რატი აბულაძე: თუ საერთაშორისო ვაჭრობა არ იქნება, გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება როგორც ბიზნესსექტორი, ისე მოსახლეობა და მთავრობა
ირმა ცეცხლაძე: 577 20 45 63 –
დღესდღეობით ახალი კორონავირუსი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია და სოციალურ მედიაში პოპულარული გამოცემები აქტიურად წერენ იმ პრობლემებზე, რომლებიც პანდემიამ უკვე შეუქმნა და მომავალშიც შეუქმნის მსოფლიოს ეკონომიკას. ჯერ კიდევ 9 მარტის მონაცემებით, აშშ-ში აქციების ფასი 7.5 პროცენტით დაეცა, რაც უოლ სტრიტზე 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ არ ყოფილა. ნავთობის ფასებზე არსებულმა სრულმა ომმა შეარყია ფინანსური ბაზრები, რამაც, შესაძლოა ქვეყნების უმრავლესობა ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანოს.
საიდუმლოს არც ის წარმოადგენს, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიისგან საქართველოს ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორი დაზარალდა და ამ კუთხით გამონაკლისი არც საგარეო ვაჭრობაა. თუ რა ზიანი მიადგა ქვეყანას პანდემიის პირობებში და რა პროგნოზები არსებობს სამომავლოდ, ამაზე საუბრობს „აჭარასთან“ ეკონომიკის დოქტორი რატი აბულაძე.
– ბატონო რატი, მოკლედ მიმოვიხილოთ არსებული სტატისტიკური მონაცემები და დავაკონკრეტოთ, რატომ იკლო საგარეო ვაჭრობამ?
– მე შემიძლია გითხრათ ის, რა ინფორმაციასაც ვფლობ ამ ეტაპზე. კერძოდ, კორონავირუსის აფეთქებამ რამხელა ზიანი მიაყენა ქართულ ეკონომიკას. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი“) განცხადებაში ასახული ციფრებით თუ ვიმსჯელებთ, 2020 წლის პირველ ოთხ თვეში საგარეო სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11,8%–ით შემცირდა და 3,5 მლრდ დოლარი შეადგინა. ექსპორტი 11,9%-ით შემცირდა 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით. იანვარ-აპრილში, ქვეყნის ფარგლებს გარეთ ერთ მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გავიდა.
ასევე, წლის დასაწყისიდან იმპორტმა დაახლოებით 2,5 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 11,8%–ით ნაკლებია 2019 წლის იანვარ-აპრილის პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი მითითებულ პერიოდში დაახლოებით 1,5 მლრდ დოლარი იყო, რაც მთელი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42,2%-ს შეადგენს.
ყველამ ვიცით, რომ საგარეო ვაჭრობის კლების მიზეზი გახდა ეპიდსიტუაციით გამოწვეული საყოველთაო კარანტინი, მსოფლიო მასშტაბით გამოცხადებული შეზღუდვები, დაბრკოლებები გადაზიდვებში და გადახდისუნარიანობის ვარდნა. ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო დაზარალდა ლოჯისტიკა, მკვეთრად დაეცა მოთხოვნა, წარმოება, შეჩერდა საინვესტიციო აქტივობა, შენელდა საერთაშორისო ვაჭრობის ტემპი, დაბრკოლება შეიქმნა მოქალაქეთა გადაადგილებისა და სამომხმარებლო აქტივობის თვალსაზრისით.
– იმ ფონზე, როდესაც მოსახლეობა ვერ გადის უცხოეთში და საკვების გარდა არ იძენს სხვა ნივთებს, თუკი ადგილობრივი ბაზრით დავაკმაყოფილებთ ამ მოთხოვნებს, რატომ დაარტყამს საგარეო ვაჭრობის შემცირება ჩვენს ეკონომიკას?
