საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი 23 მაისიდან მოიხსნება, ამიტომ, როგორც მთავრობის, ისე საზოგადოების პასუხისმგებლობა ორმაგდება
ნანა აბულაძე: 577 20 35 90 –
– ჩვენი ვალდებულებაა, რომ ქვეყანა ნელ-ნელა, რაციონალურად, მაგრამ ფრთხილად დაუბრუნდეს ცხოვრების ნორმალურ რიტმს ეკონომიკური და სოციალური მიმართულებებით, ასევე ჩვენი კულტურული ცხოვრებით. ამიტომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება – აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და ასევე, კომენდანტის საათი, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი გახარიას განმარტებით, აღნიშნული შეზღუდვების მოხსნა იმას არ ნიშნავს, რომ ვირუსი გაქრა, ამიტომ როგორც მთავრობის, ისე საზოგადოების პასუხისმგებლობა ორმაგდება. შესაბამისად, სოციალური დისტანციის, პირბადეების ტარების და სხვა მოთხოვნები, რომლებსაც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები გვკარნახობენ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.
მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ 23 მაისიდან ღამის საათებში სახლიდან გასვლის, გარეთ ყოფნის და გადაადგილების უფლება გვაქვს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ზოგიერთი შეზღუდვის გაგრძელება ან დაწყება საგანგებო მდგომარეობის მოხსნის მიუხედავად, მაინც მოხდება, თუმცა კონკრეტულად რა შეზღუდვების გატარების უფლება ექნება მთავრობას, ამაზე მოგვიანებით, მას შემდეგ გვექნება ინფორმაცია, როცა პარლამენტი შესაბამის კანონს მიიღებს.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს, ხოლო კომენდანტის საათი 31 მარტს გამოცხადდა.