ოპოზიციის ბოიკოტი მმართველი გუნდისთვის ღია კარის მტვრევაა
ნინო ცხვარაძე: 591 98 24 30 –
,,ჩვენი და მოსახლეობის ამოცანაა, მივიღოთ ისეთი უმაღლესი საბჭო, ისეთი პარლამენტი, სადაც წარმოდგენილი იქნება ნებისმიერი პარტია იმ პროპორციით, როგორი მხარდაჭერაც ექნება არჩევნებზე“
უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება. 21 მაისის პლენარული სხდომას ისინი არ დასწრებიან. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ერთიანი საქართველოს“ წევრები ამის მთავარ მიზეზად 8 მარტის შეთანხმებას ასახელებენ, რომელიც, მათივე განმარტებით, ბოლომდე არაა შესრულებული.
-სანამ არ შესრულდება 8 მარტის ხელშეკრულება, გავაგრძელებთ ბოიკოტის რეჟიმში ყოფნას. გარდა ამისა, იცით, რომ უმაღლეს საბჭოში ინიცირებულია სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტი. იგი განხილულია, დარჩენილია მხოლოდ სხდომაზე გატანა, თუმცა, დღემდე გაჩერებულია და აგრძელებენ ქართველი ხალხის და საერთაშორისო მეგობრების „გადაგდებას“. ამასთან, ყველამ ვიცით, რომ ჩაკეტილ მოსახლეობას უჭირს და არანაირი ანტიკრიზისული გეგმა და ბიუჯტი შემოუთავაზებია რეგიონის ხელისუფლებას, -აცხადებს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი.
იგივეს აცხადებს „ერთიანი საქართველოს“ წევრი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გიორგი ცინცქილაძე.
– 8 მარტის ხელშეკრულება არ შეუსრულებია ხელისუფლებას, არც ანტიკრიზისული ბიუჯეტი წარმოუდგენია. როცა საგანგებო ბიუჯეტი შემოვიდა საკანონმდებლო ორგანოში, ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობდით პროცესებში, მაგრამ ხელისუფლებამ ყურად არ იღო ჩვენი შენიშვნები, – აღნიშნავს გიორგი ცინცქილაძე.
ოპოზიციის ბოიკოტის შესახებ მედიისგან შეიტყო უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ უკეთესი იქნებოდა, ამის თაობაზე ინფორმაცია კოლეგებისგან მიეღო.
– სამწუხაროდ, როცა თავშეყრა აკრძალული იყო, მუდმივად გვესმოდა, რომ უნდა გვემუშავა. ახლა, როდესაც საგანგებო მდგომარეობის გაუქმების ეტაპზე ვართ და ეპიდსიტუაცია შედარებით უკეთესია, ოპოზიციონერი დეპუტატების სავარძლები სხდომათა დარბაზში ცარიელია. ეს მათი პოლიტიკური პოზიცია, ბრძოლის ფორმაა და ამ უფლებას ვერ წავართმევთ, თუმცა საქმისთვის ჯობდა, დღეს აქ ყოფილიყვნენ. რაც შეეხება ბოიკოტს, ჟურნალისტებისგან გავიგე და რატომ არ უნდა გამეგო ჩემი კოლეგებისგან, რომლებიც შენობაში ბრძანდებოდნენ? როგორც ჩანს, მათთვის მედიასაშუალებებით საუბარი უფრო კომფორტულია. ოპოზიციის ბოიკოტის ფორმალური მიზეზი თურმე ყოფილა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ამ დრომდე კენჭისყრაზე არ გაგვიტანია. მათი განცხადებები ღია კარის მტვრევაა. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს გავლილი აქვს სახალხო მოსმენები, განხილვები – კომიტეტებში. შესაძლებელია კანონპროექტის სხდომაზე გატანა. საბოლოო ჯამში, რა ფორმითაც უნდა მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები, ეს გამომდინარეობს სწორედ მათივე მოთხოვნიდან და პოზიციიდან. მე ხელთ მაქვს 2019 წლის 4 ივლისით დათარიღებული წერილი, სადაც ოპოზიცია მწერს: მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტის არჩევის პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილებები, მიგვაჩნია, რომ შესაბამისი ცვლილებები, ასევე, უნდა აისახოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაშიც. საქართველოს პარლამენტს, იცით, რომ ცვლილებები არ განუხორციელებია, ახლა მუშაობს ამ საკითხზე და შესაბამისად, სწორედ იმისთვის, რომ ოპოზიციის მოთხოვნა შესრულდეს, ბუნებრივია, ველოდებით, რა ტიპის გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი. სხვა შემთხვევაში, რა გადაწყვეტილებაც უნდა მივიღოთ, თუ აცდება პათოსში საქართველოს პარლამენტის და უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები, იქნება თუ არა ეს ოპოზიციის მოთხოვნისგან გადახვევა? დიახ, იქნება. მგონია, მე უფრო ვიცავ პირობას, ვიდრე ოპოზიციური პარტიები. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ ღია კარის მტვრევა. თუ ოპოზიციამ იცის, რომ აჭარა ავტონომიური რესპუბლიკაა და უნდა გვქონდეს განსხვავებული საარჩევნო სისტემა, ასეთი საარჩევნო სისტემა უკვე გვაქვს და მაშინ დავხუროთ თემა, თუმცა მე საკითხს არ ვხურავ, მინდა, რაღაც ფორმით, ისეთი ტიპის გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება. ამიტომ ველოდებით, რა ტიპის გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს პარლამენტი. ბუნებრივია, არ იქნება „კოპირება”, მაგრამ იმის გამო, რომ გვთხოვეს, გაგვეთვალისწინებინა პარლამენტის პრინციპები, ვართ გაჩერებულები. ჯერ ხომ არ ვიცით, რა იქნება საბოლოოდ. საზოგადოებისთვის მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო – საარჩევნო სისტემაზე საუბრისას უნდა ვიცოდეთ, შეიქმნება თუ არა ბლოკები, რა ტიპის ბარიერი იქნება – ბუნებრივი თუ ხელოვნური და სხვა. ეს საკითხები უნდა მოგვცეს საბოლოო ჯამში იმ ცვლილებებმა, რაც იგეგმება საქართველოს პარლამენტში. ამის შემდგომ, როცა უკვე გვექნება პასუხი, თუ როგორი საარჩევნო სისტემა იქნება, შესაძლებელია რეგიონშიც მივიღოთ გადაწყვეტილება. თუ ოპოზიციამ ამ წერილის შემდეგგ შეიცვალა გემოვნება და შეცვალა მოთხოვნა, უნდა გვითხრას, მაგრამ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ იხმაურონ. ვიხმაუროთ, არაა პრობლემა. თუ ეს მათი თვითმიზანია, ამ ხმაურში ჩვენც იძულებულები ვართ, ავყვეთ, – აცხადებს დავით გაბაიძე, რომელმაც ბლოკებთან დაკავშირებით განმარტებაც გააკეთა.
– თუ საქართველოს პარლამენტი დაუშვებს ბლოკებს და მაგალითად, „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი სიით იქნებიან წარმოდგენილები, აჭარაში ბლოკები რომ არ დავუშვათ, პარტიები ცალ-ცალკე სიაში იქნებიან, რაც ამომრჩეველს დააბნევს. ამაზე მეტად ღია, კომუნიკაბელური ვერ ვიქნები, ვაფრიალებ ფურცლებს და მაინც ყოველდღიურად ერთი და იგივე კითხვები გვესმის. ეტყობა, არგუმენტირებულად ვერ ვსაუბრობ, ან ოპოზიციას არ ესმის ჩემი, – გვითხრა დავით გაბაიძემ.
პასუხის პასუხი – ასე შეიძლება ვუწოდოთ უმაღლესი საბჭოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის გია აბულაძის განცხადებას.
– ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა იყო სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, რასაც დათანხმდა ხელისუფლება. თავის დროზე გაიმართა კონსულტაციები. „ქართული ოცნება“ მათსავე ინიცირებულ კანონპროექტზე ეუბნებოდა ამომრჩეველს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება და მიღწევა იქნებოდა ის, რომ 2020 წელს სრულად პროპორციული არჩევნები ჩატარდებოდა. ახლა „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს მინდა ვკითხო – მათთვის ქვეყნის განვითარება და წინსვლა აღარაა მნიშვნელოვანი, დღეს მხარს რომ არ უჭერენ მათსავე ხელმოწერილ დოკუმენტს? დღეს რას ეუბნებიან ამომრჩეველს, მოატყუეს თუ არა ისინი? დღევანდელ კრიზისულ სიტუაციაში დავინახეთ, რომ ხელისუფლებამ, რომელსაც საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, ბევრი შეცდომა დაუშვა. ეს გამოიხატება ლარის გაუფასურებით, 70 ათასზე მეტი მოშიმშილე ბავშვით, მილიონზე მეტი გაჭირვებული მოქალაქით. რეგიონში უამრავი პრობლემაა და ხელისუფლება ვერ იღებს გადაწყვეტილებებს. ეს ზუსტად ამ არასწორმა საარჩევნო სისტემამ გამოიწვია, რომელმაც საშუალება მისცა „ქართულ ოცნებას“, 50 პროცენტზე ნაკლები ნდობით, საკონსტიტუციო უმრავლესობით შესულიყვნენ პარლამენტში. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ მოსახლეობის 50 პროცენტზე ნაკლებმა დაუჭირა მხარი, თუმცა რეალურად ხელში უფრო მეტი ჩაიგდეს. ჩვენი და მოსახლეობის ამოცანაა, მივიღოთ ისეთი უმაღლესი საბჭო, ისეთი პარლამენტი, სადაც წარმოდგენილი იქნება ნებისმიერი პარტია იმ პროპორციით, როგორი მხარდაჭერაც ექნება არჩევნებზე. თუ ექნება 20 პროცენტი, ამაზე მეტით არ უნდა იყოს წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოში. თითოეული ამორჩევლის ხმას პატივი უნდა სცენ. უმაღლესი საბჭო და პარლამენტი უნდა მივიღოთ მრავალპარტიული, სადაც ერთ პარტიაზე არ იქნება გადაწყვეტილებები დამოკიდებული, – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გია აბულაძემ, რომელიც თვლის, რომ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები ყველაზე სამართლიანია დღევანდელი რეალობისთვის.
-სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა თითოეული ამომრჩევლის ხმას დაიცავს და საშუალებას მოგვცემს, არ მივიღოთ ერთპარტიული საკონსტიტუციო უმრავლესობა, – აცხადებს გია აბულაძე. რაც შეეხება ბლოკების საკითხზე დავით გაბაიძის განმარტებას, დეპუტატი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ურჩევს, ამ საკითხზე ნუ იღელვებს.
– მინდა ვურჩიო „ქართული ოცნების“ გუნდს, ჩაიხედონ აჭარის კონსტიტუციაში, სადაც წერია, რომ აჭარას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ჰქონდეს განსხვავებული საარჩევნო სისტემა. რაც შეეხება ამომრჩევლის დაბნევა-არდაბნევას, ამაზე ნუ შეწუხდებიან, ოპოზიციური პარტიების გადასაწყვეტია, როგორ დაელაპარაკებიან თავიანთ ამომრჩეველს, – აცხადებს გია აბულაძე.
უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის დეპუტატი ლადო მგალობლიშვილი ოპოზიციის ბოიკოტზე ამბობს, რომ ისინი დესტრუქციისთვის მიზეზებს ეძებენ.
– ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო ცვლილებები გავა როგორც საქართველოს პარლამენტში, ისე უმაღლეს საბჭოში. ვეცდებით, მათ არ მივცეთ სიტუაციის გამწვავების საშუალება, – გვითხრა ლადო მგალობლიშვილმა.
უმრავლესობის დეპუტატი დავით ბაციკაძე საარჩევნო სისტემის ირგვლივ ოპოზიციის განცხადებებს, დავით გაბაიძის მსგავსად, ღია კარის მტვრევას უწოდებს.
– ყველამ კარგად ვიცით, როგორც კი საქართველოს პარლამენტი გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩვენთანაც ინიცირებული იქნება, თითქმის იგივე პროპორციებით, საარჩევნო სისტემა. რაც შეეხება ანტიკრიზისულ გეგმას და ბიუჯეტს, მესმის მათი, ხელისუფლებაში ყოფნა სურთ, რომ თვითონ წარმართონ პროცესები. ისე, კარგად ვიცით, როგორ დადეს ანტიკრიზისული გეგმა 2008 წელს. ჩვენ ვართ ხელისუფლებაში და ჩვენი პასუხისმგებლობაა, რაც დღეს ხდება. მათ ვერ გადავაბარებთ პროცესების მართვას, – აცხადებს დავით ბაციკაძე.