– მართალი ხართ, როდესაც კრიზისი იწყება, მოსახლეობა, ძირითადად, იძენს აუცილებელს – საკვებს, წყალს და სამედიცინო პროდუქტებს. სხვა პროდუქციის გამოყენება მკვეთრად მცირდება. თავისთავად იკლებს ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, ელექტროტექნიკით, ავეჯითა და ავტომობილებით ვაჭრობაც. პრინციპში, ისიც სათქმელია, რომ საქართველოში მოსახლეობის ძირითადი ნაწილის შემოსავალი მხოლოდ საკვები პროდუქტების, კომუნალური მომსახურებისა და საბანკო გადასახადებისთვის არის საკმარისი. შექმნილ ვითარებაში მოსახლეობის გადახდისუნარიანობის ამაღლებისა და ეკონომიკის გაძლიერებისთვის, მთავრობამ შეძლო საბანკო სესხების გადავადება და კომუნალურების გადახდა მოსახლეობის შეჭირვებული ფენისთვის, რითაც ერთგვარად დაარეგულირა არსებული ვითარება, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ საგარეო ვაჭრობის შემცირება პრაქტიკულად, ყველა სეგმენტს ეხება. საერთაშორისო სავაჭრო ნაკადების ვარდნა ეკონომიკური აქტივობის ვარდნას გამოიწვევს. თუ საერთაშორისო ვაჭრობა არ იქნება, გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება როგორც ბიზნესსექტორი, ისე მოსახლეობა და მთავრობა.
– მაინც რა საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით?
– თუ ბიზნესსექტორი პროდუქციის გაყიდვას ვერ შეძლებს, იგი იძულებული გახდება შეამციროს წარმოება და გაათავისუფლოს თანამშრომლები. ვაჭრობის ვარდნის გამო კომპანია ვერ შეძლებს გადასახადების გადახდას და ბიუჯეტში თანხები ვერ შევა.ელემენატლურად, ექსპორტის შემცირების გამო ქვეყანაში უცხოური ვალუტა ვერ შემოვა, ეს კი სავალუტო სექტორს დაარტყამს, რაც, თავისთავად იმოქმედებს ლარის კურსზე, ბიზნესსექტორი კი უკვე ვეღარ გამოიყენებს საბანკო-საკრედიტო პროდუქტებს, რაც შესაბამისად უარყოფითად აისახება ფინანსურ სექტორზე.
– საინტერესოა, რა გაგვაქვს ექსპორტზე, რითი ვაჭრობს საქართველო?
– თქვენ წარმოიდგინეთ, საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ — სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, სამკურნალო საშუალებები, მინერალური წყლები, დამუშავებული ან ნახევრად დამუშავებული ოქრო, თხილი და სხვ. აღსანიშნავია ისიც, რომ იანვარ-აპრილში მხოლოდ ოქროს – 31,1%-ით და სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების 10,4%-ით ექსპორტი გაიზარდა. ამავე დროს, 2020 წლის დასაწყისიდან შემცირდა ექსპორტი მსუბუქი ავტომობილების 12,4%–ით, ფეროშენადნობების 21,7%-ით, ნატურალური ყურძნის ღვინის – 12,5%-ით, აზოტოვანი სასუქების – 16,5%-ით, მინერალური და მტკნარი წყლების – 8,7%–ით და ა.შ.
– რა შემოგვაქვს?
– საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ.
აღნიშნულ პერიოდში სატვირთო ავტომობილების იმპორტი გაიზარდა 19,7%-ით, ელექტროენერგიის – 12,9%–ით, ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების — 1%-ით. ამავდროულად, შემცირდა მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 23,4%-ით, სამკურნალო საშუალებების — 8,1%-ით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების — 19%-ით და სხვ.
– ვისთან ვაჭრობს საქართველო?
– საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები 2020 წლის დასაწყისიდან არიან თურქეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი. ამ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვამ იანვარ–აპრილში 1,2 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 35,6%-ია. თურქეთთან სავაჭრო ბრუნვამ მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში 469,3 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 13,5%-ია. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 11,6%-ით გაიზარდა. თურქეთში 2020 წლის დასაწყისიდან გავიდა 13,3 ათას ტონაზე მეტი ფეროშენადნობი, 383,8 ათასი ტონა ტრიკოტაჟის ნაწარმი, დაახლოებით 13,9 ათასი ტონა ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისგან და სხვ. თურქეთიდან ამავე პერიოდში შემოვიდა 18,9 ათასი ტონა შავი ლითონის მილები და პროფილები, 219,4 ტონა სამედიცინო პრეპარატი, დაახლოებით 12,9 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტი და ა.შ.
– რუსეთთან კიდევ გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები?
– რაც უნდა გაგიკვირდეთ, პარტნიორებს შორის რუსეთი მეორე ადგილზეა. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის დასაწყისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირდა 11,4%-ით და შეადგინა 395,7 მილიონ დოლარზე მეტი, ამან დაიკავა საქართველოს მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 11,4%.
– რა გადის საქართველოდან რუსეთში?
– წლის დასაწყისიდან რუსეთის ფედერაციაში ექსპორტირებულია დაახლოებით 10,9 ათასი ტონა ფეროშენადნობი, 37,9 ათას ტონაზე მეტი ნატურალური ყურძნის ღვინო, 27,3 ათას ტონაზე მეტი მინერალური და სასმელი წყალი, დაახლოებით 2,1 ათასი ტონა სპირტიანი სასმელი და ა.შ.
–რას ვიღებთ მათგან?
– რუსეთი რჩება საწვავის ყველაზე მსხვილ მომწოდებლად. წლის დასაწყისიდან რუსეთიდან შემოტანილია ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რომელთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 96,4 ათას ტონას აჭარბებს. რუსეთიდან ასევე შემოიტანეს 125 ათას ტონაზე მეტი ხორბალი, 67,6 ათას ტონაზე მეტი ნავთობის აირები, დაახლოებით 13,5 ათასი ტონა მზესუმზირის ზეთი, დაახლოებით 9,3 მილიონი დოლარის ელექტროენერგია და ა.შ.
– აზერბაიჯანი პარტნიორებს შორის მესამე ადგილზეა?
– დიახ, 2020 წლის დასაწყისიდან საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვამ 367 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 10,6%–ია. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1%–ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან აზერბაიჯანში ექსპორტირებულია 8 186 მსუბუქი ავტომობილი, დაახლოებით 24 ათასი ტონა აზოტის სასუქი, 146,9 ტონა სამკურნალო საშუალებები, 201,2 ტონა სიგარა, სიგარილი და სიგარეტი და ა.შ. აზერბაიჯანიდან შემოტანილია დაახლოებით 803 ათასი ტონა ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, დაახლოებით 41,9 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, დაახლოებით 21,3 მლნ დოლარის ელექტროენერგია, 2,3 ათას ტონაზე მეტი სპილენძის მადნები და კონცენტრატები და ა.შ.
– კიდევ რომელ ქვეყნებთან ვაჭრობს საქართველო?
– საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის: ჩინეთი ( 346,1 მილიონ დოლარზე მეტი), აშშ (162,7 მილიონ დოლარზე მეტი), უკრაინა ( 174 მილიონ დოლარზე მეტი), სომხეთი (დაახლოებით 161,4 მილიონი დოლარი), გერმანია ( დაახლოებით 140 მილიონი დოლარი), ბულგარეთი ( 145,5 მილიონ დოლარზე მეტი), იტალია ( დაახლოებით 65,8 მლნ დოლარი).
– რას უნდა ველოდოთ მომავალში?
– საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ გლობალური სავაჭრო კრახის შედეგად 2020 წელს ვაჭრობის შემცირება 9%–32% დიაპაზონში იქნება. ასევე, ძალიან საყურადღებოა, ვაჭრობის მასშტაბების ვარდნა რეგიონალურ დონეზე. კვლევის შედეგად, ევროკავშირის 27 ქვეყნიდან ექსპორტის შემცირება 285 მლრდ ევროს, იმპორტის ვარდნა კი 245 მლრდ ევროს გადააჭარბებს.
