კანონმდებლები ხვალ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მოუსმენენ
ნინო ცხვარაძე: 591 98 24 30 –
რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში დღეს ბიუროს სხდომა გაიმართა. მას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ დასწრებიან. სხდომაზე დეპუტატებმა 21 მაისის პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტი განსაზღვრეს. სესიაზე 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე წარადგენს. ამასთან, უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტალის შესრულების მიმოხილვა იწყება. ბიურომ განსაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები. საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი რომანაძემ სხდომაზე ორი საკითხი გამოიტანა და ორივეს ბიუროს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
ბიუროს დღის წესრიგში სულ 8 საკითხი იყო, აქედან ერთ-ერთი – უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი – „საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით, საქართველოს კანონის პროექტის „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე“, რომელიც აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძემ წარმოადგინა. ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხი პლენარული სხდომისათვის მომზადებულია.
სხდომაზე სამი საკითხი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ წარმოადგინა: კანონის პროექტს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ წამყვანი კომიტეტი ერთდღიან ვადაში განიხილავს. რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2019 წლის საქმიანობის ანგარიშს, ბიუროს გადაწყვეტილებით, კომიტეტები რეგლამენტით განსაზღვრულ ვადებში განიხილავენ.
ბიუროს წევრებმა მხარი დაუჭირეს უმაღლესი საბჭოს ბიუროს 2020 წლის 24 თებერვლის N9 გადაწყვეტილებაში შესატან ცვლილებასაც. 21 მაისს, „მინისტრის საათის“ ფორმატში, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილს მოუსმენენ, 11 ივნისს – ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ჯაბა ფუტკარაძეს, ხოლო 22 ივნისს – სოფლის მეურნეობის მინისტრ ტიტე აროშიძეს.
ბიურომ მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ორგანოს აპარატის უფროსის – ზურაბ ჭურკვეიძის პროექტს, რომელიც უმაღლესი საბჭოს 2020 წლის ბიუჯეტის დეტალურ განწერაში ცვლილებას ითვალისწინებს.
– რესპუბლიკური ბიუჯეტის 2019 წლის შესრულების ანგარიშის განხილვა კომიტეტებში დასრულებულია. ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში 106 პროცენტით იყო შესრულებული, ხარჯვით ნაწილში კი – 95 პროცენტით. ვფიქრობ, ციფრები შთამბეჭდავია და დარწმუნებული ვარ, წლევანდელი დაგეგმილი ბიუჯეტიც ხარჯვით ნაწილში ანალოგიური იქნება. რაც შეეხება რესპუბლიკური ბიუჯეტის კვარტალურ შესრულებას, განვსაზღვრეთ კომიტეტებში განხილვის გრაფიკი. ყველა კომიტეტისთვის ბოლო ვადად 27 მაისი განისაზღვრა, ხოლო წამყვანი – საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტისთვის – 29 მაისი, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი რომანაძემ. მისივე თქმით, 21 მაისის სესიაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილს მოუსმენენ.
– ამავდროულად, სესიაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს წარმოადგენს, რასაც ასევე, შეიძლება „მინისტრის საათი“ ვუწოდოთ. მინისტრებთან ალბათ გვექნება შეკითხვები, თუმცა წინასწარ არ გვაქვს მომზადებული, – გვითხრა გიორგი რომანაძემ.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე აცხადებს, რომ ბიუროს სხდომაზე განხილული 8 საკითხიდან ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში და 2020 წლის პირველი კვარტალის შესრულების საკითხია.
-21 მაისის პლენარულ სხდომაზე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილს მოვუსმენთ, „მინისტრის საათის“ ფორმატში. ქალბატონ მაიას საშუალება ექნება, სამინისტროს საქმიანობაზე მოხსენება გააკეთოს. დეპუტატებსაც საშუალება ექნებათ, მინისტრს კითხვები დაუსვან. რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, იყო ტექნიკური ხასიათის, – აცხადებს დავით გაბაიძე. მისივე თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტის შესახებ ცნობილი არ იყო.
– ჩვენთვის არ უცნობებიათ ბოიკოტის თაობაზე, ეს მათი ნებაა. ბოიკოტი პოლიტიკური ბრძოლის ფორმაა, ისინი არიან პოლიტიკოსები და თავად იღებენ გადაწყვეტილებას, ბრძოლის რა მეთოდი გამოიყენონ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, – აცხადებს დავით გაბაიძე.