თოჯინები იცინიან
ნანა აბულაძე: 577 20 35 90 –
„ხელნაკეთი ნივთებისადმი ჩვენს ქვეყანაშიც გაიზარდა ინტერესი, თუმცა მზაობა განსხვავებულის მისაღებად, ან ხელით ნაშრომის ობიექტურად შეფასება ისევ მოიკოჭლებს. ჩვენი ხელნაკეთი თოჯინები არ არის მხოლოდ ხელშესახები პროდუქტი, თოიარტელ თოჯინასთან ერთად ადამიანები ერთმანეთს ღიმილის, სიცილ-კისკისის მიზეზს ჩუქნიან“
კოვიდ -19-ის გამო შექმნილმა მდგომარეობამ ეკონომიკურად რისკის წინაშე დააყენა ის მცირე ბიზნესკომპანიები და მასში მომუშავე ადამიანები, რომლებისთვისაც თითოეული შეკვეთა არსებობისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი სტუმარი ძალიან ნიჭიერი გოგოა, რომელმაც ერთი წლის წინ შეყვარებულთან ერთად საწარმო ,,თოიარტი” დააფუძნა, სადაც უსაყვარლეს თოჯინებს ქმნიან. ამბობს, რომ თითოეულ თოჯინაში დიდ ენერგიას დებს, რათა ზუსტად ისეთი გამოვიდეს, როგორიც შემკვეთს სურს. სწორედ ამ შემართების და საქმის დიდი სიყვარულის შედეგია, რომ დღეს ,,თოიარტს” არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ იცნობენ.
რა გამოწვევების წინაშე დააყენა წყვილის ბიზნესი პანდემიამ და რა გეგმები აქვთ, ამაზე საუბრობს ,,თოიარტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მარეხ ტუღუში.
– არსებულმა სიტუაციამ როგორ იმოქმედა თქვენს საწარმოზე, ახერხებდით შეკვეთების მიღებას?
-ალბათ ოქროს ასოებით ჩაიწერება ჩვენი პატარა საწარმოს ისტორიაში, რომ კოვიდკრიზისს გადავურჩით. მანამ, სანამ უშუალოდ ჩვენ შეგვეხებოდა აკრძალვა, ჯერ მასალების მოპოვების პრობლემა გაჩნდა, შემდეგ ადამიანური დამხმარე რესურსიც შემცირდა – ჩვენთან პერიოდულად მოხალისეებიც მოდიოდნენ ხოლმე. და ბოლოს, ონლაინგაყიდვების აკრძალვამ აბსოლუტურ შოკში ჩაგვაგდო. ძალიან მოულოდნელი იყო მთელი მსოფლიოს ონლაინპლატფორმაზე გადასვლის ფონზე, საქართველოში მისი აკრძალვა. მთელი ორი თვე, შეიძლება ცოტა მეტიც, შეკვეთებს ვერ ვიღებდით. მიუხედავად იმისა, რომ არ ვართ პირველადი საჭიროების მიმართულება, იმ ორ თვეში შეკვეთის მსურველთა რაოდენობა არ შემცირებულა, პირიქით, უფრო გაიზარდა ინტერესი ჩვენი პროდუქტის მიმართ. „კარჩაკეტილობისას“ სოციალურ ქსელში ჩვენი თოჯინების ჩუქებით გამოწვეული რეაქციის ამსახველ ვიდეოებს თითქმის მილიონამდე ნახვა აქვს. მთელი ის პერიოდი ვერც სახელოსნოში მივდიოდით. დროებით სახლში მოვაწყვე პატარა სახელოსნო, სადაც ადრე მიღებული შეკვეთები დავასრულეთ (ჩვენთან 1-2 თვით ადრეც უკვეთავენ ხოლმე თოჯინებს, ასე ფასდაკლებით სარგებლობენ). კარგა ხანს ვერ გავაგზავნეთ თოჯინები ადრესატებთან, თუმცა მომხმარებელი ძალიან გონივრულად შეხვდა ჩვენგან დამოუკიდებლად წარმოქმნილ შეფერხებებს. არ მჯერა, რომ უკან დარჩა და გადავლახეთ პანდემიური კრიზისი, რომელიც
,,თოიარტის” პირველი და არც ისე სასიამოვნო სიზმარი იყო.
წარმოებისა და მიწოდების ვადები გაიზარდა, მაგრამ მაისიდან უკვე განვაახლეთ შეკვეთების მიღება.
