ასლან ლორთქიფანიძე: ამერიკული კომპანია „ფრონტერა“ აფინანსებს იმ სენატორების საარჩევნო კამპანიას, რომლებიც ახლა ჩვენს სახელმწიფოს ბრალს სდებენ კომპანიის საქმიანობის შეჩერებაში
ნინო ცხვარაძე: 591 98 24 30 –
„საქართველოში ოპოზიციამაც და ხელისუფლებამაც უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან, რათა შევამციროთ მეგობარი, თუმცა მაინც უცხო, ქვეყნების გავლენა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე“
ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში პრეზიდენტის გადაწყვეტილება აქტუალურია. გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებას ვნებათაღელვა მოჰყვა მმართველ გუნდში. სამაგიეროდ, კმაყოფილია ოპოზიცია, თუმცა ისინი კიდევ ერთი მსჯავრდებულის, გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ, რომლისთვისაც ჯერ განაჩენი ქართულ მართლმსაჯულებას არ გამოუტანია.
შიდაპოლიტიკურ ორომტრიალს, შტატებიდან სენატორების გზავნილებიც დაემატა. საშინაო პოლიტიკაზე ინტერვიუ პოლიტოლოგ ასლან ლორთქიფანიძეს ვთხოვეთ.
– ბატონო ასლან, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, უგულავა–ოქრუაშვილის შეწყალებას ვგულისხმობ, ქვეყანამ აღიარა თუ არა, რომ საქართველოში იყვნენ პოლიტპატიმრები?
– პრეზიდენტმა შეწყალების შემდეგ მკაფიოდ განაცხადა, რომ ის იწყალებდა დამნაშავეებს და არა პოლიტპატიმრებს. სალომე ზურაბიშვილის ამ გადაწყვეტილების მიზეზი იყო, ქვეყნისთვის თავიდან აერიდებინა შესაძლო საგარეო ფინანსური დახმარების ვერმიღება და ასევე, მათ ციხეში ყოფნას შესაძლოა ჩრდილი მიეყენებინა არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციისთვის. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ მოახერხეს ჩვენი დასავლელი პარტნიორების ერთი ნაწილის დარწმუნება იმაში, რომ ეს ადამიანები იდევნებოდნენ პოლიტიკური ნიშნით. ხელისუფლების სურვილი იყო, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, სპეციალური კომისიის შექმნა, რომელიც შეისწავლიდა ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს, თუმცა ვერ მოხერხდა. კარგი იქნებოდა, ჩვენს საგარეო წარმომადგენლობებს უფრო აქტიურად ემუშავათ ამ მიმართულებით. ასეთი კომისიის შექმნის შემთხვევაში, ევროპელი და ამერიკელი პარლამენტარები ძალიან მარტივად დარწმუნდებოდნენ, რომ ოქრუაშვილი და უგულავა არიან კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეეებზე დაკავებულები. ისინი გათავისუფლდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ არიან პოლიტიკოსები და მათი დაპატიმრება უცხოეთში აღიქვეს როგორც პოლიტიკური კომპონენტის შემცველი. ჩვენი საზოგადოების უმრავლესობამ კარგად იცის სიმართლე ამ საკითხთან დაკავშირებით. უგულავა მისთვის უჩვეულო გულწრფელობით საჯაროდ აღიარებს კიდეც დანაშაულს. აღიარებს, რომ ასობით პარტიული აქტივისტი მერიის ა(ა)იპ-ში ისე დაასაქმა, რომ ისინი არ ასრულებდნენ სამსახურებრივ საქმიანობას და გამოიყენებოდნენ პარტიულ აქტივისტებად. ოქრუაშვილის პარლამენტში შეჭრის მოწოდებაც ყველამ ნახა პირდაპირ ეთერში. ოქრუაშვილი თავადვე ამბობს, რომ მინისტრად მუშაობის დროს სეიფში ედო 8 მილიონი დოლარი და უშუალოდ იყო ჩართული “რუსთავი-2”-ის წილების გადაფორმება-გადმოფორმებაში.
– საზოგადოებას ნაკლებად სჯერა, რომ გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლად მიიღო და შეწყალების საკითხი ბიძინა ივანიშვილთან არ ჰქონდა შეთანხმებული.
– პრეზიდენტი აცხადებს, რომ სანამ ის საჯარო განცხადებას გააკეთებდა დამნაშავეების შეწყალებაზე, მან ეს აცნობა პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერს და მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, რათა მათთვის მოულოდნელი არ ყოფილიყო პირდაპირ ეთერში გაკეთებული განცხადება. მმართველი პარტია დიდი მოწონებით არ შეხვდა ამ გადაწყვეტილებას, რადგან ამ ფაქტმა გაანაწყენა მისი ელექტორატი. კარგი იქნებოდა, შეწყალება დამნაშავეების განცხადების საფუძველზე. პრეზიდენტმა მიიღო ძალიან არაპოპულარული, მაგრამ ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება. ამნისტირებამ ოპოზიციას არგუმენტების დიდი ნაწილი გამოაცალა, თუ რატომ არ უნდა დაუჭირონ მხარი შეთანხმებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ახლა რურუას ხავსს ეჭიდებიან.