–ახალი კორონავირუსის პანდემია ხომ თითქმის შეჩერებულია?
– ამის მიუხედავად, საერთაშორისო ვაჭრობაში ვარდნა და წინააღმდეგობები მხოლოდ დასაწყისია.
– რამდენად საკმარისია ანტიკირიზისული გეგმა, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა?
-ამ გეგმის თანახმად, ხელისუფლება ფინანსურ დახმარებას აღმოუჩენს უმუშევრებს, სოციალურად დაუცველებს, შშმ პირებს, თვითდასაქმებულებსა და მრავალშვილიან ოჯახებს. ცალკე გეგმა შემუშვებულია ბიზნესის დახმარებისთვის, რომელსაც მთავრობა განსაკუთრებულ საგადასახადო და სასესხო შეღავათებს სთავაზობს. ამასთან, ძირითადი აქცენტი ადგილობრივი წარმოების გაფართოებასა და პროფილის შეცვლაზე გაკეთდება. საქართველოს ეკონომიკაზე ახალი კორონავირუსის უარყოფითი ზეგავლენის შემცირებისთვის ქვეყანამ საერთაშორისო პარტნიორებისგან დახმარების სახით 3 მლრდ დოლარი მიიღო. ცხადია, არიან უკმაყოფილოებიც, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენი ბიუჯეტი ვერ გაწვდება დამატებით ხარჯებს. მთავარია, რომ ეკონომიკა გამოვიდეს კრიზისიდან, შემდეგ ყველაფერი ამოძრავდება.
– ანალოგიური კრიზისი იყო თუ არა დაფიქსირებული სხვა წლებშიც და რა მოიმოქმედეს მოწინავე სახელმწიფოებმა მაშინ?
– 2008-2009 წლებში ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გამოცადეს ყველაზე მძაფრი ეკონომიკური კრიზისი 1930-იანი წლების დიდი დეპრესიის შემდეგ. წარსულ გამოცდილებებზე დაკვირვებით, ეკონომიკური კრიზისი წარმოშობს მწვავე პრობლემებს ადამიანის უფლებების დაცვასა და აღსრულებაში. თავს იჩენს ისეთი მწვავე საკითხები, როგორებიცაა: გაზრდილი უმუშევრობის დონე, შემცირებული სახელმწიფო ხარჯები და ასევე ქსენოფობია და რასიზმი. ეკონომიკური კრიზისის დროს მოწყვლად ჯგუფებად მიიჩნევიან ბავშვები, მოზარდები, მოხუცები, მიგრანტები და ეთნიკური უმცირესობები.
გაზრდილი უმუშევრობის პირობებში, ევროკავშირის სახელმწიფოებმა კრიზისის წინააღმდეგ სხვადასხვა კონტრზომები განახორციელეს. მაგალითისთვის, გაერთიანებულმა სამეფომ პოსტკრიზისული პერიოდის ფონზე შექმნა პროგრამა, რომელიც 18-24 წლის ახალგაზრდებს, რომლებიც უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში უმუშევრები იყვნენ, სამსახურს სთავაზობდა. ლიტვაში ლიტვის შრომითი ბირჟის ახალი პროექტი, რომელსაც მხარს უჭერდა ევროპული სოციალური ფონდი „იყავი აქტიური შრომის ბაზარზე“, დამსაქმებლებს სთავაზობდა მწირი გამოცდილების მქონე დასაქმებულთა ხელფასების 50%-იან სუბსიდირებას. მსგავსი შინაარსის ღონისძიებები განახორციელეს სხვა ქვეყნებმაც, როგორებიცაა ესპანეთი, საფრანგეთი და სხვა.
ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ ეკონომიკური კრიზისის პირობებში სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს თანასწორობის პრინციპი, არ შეზღუდოს ადამიანის უფლებები და ასეთის არსებობის შემთხვევაში ყოველი შეზღუდვა განპირობებული უნდა იყოს მწვავე სოციალური საჭიროებით.