– მოგვიყევით ,,თოიარტზე” .
– ჩემი და ჩემი საქმროს – შალვა კეთილაძის კეთილი სურვილების თავმოყრაა. გვინდოდა ცხოვრებაში რაღაც ისეთი გვეკეთებინა, რომ ჩვენც სიამოვნება მიგვეღო და სხვებსაც. მთელი 2 წელი ხან რა იდეას განვიხილავდით და ხან რას. ერთხელაც, შაკო წააწყდა ინტერნეტში ბრიტანულ, თუ ამერიკულ პატარა ბიზნესს, სადაც ბავშვის ნახატის მიხედვით ქმნიდნენ თოჯინებს. იმდენად ორიგინალური და საინტერესო იყო, გადავწყვიტეთ მისი ქართული ანალოგის შექმნა. რაშიც ჩემი ძველი მეგობარი მეთოჯინე გოგონა დაგვეხმარა. შევქმენით ინტერნეტგვერდი და მეორე დღეს პირველი მომხმარებელიც დაგვიკავშირდა. ის მეთოჯინე გოგონა ძალიან მალე სხვა საკითხით დაინტერესდა და გამოგვეთიშა. 4-5 თვე დასჭირდა საქმის გამართვას, ბიზნეს-უნარების დახვეწას, კადრების მოძიებას (რომელიც დღემდე პრობლემაა), თოჯინის შექმნის მეთოდების დახვეწას. ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ვეძიე უნარები საკუთარ თავში და ვიქეცი მეწარმე-მეთოჯინედ. ადრე არასდროს დამიხატავს, ვერ წარმოვიდგენდი ოდესმე მსგავს თოჯინებს თუ შევქმნიდი. ჩვენი იდეის საწყისი ნახატის მიხედვით შექმნილი თოჯინები იყო, მაგრამ მომხმარებელი, ძირითადად, კარიკატურული ნამუშევრით დაინტერესდა და ასე ვთქვათ, ტრანსფორმაცია განვიცადეთ. თოიარტელი თოჯინები ქართული წარმოების მატყლისგან იქმნება და რბილი დეკორატიული ხელნაკეთი ქმნილებაა. ჩვენთან შექმნილი ბევრი ,, მეორე მე” უკვე ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, ამერიკასა და ავსტრალიაშიც კი შეგხვდებათ. საწარმოში ვქმნით როგორც ადამიანზე მიმსგავსებულ თოჯინებს, ისე ანიმაციურ გმირებს. ბოლო დროს ცხოველებიც „შემოგვეპარა“, თუმცა წამყვანი ხაზი მაინც კარიკატურაა. ხელნაკეთი კარიკატურული თოჯინების საწარმო 2018 წლის 23 ნოემბერს შეიქმნა და ზუსტად 1 წლისა და 6 თვისაა.
– იმისათვის, რომ სრულყოფილი გამოვიდეს თოჯინა, რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ შემკვეთზე და რა ნიუანსებს ითვალისწინებთ პირველ რიგში?
– სრულყოფილი თოჯინა ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იქნება. რეალურად, მთავარ ჩანახატს თვითონ მომხმარებელი ქმნის. გვჭირდება 4-5 ისეთი ფოტო, სადაც ნათლად იკვეთება ტიპაჟი და მომხმარებელთან შეთანხმებით მივდივართ საბოლოო ვერსიამდე. ამ ეტაპზე მთლად კლონური მსგავსება ვერ გვაქვს, თუმცა ძალიან ვცდილობთ ხასიათი გავიმეოროთ. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, უმთავრესი მაინც ასეთი საჩუქრისთვის სწორად შერჩეული ადრესატი, თამამი და კრეატიული მომხმარებელია. გამოცდილების მიღების შემდეგ მივედით გადაწყვეტილებამდე , რომ 15 წლამდე ბავშვების კარიკატურული თოჯინები აღარ შევქმნათ.
– რას გრძნობთ თითოეული თოჯინის დამზადებისას?