– რატომ მოაწერა 8 მარტს ხელშეკრულებას ხელი მმართველმა გუნდმა, სადაც ეწერა, რომ პოლიტპატიმრები უნდა გაეთავისუფლებინათ, თუ კი ამ საკითხის შესრულებას არ აპირებდა?
– რამდენჯერმე წავიკითხე ეს შეთახმება. ტექსტში არათუ სიტყვა „პოლიტპატიმარი“, სიტყვა „პატიმარიც“ კი არსად წერია. ეს არის ძალიან ზოგადი და ბუნდოვანი ტექსტი – შეთანხმების მეორე ნაწილი. ის იძლევა ინტერპრეტირების საშუალებას. ხელისუფლებას არ აუღია ვალდებულება პატიმრების გათავისუფლებაზე, ყოველ შემთხვევაში, ტექსტში ასეთი რამ არსად წერია. საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობის დრო 2012 წელს დასრულდა და ძალიან ცინიკურია, რომ პოლიტიკური რეპრესიების შემოქმედი პარტია სისხლის სამართლის დამნაშავეებს „პოლიტიკურ პატიმრებს“ უწოდებს. მათ მიერ გაგზავნილი მეილებით შეცდომაში შეჰყავს ზოგიერთი უცხოელი დეპუტატიც.
– ამერიკელი სენატორები ტედ კრუზი და ჯონ კორნინი საქართველოს ირანთან ნავთობით უკანონო ვაჭრობაში სდებენ ბრალს. წერილში საუბარია კომპანია „ფრონტერაზე“, რომელსაც, მათივე თქმით, ხელისუფლება ქვეყნიდან გაძევებას უპირებს. ამასთან, სენატორები ამბობენ იმასაც, რომ „კონტი ჯგუფს” ანაკლიის პორტი დაატოვებინეს. . . რამდენად შეესაბამება სიმართლეს სენატორების განცხადებები?
– ირანთან ნავთობით უკანონო ვაჭრობის ბრალდება მკაფიოდ მიუთითებს იმაზე, თუ როგორია ქართველი ოპოზიციონერების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მიერ პარტნიორი ქვეყნის პარლამენტის წევრებისადმი გაგზავნილი ინფორმაციის სიყალბის ხარისხი. სამწუხაროდ, სენატორებს არ აქვთ სათანადო ინფორმაცია და კარგი იქნება, თუ ჩვენი საელჩო უკეთ იმუშავებს ამ მიმართულებით. 2020 წლის 17 აპრილს ჰააგის საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალმა საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანა და საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანიისა და სააგენტოს სარჩელების უმრავლესობა დააკმაყოფილა. ტრიბუნალი ამბობს, რომ კომპანია „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენმა“ არსებითად დაარღვია 1997 წელს დადებული კონტრაქტის პირობები და მას ბიუჯეტის სასარგებლოდ გარკვეული თანხის გადახდა დაეკისრა. ამერიკული კომპანია ასევე ვალდებულია სახელმწიფოს დაუბრუნოს ის ტერიტორია, რომელიც მას კვლევა-ძიებისთვის გადაეცა. „ფრონტერა“ ატყუებდა მოსახლეობას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იურმუღანლოში 42 მილიარდი კუბური მეტრი გაზის აღმოჩენის შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა მმართველობის დროსაა აღმოჩენილი. მას „მწვანე ხევის“ საბადოს უწოდებდნენ. ამერიკული კომპანია „ფრონტერა“ აფინანსებს იმ სენატორების საარჩევნო კამპანიას, რომლებიც ახლა ჩვენს სახელმწიფოს ბრალს სდებენ კომპანიის საქმიანობის შეჩერებაში. სიმართლე ისაა, რომ კომპანიამ 1997 წლიდან დღემდე, სამწუხაროდ, ვერ აღმოაჩინა საქართველოში გაზისა და ნავთობის ახალი მარაგები, არ შეასრულა საქართველოსთან დადებული ხელშეკრულების პირობები, რის გამოც, ჰააგის საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, მოუწევს საქმიანობის შეჩერება და არა სხვა მიზეზით. ანაკლიის კონსორციუმის 42%-იან წილს „კონტი ჯგუფი“ საკუთარი სურვილით ყიდის და მას რაიმე პრეტენზია არ გამოუხატავს. ამ ფაქტს წუხილით შეხვდა როგორც კონსორციუმი, ისე საქართველოს ხელისუფლება. როგორც ჩანს, კომპანიამ ჩათვალა, რომ ეს პროექტი არ იყო მისთვის რენტაბელური. ამ ფაქტის პოლიტიზებაც არასწორია. სენატორების განცხადებები არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული.
