლის წინაშეც ახლა მთელი კაცობრიობა დგას, სწავლის დასკვნით ეტაპზე სკოლებს, საყვარელ მეგობრებსა და მასწავლებლებს დაგაშორათ. მიუხედავად ყველაფრისა, თქვენ შეძელით გამკლავებოდით იმ გამოწვევებს, რაც თან ახლდა დისტანციურ სწავლებას და გამარჯვებულები ამთავრებთ სკოლას. ამ პირობებში ჩვენი უმთავრესი ამოცანა იყო, უზრუნველგვეყო სასწავლო პროცესის უწყვეტობა. ალბათ დღეს, როგორც არასდროს, ცხადი გახდა ამ ამოცანის მნიშვნელობა, რადგან ამ თუ სხვა გამოწვევათა დაძლევა მხოლოდ ცოდნით, განათლებით, მეცნიერებით შეიძლება და უკვე ხვალიდან, როდესაც თქვენს წინაშე უამრავი ახალი პერსპექტივა იხსნება, უკეთესი მომავლის უმთავრესი შემოქმედები სწორედ თქვენ ხართ. ცოდნის გაღრმავების ჟინით, გამოწვევებისადმი მზაობით, ნოვატორული მიდგომებით უნდა იკისროთ საკუთარი, ჩვენი ქვეყნისა და კაცობრიობის ბედის წარმართვა. ასე რომ, თქვენს ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი იწყება – ახალი გამოცდილებებით, ურთიერთობებით, მეგობრებით, განვითარების ახალი პერსპექტივებითა და პასუხისმგებლობით. თქვენ გამორჩეული თაობა ხართ და მჯერა, ასეთივე განსაკუთრებულ მომავალს შექმნით! წარმატებებს გისურვებთ ამ საინტერესო გზაზე, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
გაზეთ “აჭარასთან” საუბარში ხულოს რაიონის სოფელ ვაშლოვანის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მანანა ქამადაძემ აღნიშნა, რომ მისი 35-წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის განმავლობაში, ეს დღე ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულოა, რადგან მეთორმეტეკლასელებს არა სკოლის კედლებიდან, არამედ დისტანციურად აცილებენ.
– დღევანდელი დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითოეული სკოლისთვის, თითქოს სიხარული და სევდა ენაცვლებიან ერთმანეთს. სიხარულის მომგვრელია, როცა უყურებ, როგორ გაიზარდნენ, დაფრთიანდნენ ჩვენი მოსწავლეები და მზად არიან უკვე დამოუკიდებლად შეეჭიდონ ცხოვრების გამოწვევებს. მჯერა სწავლა-განათლების გარდა, ჩვენმა აღსაზრდელებმა ისიც ისწავლეს, როგორ იცხოვრონ მართალი ცხოვრებით, როგორ უყვარდეთ და უფრთხილდებოდნენ კაცობრიობის ყველაზე მთავარ მონაპოვარს – თავისუფლებას. მჯერა, სტუდენტობას, შემდეგ კი კარიერას ღირსეულად გაართმევენ თავს და არასდროს დაივიწყებენ, ვისი გორისანი არიან. ზუსტად ეცოდინებათ, რომ თითოეული მათგანი საკუთარი ოჯახის, სკოლის, რაიონისა და ზოგადად, ქვეყნის სახელი და სიძლიერეა. მინდა ჩემი სკოლის რვა მეთორმეტეკლასელს, ასევე, ყველა კურსდამთავრებულს მთელს საქართველოში, მივულოცო სკოლის დასრულება და წარმატებები ვუსურვო ამ მნიშვნელოვანი და საინტერესო გზის დასაწყისში, – გვითხრა მანანა ქამადაძემ.
შთაბეჭდილებებზე გვესაუბრა ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა “პროგრესის” კურსდამთავრებული თათული ხახუტაიშვილი.
მისი თქმით, მართალია, ეს მნიშვნელოვანი დღე სკოლის კედლებში ვერ აღნიშნეს, თუმცა კლასელები აპირებენ, სიმბოლურად შეიკრიბონ და არ დაარღვიონ თეთრ მაისურებზე წარწერების გაცვლის ტრადიცია.
– სკოლის დამთავრება ალბათ ყველაზე ამაღელვებელი მოვლენაა თინეიჯერის ცხოვრებაში. ეს ის ეტაპია, რომელსაც ყველა მოსწავლე მოუთმენლად ელის, წარმოიდგენს თავის ბოლო ზარს მოხატული პერანგებით და ზარ-ზეიმით. წელს ალბათ პირველი შემთხვევაა, როცა ქალაქში არ ისმის კურსდამთავრებულთა ოვაციები, არ ჩანს თეთრი პერანგები და, შესაბამისად, არ იქმნება სადღესასწაულო გარემო. სკოლის დამთავრება ყველაზე გულისამაჩუყებელი, მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მოვლენაა. არც წლევანდელი წელი იყო გამონაკლისი ყველა იმ სიტყვით, მოლოცვებითა და სიურპრიზებით, რაც ჩვენმა სკოლამ გააკეთა, რომ მარტო არ გვეგრძნო თავი და ყველა ის ემოცია ეჩუქებინა ჩვენთვის, რაც “ბოლო ზარს” ახლავს, – გვითხრა თათული ხახუტაიშვილმა.
აჭარაში წელს 3949 მოსწავლემ დაამთავრა სკოლა.