– რაც უფრო სახასიათო და ინდივიდუალურია გმირი, მით უფრო სასიამოვნოა თოჯინის შექმნის პროცესი. დასრულების ეტაპზე გვერთვება რეჟიმი ‘„ნახე რა საყვარელია“ და ძნელად გვეთმობა ყოველი მომდევნო თოიარტელი. ძალიან მიყვარს, როცა ჩვენი ‘„თოჯინები იცინიან.“ მათი შექმნა უპირველესად, დიდი პასუხისმგებლობაა – ჩვენ გვანდეს საჩუქარი. თოჯინას გულდაწყვეტილი, მაგრამ მაინც ენთუზიაზმით ვფუთავთ. მჯერა, რომ ქაღალდში გახვეული „ბედნიერება“ სხვასაც გაახარებს. ასე ნელ-ნელა ვიქეცით ინფლუენსერებად. საოცარი ემოციები გვაქვს მომხმარებლისგან მიღებული ვიდეო-რეაქციების შემდეგ. ეს ჩემი საყვარელი მომენტია საქმის წარმოების მთელ ამ გრძელ პროცედურებში. შაკო საკმაოდ კრიტიკული შემფასებელია, ჩემზე მეტადაც კი. საქმეში ამჟამად უნიჭიერესი მოხალისე გოგონები ქრისტინე კახაძე და მარიამ კარანაძე გვეხმარებიან. მათ საქმე ადგილზე შეისწავლეს და პატარა, მაგრამ ძალიან ღირებული წვლილი შეაქვთ საერთო საქმეში. „თოიარტით“ მე და შაკო ჩვენს წილ სათქმელს ვამბობთ, საშუალებას ვაძლევთ ადამიანებს, რომ მეგობრებს პოზიტიური ემოცია, სამყაროს კი სიცილი აჩუქონ. ასე ერთად ვქმნით „თოიარტის“ ისტორიას.
–ხელნაკეთი სათამაშოების მიმართ რამდენად დიდია საზოგადოების ინტერესი, როგორ შეიძლება მათი შეკვეთა და აქვე გკითხავთ, რამდენად ხელმისაწვდომია ფასები თქვენთან ?
–ხელნაკეთი ნივთებისადმი ჩვენს ქვეყანაშიც გაიზარდა ინტერესი, თუმცა მზაობა განსხვავებულის მისაღებად, ან ხელით ნაშრომის ობიექტურად შეფასება ისევ მოიკოჭლებს. ჩვენი ხელნაკეთი თოჯინები არ არის მხოლოდ ხელშესახები პროდუქტი, თოიარტელ თოჯინასთან ერთად ადამიანები ერთმანეთს ღიმილის, სიცილ-კისკისის მიზეზს ჩუქნიან. ჩვენი ფასები, სხვა საჩუქრებთან შედარებით, ალბათ, საშუალოდ ხელმისაწვდომია. 120 ლარიდან იწყება და ფასი დამოკიდებულია თოჯინის სიდიდესა და დამატებით დეტალებზე. შეკვეთა ონლაინ ხდება, ძირითადად, და უკვე საშუალებით. გვიკავშირდებიან ჩვენი საიტის მეშვეობითაც . შეკვეთის დადასტურებიდან, საშუალოდ 12-15 დღეში იგზავნება საქართველოს ფარგლებში სასურველ მისამართზე. მოთხოვნა ისეთი გვაქვს, ყველა წარმოება რომ ინატრებს, თუმცა პროფესიონალი და სტაბილური კადრების მოძიება პრობლემად რჩება.
– როგორია ,,თოიარტის” სამომავლო გეგმები?
–ძალიან ბევრი საქმე შეგვიჩერა პანდემიამ. ამ ზაფხულს ქალაქში ვგეგმავდით -ს პრეზენტაცია-გამოფენას. როგორც კი ხალხის შეკრება არ იქნება საფრთხის შემცველი და დავუბრუნდებით ჩვეულ კალაპოტს, ამ პროექტს განვახორციელებთ. სამომავლოდ თოჯინების ექსპორტსაც განვიხილავთ. ყველა გეგმას ვერ გაგანდობთ, თუმცა კი ნამდვილად დახუნძლულები ვართ ფერად-ფერადი იდეებით.
–რომელი თოჯინა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად, რომელმაც შემკვეთში მძაფრი და სასიამოვნო ემოციები გამოიწვია ?
– რაც დრო გადის, დაგვიგროვდა ფავორიტი თოჯინები.