–ზოგადად, ბოლო პერიოდში არაერთი გზავნილი მიიღო ხელისუფლებამ ევროპიდან თუ ამერიკიდან. რა შეგიძლიათ თქვათ ამ გზავნილებზე და რამდენადაა ასახული მათში რეალობა?
-„ნაციონალური მოძრაობის“ ყველა განშტოებამ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მიიღო დიდი გამოცდილება დასავლურ ლობისტურ კომპანიებთან, დეპუტატებთან მუშაობის. ისინი უკვე ამ კონტაქტებს იყენებენ ცრუ ინფორმაციის მისაწოდებლად და ამ გზით ხელისუფლებაზე ზემოქმედებას ახდენენ. ვინაიდან მათ შანსი არ აქვთ ამომრჩევლების მხარდაჭერით დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, ცდილობენ, წინასაარჩევნო გარემო მაქსიმალურად „გააშავონ“ დასავლეთის თვალში. ცდილობენ არჩევნების შედეგების ხელოვნურ დელეგიტიმაციას, რომ შემდგომ რევოლუციური სცენარი კვლავ გამოიყენონ ხელისუფლებში დასაბრუნებლად, ანუ არადემოკრატიული რევანშისთვის. ჩვენი დასავლელი პარტნიორების უმრავლესობის გზავნილები ნაკარნახევია იმ სურვილით, რომ მაქსიმალურად დემოკრატიულად წარიმართოს წინასაარჩევნო კამპანია და მივიღოთ გამჭვირვალე არჩევნები. ეს შედის სახელმწიფოს ინტერესებშიც. თუმცა ჩვენი ქვეყნის მეგობრები ოპოზიციისგან და არასამთავრობო სექტორისგან ხშირად იღებენ გაბუქებულ ინფორმაციას და მათი საშუალებით ცდილობენ ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებას საქართველოში.
– ვინ არიან წერილების ავტორები? რა აკავშირებდა მათ წარსულში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებასთან და რატომ რჩებიან ამჯერად ოპოზიციაში გადასული პარტიის მხარდამჭერებად?
– ვერ ვიტყვი, რომ მათი უმრავლესობა საქართველოში რომელიმე პარტიას მხარს უჭერენ. ისინი ცდილობენ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიატორის ფუნქციის შესრულებას პოლიტიკური კონსენსუსის მისაღწევად. შეიძლება რამდენიმე მათგანი, პირადი კონტაქტებიდან ან ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე, უფრო ლობირებდეს ყოფილ სახელისუფლებო პარტიებს, თუმცა ეს არ ეხება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს. ისინი ინარჩუნებენ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს.
– რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი პარტნიორებისთვის საქართველოში დემოკრატიის ნაკლებობაა, ამერიკელი სენატორები ერთგვარ მოწოდებასაც კი გვიგზავნიან – დავუბრუნდეთ დემოკრატიულ მმართველობას.
– დემოკრატიის ხარისხი ყველა ქვეყანაში, მათ შორის დასავლურ ქვეყნებშიც, შეფარდებითი ცნებაა. მაგალითად, მასობრივი აქციების დაშლა 2012 წლიდან დღემდე საქართველოში გაცილებით ჰუმანური მეთოდებით ხდება, ვიდრე დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობაში. სრულფასოვანი, იდეალური დემოკრატია მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არის და ამ მხრივ წუნი შეიძლება ნებისმიერ ქვეყანას მოუძებნო. ფაქტია ის, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევა ისტორიას ჩაბარდა და ჩვენ ყოველწლიურად ვაუმჯობესებთ დემოკრატიის ხარისხს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, სასურველ კონდიციამდე მისასვლელად ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო.
– ფაქტია, სენატორებს მმართველ გუნდთან ნაკლები კომუნიკაცია აქვთ. მიზეზი?
– სენატორები ურთიერთობენ როგორც ოპოზიციასთან, ისე ხელისუფლებასთან, კომუნიკაციის ხარისხი ცალკეულ პარლამენტარებთან განსხვავებულია. ნებისმიერი პარლამენტარი საქართველოშიც და დანარჩენ მსოფლიოშიც, გარდა ობიექტური გარემოებებისა, ეყრდნობა თავის სუბიექტურ დამოკიდებულებებს. საქართველოში ოპოზიციამაც და ხელისუფლებამაც უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან, რათა შევამციროთ მეგობარი, თუმცა მაინც უცხო, ქვეყნების გავლენა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე. უნდა იყოს მწავავე კრიტიკაც, თუმცა ნაციონალური მნიშვნელობის საკითხებზე, მათ შორის, საარჩევნო სფეროში, უნდა იყოს კონსენსუსის მიღწევის მზაობა. ჩვენი დიპლომატიური მისიების მუშაობაც უნდა იყოს უფრო აქტიური და პროდუქტიული.
– როგორ ფიქრობთ, ამერიკელი სენატორების წუხილის მიზეზი რა არის?
-ამერიკელ სენატორებს, ისევე როგორც სხვა დემოკრატიული ქვეყნების პარლამენტარებს, აქვთ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები და მათი მოსაზრებები უნიფიცირებული არ არის. ჩვენ ზომაზე მეტ დროს ვუთმობთ მათი განსხვავებული მოსაზრებების განხილვას. საქართველო სუვერენული ქვეყანაა და მისი გადასაწყვეტია, როგორ პოლიტიკას გაატარებს, რა სახის საარჩევნო სისტემა ექნება, ვისთან ექნება ეკონომიკური კავშირები და ა.შ. უფრო მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ პარტნიორი ქვეყნების საგარეო უწყებების ოფიციალურ განცხადებებს და ნაკლები დრო – მათი ცალკეული დეპუტატების მოსაზრებებს.
– შეიძლება თუ არა, ჩავთვალოთ შეწყალების საკითხი უცხოეთის მხრიდან ზეწოლად?
– რა თქმა უნდა, საუბარი იყო ფინანსური დახმარების შესაძლო შეწყვეტაზე. სწორედ ამ გარემოებამ შეასრულა გადამწყვეტი როლი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში, რომელსაც მოუხდა სისხლის სამართლის დამნაშავეების შეწყალება.
– გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი ბოლო აკორდია, რომ 8 მარტის შეთანხმება ოპოზიციამ შესრულებულად ჩათვალოს და საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭიროს. რა მოლოდინი გაქვთ, რურუას შეიწყალებს პრეზიდენტი?
-გიორგი რურუას ქეისი განსაკუთრებით უცნაურია. მის მიმართ სასამართლოს განაჩენი არ გამოუტანია და მსოფლიოს დემოკრატიული სახელმწიფოს ცალკეული დეპუტატები მის გათავისუფლებას ანუ ფაქტობრივად, სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევას მოითხოვენ აღმასრულებელი ან საკანონმდებლო ხელისუფლებისგან. რურუა აშშ-ის მიერ არის ექსტრადირებული და ის იყო 1995 წლის 29 აგვისტოს პრეზიდენტზე განხორციელებული ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორი. ირიცხებოდა მხედრიონის წევრად და დედაქალაქში არაერთი ადამიანი გამოხატავს მის მიმართ პრეტენზიებს მოქალაქეთა უფლებების დარღვევის გამო. მისი ძმა ნიკა რურუა „ნაციონალური ხელისუფლების“ გავლენიანი წევრი იყო, რის გამოც გიორგი რურუას მიმართ არ განხორციელდა შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები. მაქვს მოლოდინი, რომ პროკურატურა მოითხოვს საპროცესო შეთანხმების გაფორმებას. სასამართლოს გადასაწყვეტია ის, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
– როგორი პოლიტიკური პროგნოზებია შემოდგომისთვის?
-კოვიდ -19 -ის წინააღმდეგ წარმატებულმა ბრძოლამ ხელისუფლებას პოლიტიკური დივიდენდები მოუტანა და ეს აისახება 31 ოქტომბრის საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე. პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დამოუკიდებლად მოახერხებს უმრავლესობის ფორმირებას და შესაბამისად, მთავრობის დაკომპლექტებას. ამ არჩევნების მთავარი გამოწვევა იქნება მისი შედეგების როგორც საშინაო, ისე საგარეო ლეგიტიმაცია. საამისოდ ხელისუფლება ყველა შესაძლო ნაბიჯს დგამს. არჩევნების შედეგების აღიარება არ შედის ოპოზიციის ინტერესებში, რახან იცის, რომ ვერ ახერხებს არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებას. ის ცდილობს ამ შედეგების დელეგიტიმაციას მიაღწიოს, რათა ამ საბაბით მოუწოდოს მოსახლეობას რევოლუციისკენ. საქართველოში, თუ საკმარისი რესურსი აქვს პარტიას ან პარტიათა ჯგუფს, შეუძლია არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლა, ამიტომ რევოლუციური გზით ხელისუფლების შეცვლას ჩვენს საზოგადოებაში არასაკმარისი მხარდაჭერა აქვს. ეს აჩვენა გასული წლის 20-21 ივნისის მოვლენებმაც.