რამდენიმეს გამოვყოფ, ერთ-ერთია „ჯოკერი”. კიდევ შეფმზარეულის გურამ ბაღდოშვილის თოჯინა გვიყვარს ძალიან, რომელსაც იგი ყოველ დღესასწაულზე ახალ სიცოცხლეს ჩუქნის. ხან ჰელოვინის დღესასწაულზე ბადეში გახვეულს ვხედავთ „ თოიარტელ გურამს“, ხან თოვლის ბაბუს ქუდით დახლზე წამოსკუპებულს, ხან სადილის მომზადების ლაივჩართვისას ორი მზარეული ჩანს ეკრანზე, ხან ბუხართან ტახტშია ჩამჯდარი ღვინის ჭიქით. ვფიქრობ, ესაა ჩვენი ჩანაფიქრის ყველაზე გამართლებული გაგრძელება. ჩვენი თოჯინები რომ მხოლოდ თაროზე შემოსასკუპებელი ნივთი არაა, სწორად გაიგო ადრესატმა. „თოიარტისთვის“ ალბათ, ცალკე ისტორიულ ფაქტად იქცა ვასილ ჩხაიძის განუმეორებელი გმირი ,,არისტოფანე” გიორგი დანელიას უკვდავი ფილმიდან „ მიმინო.” საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი დაგვიკავშირდა, თოჯინა პატარა მუზეუმისთვის შეუკვეთეს, რომელიც თელავის ერეკლე II-ის სახელობის აეროპორტში მდებარეობს. დეტალურად მახსოვს, არისტოფანეს შექმნისა და საწარმოდან გამგზავრების ემოციური მომენტები. გული ისე დამწყდა, ტირილიც კი დავიწყე. თოჯინის მიღების შემდეგ კმაყოფილებმა ფოტოებიც გამოგვიგზავნეს და მოგვწერეს, რომ ჩვენი ,, თოიარტელი არისტოფანე” ,,მიმინოს“ მუზეუმში მასპინძლობს და აღფრთოვანებაში მოჰყავს ტურისტები, განსაკუთრებით ჩრდილოელები.
–რომელი ცნობილი ადამიანის თოჯინაზე იმუშავებდით დიდი სიამოვნებით?
–არ დამავიწყდება ემოცია, რომელიც ლონდონში M მუზეუმში სტუმრობისას მქონდა. კარგა ხანს რომ ვერ გავერკვიე, მართლა მორგან ფრიმანი იდგა ჩემს გვერდით, თუ სასწაულად რეალური თოჯინა. ალბათ, დიდი გამოწვევა იქნება, მაგრამ შევეჭიდებოდი.
–მთავრობის მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმაში პანდემიის შედეგად დაზარალებული ბიზნესისთვის შეღავათების დაწესებაზე იყო საუბარი, კონკრეტულად თქვენს ბიზნესს თუ შეეხო ეს?
–უპირველესი მართებული ნაბიჯი რაც გადაიდგა, იყო ონლაინგაყიდვების განახლება. ასევე, დასაფასებელია ამ ეტაპზე საშემოსავლო გადასახადის გაუქმება. ისეთი პატარა ბიზნესისთვის, როგორიც „თოიარტია“, ეს იყო ყველაზე დიდი ხელშეწყობა პანდემიამდელი სტატუს-კვოს დაბრუნებისთვის. უმოძრაობის ორმა თვემ საგრძნობლად დააზარალა წარმოება და ამ რეგულაციით, ვფიქრობ, ცოტათი ამოვისუნთქავთ. ზოგადად კი (ცოტას წავიწუწუნებ ) ხაზინაში თუ უფრო ნაკლები პროცენტი გვექნება გადასარიცხი, ეს დასაქმებულის ხელფასზეც აისახება და წარმოების განვითარება-გაფართოებაზეც. საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა პროდუქციათა ექსპორტი. კარგი იქნება სახელმწიფოთაშორისი ონლაინპლატფორმის გამარტივება. ჩვენი პროდუქციით ბევრი ქვეყნიდან ინტერესდებიან, თუმცა უცხოელი დამკვეთისთვის იმდენად დროში გაწელილი, რთული პროცედურა და ძვირად ღირებული სიამოვნებაა, რომ ბოლოს თავს იკავებს. შემოქმედებითი პატარა ინდუსტრიებიც იძულებულები ვართ უარი ვთქვათ უცხოეთიდან შეკვეთის მიღებაზე, მაშინ, როცა ექსპორტი იქნებოდა წარმატების, განვითარებისა და გაფართოების მნიშვნელოვანი გარანტი.